2
May
2018

როგორ იქმნება ტრენდი გრაფიკულ დიზაინში? – ელდარ ხალიბაურის #აზრები

2 May 2018

M2
M2


შემოქმედებით ინდუსტრიაში ტრენდს რომ თვითონ ამავე სფეროში მოღვაწე ადამიანები ქმნიან, სრულიად ბუნებრივია. ეს შეიძლება იყოს წინა წელს არსებული პოპულარული მიმდინარეობების ახალი ინტერპრეტაცია, სრულიად სხვა სტილი, რომელიც სწრაფად პოპულარულდება და იკავებს თავის ადგილს, ან სულაც, წარსულიდან განახლებული ან გადმოტანილი სახეშეცვლილი ვიზუალური ვარიანტი. ილუსტრატორებიდან ჩემ ფავორიტ ორ მაგალითს მოვიყვან:

DKNG Studios, ორი დიზაინერის Dan Kuhlken და Nathan Goldman-ის მიერ კალიფორნიაში ჩამოყალიბებული და განვითარებული ძალიან წარმატებული სააგენტოა, მათი ნამუშევრები, ილუსტრაციები და პოსტერები ინსპირირებულია რეტრო სტილისტიკით, მათი კლიენტების დიდი ნაწილი ხშირად მუსიკისა და ფილმის ინდუსტრიებიდან არიან, DKNG მაგალითია რეტრო სტილის თანამედროვე ეპოქაში „გატრენდებისა“, რაც მათ ნამუშევრებში სწორად და გემოვნებით შერჩეული ფერებისა და ტექსტურების შეხამებითაა მიღწეული.

მათ ეს ნიშა, 2005-2006 წლებიდან დღემდე, დიდი ხანია, მყარად აქვთ დაკავებული, მათი სტილი კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს პოპულარობას, განვითარდება და შეიძლება სხვა ტრენდებსაც უკარნახოს მომავალში.

იტალიელი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი Andrea De Santis გამორჩეულია თავისი კონცეპტუალური ილუსტრაციებით, რომელიც თამამად შეიძლება გასული წლის ტრენდად ჩაითვალოს და უფრო მეტიც, ამ წელსაც საკამოდ პოპულარულია და მიმართულებას ძალიან ბევრი პროფესიონალი არტისტი იზიარებს. Andrea ძირითადად მუშაობს ე.წ Editorial (ქართულად ალბათ სარედაქციო) ილუსტრაციებზე, ძირითადად თავის ნამუშევრებში იყენებს ფერების ვიწრო შეზღუდულ პალიტრას და თითქმის იდენტურ კონკრეტულ ტექსტურებს რის გამოც მისი ხელწერის ცნობა ძალიან ადვილია.

ამ კონკრეტულ ტრენდს საკმაოდ კარგი განვითარება აქვს მომავალშიც, ძალიან დიდი პოპულარობით და მოთხოვნით სარგებლოს ისეთ მედია პუბლიკაციებში, როგორებიცაა: The London magazine, The Guardian, Baltimore Magazine, The New York Times Magazine და კიდევ უამრავი…

ნამუშევრებში ვცდილობ მოვსინჯო ყველა ჩემთვის საინტერესო მიმართულება, სტილი, თვალი ვადევნო არსებული ტრენდების განვითარებას, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კონცეპტუალური ილუსტრაციები, ინსპირაციის ძირითადი წყაროა Dribbble, Behance, Instagram, ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე მოქნილია, ინსტაგრამზე შეიძლება შეხვდე ისეთ მაგალითებს, კონკრეტული ილუსტრაციების ან სხვა ნამუშევრების სამუშაო პროცესებს, რაც შეიძლება ავტორმა Dribbble-ზე საერთოდ არ დადოს.

განხილვა