ძვლის მოტეხილობები, თანამედროვე მედიცინის პირობებშიც კი, ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემურია და რთულ ოპერაციულ ჩარევებთანაა დაკავშირებული. კონსერვატიული მეთოდი – ძვლის დაფიქსირება და ბუნებრივი შეხორცება ყოველთვის საკმარისი არაა. რთული მოტეხილობების დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს იმპლანტი ან დაზიანებული ძვლის ამოღება და სხეულის სხვა ნაწილიდან მოძიებული ქსოვილის ჩასმა. თუმცა ძვლების მშენებელმა მიკრო ბოტებმა შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს და მედიცინის მუშაკებს მოტეხილობებთან დაკავშირებული პრობლემები სამუდამოდ დაავიწყოს.
ტექნოლოგიაზე ლინკიოპინგისა (შვედეთი) და ოკაუამას (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერები მუშაობენ. ინოვაციური მეთოდი ახალშობილის თავის ქალითაა შთაგონებული. ეს გახლავთ რბილი ქსოვილი, იგივე ყიფლიბანდი, რომელიც ახალშობილის თავის ქალას რბილს და მოქნილს ხდის, რათა მშობიარობისას მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. დაბადებიდან მალე რბილი ქსოვილი სრულფასოვან ძვლად იქცევა.
ახალი ტექნოლოგიის პრინციპიც დაახლოებით იმავეა. ის, ერთი მხრივ, ბიომოლეკულებისგან შედგება, რომელთა მეშვეობითაც ქსოვილი ბუნებრივად მინერალიზდება და ადამიანის სხეულში მოთავსების შემდეგ ძვლის მსგავსად მკვრივდება. მეორე მხრივ კი ელექტროაქტიური პოლიმერისგან, რომელთა მეშვეობითაც, დაბალი ვოლტაჟობის დენის გატარებით, ქსოვილის გაზრდა და ფორმის მიცემაა შესაძლებელი.
ამდენად, ბიომოლეკულებისა და ელექტროპოლიმერის ერთობლიობა, ძვლის მშენებელი ელექტრო-ბოტების გამოყენებას ნებისმიერი მოტეხილობისთვის გამოსადეგს ხდის. ასე ექიმებს აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერი დაზიანებული ძვალი ახალი, ხელოვნური ქსოვილით შეცვალონ, რომელსაც სასურველ ფორმას და ძვლის მსგავს სიმკვრივეს მიანიჭებენ.
ტექნოლოგია უკვე წარმატებით დაიტესტა ლაბორატორიული ექსპერიმენტის ფარგლებში… კერძოდ, ქათმის ძვლებზე, რომელიც ქიმიური შემადგენლობით ადამიანისას ჰგავს.