31
May
2019

ელექტრომობილების ქართული წარმოების დამტენები – Weber Technologies

31 May 2019

Startauperi
Startauperi


ქართულ საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ელექტრომობილებს. ნულოვანი ემისიის გამო, სახელმწიფო რეგულაციებიც ელექტომობილების მხარდაჭერისკენაა მიმართული – ამ ტიპის ავტომობილის მფლობელები, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შეღავათითაც სარგებლობენ. ელექტრომობილებისადმი ინტერესის ზრდასთან ერთად, იმატებს ეფექტური ელექტრო დამტენების აქტუალობაც. ელექტრო დამტენების დამონტაჟებით ინტერესდებიან კომპანიებიც და კერძო პირებიც. ბაზარზე მზარდ მოთხოვნას სტარტაპერებმა ახალი პროდუქტით უპასუხეს. იდეაზე მუშაობა ოთხმა მეგობარმა, დავით ხასიამ, ალექსანდრე კალანდაძემ, გრიგოლ გრიშაშვილმა და დიმიტრი გოდერძიშვილმა, ერთი წლის წინ დაიწყო. სურდათ, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით შეექმნათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობა. დღეს კი, სტარტაპი Weber Technologies ქართული წარმოების ელექტროდამტენებს აწარმოებს ელექტრომობილებისთვის.

“პროექტის შექმნის იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, როდესაც პირადად წავაწყდით ტექნიკურ პრობლემებს ამ დარგში და გადავწყვიტეთ, სხვისთვის უფრო საინტერესო გაგვეხადა ეს სფერო და მეტად დაგვეინტერესებინა ხალხი ამ მიმართულებით. გავლენია იქონია აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ელექტრომობილების რიცხვის ზრდა. ჩვენც გადავწყვიტეთ ფეხი აგვეწყო მომავლის ტექნოლოგიებისთვის და შევქმენით მომხმარებელზე ორიენტირებული რამდენიმე ტიპის დამტენი. მათ შორის ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურობას გაუმარტივებს მომხმარებელს. იგი ინფორმაციას გაუგზავნის პირადი შეტყობინების სახით დამუხტვის პროცესის დასრულების შემდეგ, დაუთვლის ზუსტ ხარჯს და ა.შ.” – ამბობს Weber Technologies-ის თანადამფუძნებელი დავით ხასია.

M: რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ელექტროდამტენი?

ჩვენს უპირატესობად ფასისა და ხარისხის თანხვედრას დავასახელებდი. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომხმარებელს ადგილზე ვთავაზობთ სამომავლო მომსახურებასა და გარანტიას. პლუს ამას, შექმნილი გვაქვს ჭკვიანი მოწყობილობა, W2 Smart, რომელსაც ქართული ინტერფეისთან ერთად სხვა საინტერესო ფუნქციები გააჩნია (ეს სიახლეა ქართული ბაზრისთვის).

კომპანია „ვებერ ტექნოლოჯის“  პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში აწარმოებს ელექტრომობილების მაღალტექნოლოგიურ, ჭკვიან დამტენებს, რომლებიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია სრულად დავიცვათ ის პროტოკოლი, რომელიც სჭირდება მანქანას დასამუხტად. გარდა ტექნოლოგიური პროდუქტისა, მომხმარებელს ვთაზაობთ გარანტიას ნებიმიერ მუშა თუ ცვეთად ნაწილზე და მომსახურებას საქართველოშივე, რათა უსწრაფესად აღდგეს დაზიანებული მოწყობილობა. “ვებერ ტექნოლოჯის” დამტენში ჩაშენებულია ყველა საჭირო პროტოკოლი, რომელზეც მუშაობენ მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები, როგორებიც არიან: Nissan, Chevrolet, Toyota, Tesla, BMW და ა.შ.

