თუ ფიქრობთ, რომ უბრალოდ ალბომის ციფრულად ჩაშვება ამ პრობლემას მოაგვარებდა, შეგახსენებთ, რომ ონლაინ აუდიო ფაილების შენახვასაც სჭირდება ენერგია, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიაზე უარყოფითად ზემოქმედებს. მართალია, მუსიკის მოხმარება ბოლო დროს სულ უფრო ციფრული ხდება, რაზეც ჩამოტვირთვებისა თუ სტრიმინგების მატებაც მოწმობს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამის პარალელურად, არც ე. წ. ფიზიკური მუსიკა კარგავს პოპულარობას.
ბილი აილიში ცდილობს, ეს უკანასკნელი მეტად ეკომეგობრული გახადოს, ამიტომ დაგვპირდა, რომ ახალ Hit Me Hard and Soft-ის ალბომს მდგრადი სახით გამოუშვებდა. ამგვარად, უკვე ვინილის 8 ვარიანტს სთავაზობს მსმენელს — სტანდარტული შავი ვერსია გადამუშავებადი შავი ვინილისგან არის დამზადებული, ფერადი ვარიანტები კი ე. წ. ეკო ვინილისგან, რომელიც სხვა ვინილების ან ბიოვინილების ნარჩენებს შეიცავს. ფირფიტების შეფუთვაც გადამუშავებადი ქაღალდისგანაა დამზადებული, რომელიც მცენარეებსა და წყალზე დაფუძნებული მასალებისგან შეიქმნა. პოსტერებიც გადამუშავებადი მასალებისგან მზადდება და მიტანის შემთხვევაშიც ყუთები 100%-ით ბიოდეგრადირებადია.
ბილი აილიშისთვის უბრალოდ გაყიდვებისთვის ალბომების გამოშვება დროისა და რესურსების ფლანგვად ითარგმნება, მიაჩნია, რომ ამ დროს გარემოზე გავლენის ფაქტორიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა მუსიკოსმა — „ჩემთვის გამაღიზიანებელია, რომ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, როცა მთავარი საზრუნავი ციფრები და ფულის გამომუშავებაა“.
სტრიმინგის ეკოლოგიური ხარჯების შესახებ უკვე კვლევებიც არსებობს, რომელთა თანახმადაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ შემთხვევებში მუსიკის ფიზიკურად მოსმენით უფრო ნაკლებ ზიანს ვაყენებთ გარემოს, ვიდრე ონლაინ სივრცეში მისი მოხმარებით. ხოლო, თუ ალბომს არ იყიდით, მუსიკოსსაც მოუწევს გაყიდვების გაზრდის მიზნით კვლავ ონლაინ სივრცეში მიმართოს რეკლამირებას… ამგვარად, არჩევანი თქვენზეა.