in

როგორ ვაკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო

M2
M2

აგვისტო ის პერიოდია, როცა უმრავლესობა შვებულებაში გადის და სხვადასხვა ადგილას მოგზაურობისას ნაკლებ დროს ვხარჯავთ ეკრანთან ურთიერთობაზე. მნიშვნელობა არ აქვს, შემთხვევით გათიშეთ თუ შეგნებულად ცდილობდით გაჯეტებისგან დასვენებას, როგორც წესი, ამ დროს თავს უფრო მშვიდად ვგრძნობთ და ფოკუსირებულნი ვართ დასვენებაზე.

თუმცა, როგორც კი შვებულება სრულდება და ჩვეულ რუტინას ვუბრუნდებით, ძირითადად, ეს ხდება სექტემბერში, ისევ დიდი დოზით ვიწყებთ გაჯეტებთან ურთიერთობას და ეკრანზე დამოკიდებულნი ვხდებით.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეზღუდოთ ეკრანთან გატარებული დრო.

დააწესეთ მკაფიო საზღვრები

მკაფიო საზღვრების დადგენა არის პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიასთან ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. დაუწესეთ თქვენს თავს კონკრეტული დრო და შეზღუდვები, თუ როდის და რამდენი ხნით უნდა გამოიყენოთ ეკრანი.

როგორც სხვადასხვა „რჩევებში” ვკითხულობთ, გავრცელებული და კარგი მეთოდია ძილის წინ ტელეფონის სხვა ოთახში დატოვება, რათა ღამით არ შევყვეთ სქროლვას ან თამაშს. ასევე, შეტყობინების დაყენება დღის განმავლობაში, რომელიც შეგვახსენებს, რომ ეკრანთან ყოფნის დრო ამოიწურა.

თავისუფალი ზონები

ერთი შეხედვით, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებული რჩევების მიხედვით, სასარგებლოა სახლის ან სამუშაო სივრცის თავისუფალი ზონების ამორჩევა, სადაც ეკრანით სარგებლობა აკრძალულია. ამ სივრცეების რელაქსაციასთან ან კრეატიულობასთან და არა ციფრულ ხელსაწყოებთან ურთიერთობასთან ასოცირებით, თქვენ შეძლებთ, სწორად გაანაწილოთ დრო.

სოციალური მედია

როგორც ზოგადად გაჯეტთან ურთიერთობას, ისე სოციალურ მედიასაც სჭირდება დროითი საზღვრების დაწესება. ამისთვის თურმე სპეციალური აპლიკაციებიც კი არსებობს, რომლებიც გვეხმარება სოცქსელში გატარებული დროის მენეჯმენტში.

დააპრიორიტეტეთ რეალური ურთიერთობები

ზაფხულის ერთ-ერთი ხიბლი ისიც არის, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან მეტი დროის გატარება შეგვიძლია. თუმცა ბევრისთვის ეს ურთიერთობები ზაფხულთან ერთად სრულდება და ონლაინრეჟიმზე გადადის. 

სასურველია, დააპრიორიტეტოთ რეალური ურთიერთობები და დაგეგმოთ ვახშამი ოჯახთან ერთად, ყავის დალევა მეგობართან ერთად და სხვა აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ, მთლიანად ინტერნეტზე არ იყოთ დამოკიდებული.

იდეებზე მუშაობა ფიზიკურად

ჩართეთ თქვენს რუტინაში მეტი კრეატივი. დღესდღეობით იდეებზე მუშაობაც ციფრულ ხელსაწყოებთან ურთიერთობას უდრის, თუმცა ეს თქვენზეა დამოკიდებული – შეგიძლიათ, ჩანახატები გააკეთოთ ფურცელზე, ბრეინშტორმინგის დროს გამოიყენოთ დაფა ან ჰობიდ იქციოთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: თიხაზე მუშაობა, ქარგვა და სხვა. 

ფიზიკური შემოქმედებითი პროცესი ჩვენს ტვინს მეტ მუშაობას აიძულებს და მის სხვადასხვა უბანს ააქტიურებს.

პომოდოროს ტექნიკა

ფრანჩესკო ცირილოს მიერ შემუშავებული დროის მენეჯმენტის მეთოდი, პომოდოროს ტექნიკა, უკვე დიდი ხანია, რაც აღიარებული მეთოდია სამუშაო პროცესში. ძირითადი პირობა მარტივია: იმუშავეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ 5 წუთი.

ეს მეთოდი არა მხოლოდ მუშაობის დროს, არამედ ეკრანებთან ურთიერთობის გასაკონტროლებლადაც დაგეხმარებათ.

როგორ გვესმის სიტყვა „პროდუქტიულობა”

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნამდვილი პროდუქტიულობა არ არის ეკრანის წინ გატარებული საათების რაოდენობა, არამედ ეს არის წარმოებული სამუშაოს ხარისხი. 

ეკრანისგან შორს გატარებული დრო, იქნება ეს: ბუნებაში გასეირნება, მეგობართან საუბარი თუ უბრალოდ, მშვიდად ჯდომა და ფიქრი, შეიძლება წარმოუდგენლად პროდუქტიული იყოს იდეების გენერირებისა და შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით.

თიბისის მხარდაჭერით, TEDxTbilisi Youth ბრუნდება

ყველანი ბავშვობაში – მინისოს ახალი კამპანია