M: თქვენი პროდუქტის თავისებურებებზე გვიამბეთ…

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მომხმარებელს ვთავაზობთ 3.3 kW-დან 22 kW-მდე სიმძლავრის დამტენებს. როგორც სამომხმარებლოს(ავტომობილით მარტივად გადასატანს), აგრეთვე სტაციონალურს- როგორც ქუჩებისთვის, აგრეთვე ავტოფარეხებისთვის შესაბამისს.

გვაქვს ე.წ. ჭკვიანი დამტენები (3.3Kw და 7 Kw სიმძლავრის), რომლის ინტერფეისიც საშუალებას იძლევა 3 ენის არჩევის. აგრეთვე დატენვის დასრულების შემდეგ ანგარიშობს მოხმარებულ ენერგიას და თანხას, რაც დატენვაზე დაიხარჯა. მათ შორის, დახურული ავტოფარეხებისთვის, ვენტილაციის ჩართვას.

M: როგორ აპირებთ ბაზარზე თავის დამკვიდრებას?

თავდაპირველად, ონლაინ გაყიდვებით შემოვიფარგლებით და მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად, აქტიურად გადავალთ საწარმოო ხაზის დანერგავზე და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს, მივცემთ საშუალებას ჩვენთან ერთად აკეთონ ეს საქმე. გვაქვს ბიზნეს გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით. ჩვენი საქმიანობით გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ და  ვფიქრობთ ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს თუ კომპანიას, ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე აუდიტორიად?

ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის, რა თქმა უნდა, ელექტრომობილების მფლობელები. აგრეთვე ის დაწესებულებები (რესტორნები, კაფეები, მაღაზიები), რომელთაც აქვთ სურვილი საკუთარ მომხმარებელს დაეხმარონ იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურით, რაც აუციბელია ელექტო მობილით გადაადგილებისთვის. მათ შორის სამშენებლო კომპანიები – პარკინგებზე დადგება ჩვენი დამტენები და მას ვისაც ეყოლება ელექტრო მობილი, სურვილის შემთხვევაში, პარკინგზევე შეძლებს დამუხტვას.

M: სად და როგორაა შესაძლებელი ელექტროდამტენის შეძენა?

უახლოს მომავალში, დამტენები რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება და ფეისბუქ გვერდის საშუალებით შევატყობინებთ მომხმარებელს ამის შესახებ. ამჟამად კი, პროდუქციის რეალიზება ხდება ონლაინ და გვაქვს ადგილზე მიტანისა და მონტაჟის სერვისი. გაყიდვები, ბაზარზე შემოსვლიდან, მალევე დაიწყო, რაც მიუთითებს მომხმარებლების დაინტერესებაზე.

M: თქვენს გუნდზე გვესაუბრეთ, ვინ ქმნის Weber Technologies-ს?

ჩვენი გუნდი შედგება პროგრამისტების, ინჟინრებისა და ჰარდვეარ დეველოპერებისაგან. 5 წელზეა მეტია ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა ინჟინრულ პროექტზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა თუ  ტექნიკური გადაწყვეტილების მიღებაზე. სტარტაპის პარალელურად, ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიებში საინჟინრო მიმართულებით. ერთი გუნდელი საწარმოო სეგმენტშია, მეორე უფრო ელექტრონიკის მიმართულებით მუშაობს. რაც შემეხება მე, ამჟამად, ერთ-ერთ საინჟინრო კომპანიაში ვმუშაობ და ვარ ავტომატიზაციის ინჟინერი. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, მაქვს ორგანიზაცია (Euhack)  და საქართველოს მასშტაბით, ვატარებთ ჰაკათონებს, ტექნოლოგიურ ფორუმებს და სხვასხვა მსგავსი ტიპის ივენთებს.

M: სამომავლო გეგმები…

ჩვენი მიზანია კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, ფეხი ავუწყოთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დროთა განმავლობაში გაჩნდება ამ მიმართულებით. აგრეთვე ხაზგასმით მნიშვნელოვანია სერვისი, რომელსაც ვთავაზობთ ელექტრო მობილის მფლობელებს. მათ აქვთ საშუალება მუდმივად მუშა მდგომარეობაში ჰქონდეთ დამტენი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა