ეს იმას ნიშნავს, რომ 4-დან 3 ჩვენგანი ექსტრემალური ამინდის პირობების წინაშე აღმოჩნდება და ამას სულ რაღაც 20 წელი დასჭირდება… International Climate Research-ის (CICERO) თანახმად, „საუკეთესო შემთხვევაში სწრაფი ცვლილებები 1.5 მილიარდ ადამიანზე აისახება“. უფრო დაბალი მაჩვენებლები კი, რაღა თქმა უნდა, სათბურის აირების დრამატულ შემცირებაზეა დამოკიდებული…
და თუ არაფერს გავაკეთებთ, ზუსტად ის მოხდება, რასაც CICERO-ს მეცნიერების მიერ შექმნილი მოდელირება გვთავაზობს — არსებული ტემპით საშიში ცვლილებები დედამიწის მოსახლეობის 70%-ზე აისახება. თუმცა ზოგიერთი რამ უკვე გარდაუვალია!
„ერთადერთი გამოსავალი სავარაუდო უპრეცედენტოდ ექსტრემალური მოვლენებისთვის მომზადებაა, რომლებიც მომდევნო ერთ ან ორ ათწლეულში მოხდება“, — განმარტავს ბიორნ სამსეტი, ფიზიკოსი.
სამწუხაროდ, უკვე არაერთი ექსტრემალური მოვლენის მაგალითიც გვაქვს. ევროპის კლიმატური სერვისის Copernicus-ის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ახლახან დედამიწას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცხელი ზაფხული ჰქონდა, წინა რეკორდი კი გასულ წელს იყო… რაც შეეხება სამხრეთ ნახევარსფეროს, აქ უკვე რეკორდულად თბილ ზამთარს ვხვდებით.
გლობალური ტემპერატურის მატება ფატალურ ხანძრებში, წყალდიდობებში, შტორმებსა და გვალვებში გადაიზარდა, რითაც მოსავალიც ნადგურდება და შიმშილობის პრობლემაც მასშტაბური ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ, მრავალი დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებზე. დროთა განმავლობაში კი სიტუაცია უფრო და უფრო გაუარესდება.
„საზოგადოება მოწყვლადია ექსტრემალური ცვლილებების მიმართ… სითბური ტალღები ადამიანებისა და საქონლის სიკვდილს მოიტანს, ეკოსისტემებს დააზარალებს, სოფლის მეურნეობის მოსავლიანობას შეამცირებს, ელექტროსადგურების გაგრილების პრობლემაც დადგება და ტრანსპორტირებაც შეფერხდება“, — აცხადებენ მკვლევრები.
ამჟამინდელი მაღალი ემისიების მაჩვენებლებით კი ტროპიკულ და სუბტროპიკულ მხარეში ბევრ ადამიანს მოუწევს საკმაოდ მწვავე ამინდთან გამკლავება. ამგვარად, როგორც მინიმუმ, მეცნიერებს ჰაერის დაბინძურების პრობლემის შემსუბუქება მიაჩნიათ გადაუდებლად — „მიღებული დასკვნები ხაზს უსვამს პოტენციურად უპრეცედენტო ცვლილებებთან ადაპტაციისა და მათი შერბილების აუცილებლობას მომდევნო 20 წლის განმავლობაში, თუნდაც დაბალი ემისიების პირობებში“.
და თუ გაინტერესებთ, რა ელის თქვენს საცხოვრებელ ადგილს, ამის ნახვას ინტერაქტიულ რუკაზე შეძლებთ…