როგორც ჩანს, გერმანიაში ელექტრო მანქანების გამოყენებისთვის სრულ კომფორტს ქმნიან — Businesswire–ის ცნობით, ქვეყანაში აგებენ გზას, რომელზე გადაადგილების დროსაც კომერციული და საქალაქო ელექტრო ტრანსპორტი უსადენოდ დაიმუხტება.
პროექტზე კომპანია Electreon მუშაობს, რადგან ის EV-ების უსადენო დატენვის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელია. ამას ადასტურებს მოპოვებული ჯილდოები, როგორც ეკომეგობრულობის, ისე წამყვანი ტექნოლოგიებისთვის. Electreon, ელექტრო ტრანსპორტის დამტენების უდიდეს გერმანულ მწარმოებელთან, EnBW-სთან ერთად, ქალაქ ბალინგენში გზის გასწვრივ 1-კილომეტრიან ელექტრულ სისტემას შექმნის.
ინიციატივის დეტალები უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ახალ ტექნოლოგიას ელექტრო მანქანების დამუხტვა ორგვარად შეეძლება: დინამიკურ და სტატიკურ მდგომარეობაში. თუ აქამდე EV-ების მფლობელებს კონკრეტული სივრცეების ძებნა უწევდათ მანქანის დასამუხტად, ახლა ეს გზა ამ პრობლემას ხსნის — ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც უფრო დიდხანს უზრუნველყოფს, დამუხტვის პროცესი კი სრულიად უსაფრთხო და ძალიან სწრაფია.
„პროექტი აჩვენებს, რომ ინოვაციურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ გერმანიაში ელექტრომობილურობის წახალისებაზე. ჩვენ ჰოლისტური მიდგომა გვაქვს და გვსურს, უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია გერმანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვარგოთ“, — აღნიშნავს EnBW-ის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, მაქსიმილიან არნოლდი.