ზოგჯერ ყველაფერი, რასაც მეწარმისა და ბიზნესის წარმატება მოჰყვება, სწორ ადამიანთან დაკავშირებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ შეგვიძლია რჩევებისა და ხრიკების გათვალისწინება, რომლებიც ელ.წერილს უფრო დამაჯერებელს გახდის; ამავდროულად, გაზრდის პასუხის დაბრუნების ალბათობას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრები ტოდ როჯერსის და ჯესიკა ლასკი-ფინკი თავიანთ ახალ წიგნში Writing for Busy Readers ერთ მარტივ რჩევას გვიზიარებენ: „წერილი მოკლე უნდა იყოს“. ამ დასკვნის მისაღებად მათ კვლევა ჩაატარეს — სკოლის საბჭოს 7000 წევრს ორიდან ერთ-ერთი ელ.წერილი გაუგზავნეს: ერთი ვერსია 127-სიტყვიანი იყო, მეორე კი — მხოლოდ 49-სიტყვიანი.
როგორც აღმოჩნდა, უფრო მცირე ზომის მეილმა გაცილებით მეტი ჩართულობა დაიმსახურა. უფრო კონკრეტულად, მის შემთხვევაში პასუხის მაჩვენებელი 4.8% იყო, ხოლო მეორის — 2.7%. „ვფიქრობთ, ზოგიერთმა მკითხველმა უბრალოდ თვალი გადაავლო გრძელ წერილს და მიხვდა, რომ მის წასაკითხად დრო არ ჰქონდა. ზოგიერთმა შეიძლება ბოლომდე არც წაიკითხა და მთავარი მოთხოვნაც გამორჩა“, — განმარტავენ ავტორები.
ამის გათვალისწინებით, რაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს მეილის წაკითხვა, მით ნაკლებია შანსი, რომ ადრესატი ან სრულად წაიკითხავს, ან სრულყოფილად აღიქვამს მოთხოვნად.
გამოიყენეთ ლაკონიურობა
დაწერეთ მოკლე წერილები. შესაძლოა, მე-9 კლასში მეტად ფასობდა დიდი თემები, მაგრამ პროფესიულ სამყაროში ყველაფერი სხვაგვარადაა — ლაკონიურობას ყველაზე მეტად აფასებენ. რეალურად, ლაკონიურობა მეტ დისციპლინას და უნარს მოითხოვს, რადგან მცირე ტექსტში უნდა ჩაატიოთ ვრცელი სათქმელი.
„დაკავებული ადამიანები უფრო მეტად შეძლებენ მცირე დროის გამოყოფას კარგად სტრუქტუირებული შეტყობინებების წასაკითხად. თუ წერილში ბევრს ისაუბრებთ, არავინ წაიკითხავს მას და ეცდება, სიტყვებს ან წინადადებებს გადაახტეს — ასე კი შეიძლება მთავარი აზრიც ჩაიკარგოს“, — ამტკიცებენ მკვლევრები.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ისეთი ელექტრონული წერილის გაგზავნა გენდომებათ, რომელსაც ნამდვილად წაიკითხავენ, მაქსიმალური ლაკონიურობა აიღეთ ორიენტირად.