მეცნიერები JAMA-ს კვლევას გვაცნობენ, რომლის თანახმადაც 2 წლამდე ბავშვებისთვის ტელევიზორის ეკრანთან გატარებული დრო, რამდენიც არ უნდა იყოს ის, სენსორულ დარღვევებს, მათ შორის აუტისტურ სპექტრს, უკავშირდება… უფრო კონკრეტულად, ბავშვები, რომლებიც ტელევიზორს ან DVD-ს 12 თვის ასაკში უყურებდნენ, განსხვავებულად ამუშავებდნენ სენსორულ მონაცემებს იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც დრო ეკრანთან არ გაუტარებიათ. 18 თვის შემდეგ კი ეკრანთან გატარებული ყოველი დამატებითი საათი ამ სხვაობის 20%-ით გაზრდას უკავშირდებოდა.
კვლევა 1500 მშობელსა და ძიძას აერთიანებდა, რომლებმაც მეცნიერებს გაუზიარეს, მაგალითად, როგორ რეაგირებენ ბავშვები სინათლეზე, ხმაურზე, სხვადასხვა ტექსტურაზე… ტელევიზორისა და DVD-ის ყურებაზე კი იმიტომ იყო აქცენტი, რომ მონაცემები 10 წლის წინ შეაგროვეს მანამ, სანამ iPhone-ები და iPad-ები მოხვდებოდა ბავშვების ხელში. ეს ფაქტი კი შედეგებს კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბავშვებს უფრო მეტი ვარიანტი აქვთ ეკრანთან დროის გასატარებლად.
მართალია, American Academy of Pediatrics-იც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ბავშვებმა დრო ეკრანთან არ გაატარონ, მაგრამ რეალურად ამას ძალიან ცოტა მშობელი თუ ითვალისწინებს — 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების მხოლოდ მეოთხედი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რამდენ დროს გაატარებენ ბავშვები ეკრანთან, 2 წლამდე ბავშვების 75% უკვე უყურებს ეკრანებს, 2-5 წლამდე ბავშვების 64%-ში კი რეკომენდაციები სრულად დარღვეულია.
პანდემიამ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა — 5 წლამდე ბავშვები ეკრანთან დროს 2.65 საათით მეტხანს ატარებდნენ. თუმცა აქ მშობლებსაც ვერ გავაკრიტიკებთ, რადგან რთულია სახლიდან მუშაობისა და შვილებზე ზრუნვის დაბალანსება…
„გასაგებია, რომ ყოველთვის ეკრანთან დროის გატარების კონტროლი რთულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და ვთავაზობთ ოჯახებს პატარა ბავშვებთან პირდაპირ კომუნიკაციას, თვალებით კონტაქტსა და ასე ემოციების ჩვენებას, იქნება ეს სიცილი თუ სხვა. ბავშვებისთვის რაღაცების წაკითხვა და ღია კითხვების დასმაც ძალიან გამოგადგებათ“, — ამბობს სარა სიდიქუი, NYU Langone Huntington Medical Group-დან.
საინტერესოა JAMA-ს 2023 წლის კვლევაც, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც დღეში საშუალოდ 2 საათს ატარებდნენ ეკრანთან, 9 წლის ასაკში მაღალი დონის კოგნიტიურ უნარებს ნაკლებად კარგად ასრულებდნენ. საუბარია იმ უნარებზე, რომლებიც აუცილებელია თვითრეგულირებისთვის, მენტალური ჯანმრთელობისთვის, სწავლისა და აკადემიური მიღწევებისთვის. ამგვარად, როცა საქმე ბავშვის ტვინის განვითარებას ეხება, უმჯობესია, ეკრანთან გატარებული დრო მინიმუმამდე დაიყვანოთ…