in

როგორი შეიძლება იყოს ელექტრომობილი? — დავით დრონის პროექტები

ეს ზუსტად ის კითხვაა, რომელიც დავით დრონმა, როგორც თავად გვეუბნება, „მულტიდისციპლინურმა დიზაინერმა” არაერთხელ დასვა და პასუხებიც იპოვა… თუმცა პროექტების მიღმა კიდევ უფრო საინტერესო ადამიანია, განსაკუთრებული ურთიერთობით მანქანებთან და ამბებით, რომლებიც, ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს. 

BOG
BOG

ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა თბილისში წითელი ფერარი დაინახა, მაშინ მანქანების ხატვა თვეების დაწყებული ჰქონდა, თუმცა დედამ ახლოდან ნახვაზე უარი უთხრა… რამდენიმე დღის შემდეგ, ეს მაინც მოახერხა და წითელი ფერარის იტალიელი მფლობელიც გაიცნო. თავისი ნახატები აჩვენა, აღაფრთოვანა და სამსახურის შეთავაზებაც მიიღო — იტალიური თამაშების კომპანიაში მუშაობდა და მანქანებს ხატავდა.

მივხვდი, თუ რამე არის, რისი კეთებაც გიყვარს, ისეთი რაღაცები მოხდება ცხოვრებაში, რომ ვერც კი წარმოიდგენ.

მართალია, დრონის ინტერესები მხოლოდ ერთი რომელიმე დიზაინის მიმართულებით არ შემოიფარგლება, მაგრამ მათ შორის მანქანები რომ განსაკუთრებულია, ფაქტია… მასაც ზუსტად ეს კითხვა დავუსვით:

M: რატომ ანიჭებთ უპირატესობას სატრანსპორტო საშუალებების დიზაინს?

ბავშვობიდანვე ყოველთვის მიზიდავდა მანქანების დიზაინი, ვფიქრობ, უპირველესად, ბავშვური ემოცია მამოძრავებს, რომელიც მანქანებით თამაშის დროს მქონდა… არის საინტერესო, არის ობიექტი, რომელსაც შეგიძლია შემოუარო, დააკვირდე. ყველა მანქანას აქვს განსხვავებული ხასიათი, რომლის უკან რაღაც შიგნით არსებული მექანიზმი იმალება. ამასთან, მანქანის დიზიანის შექმნა ბევრ სხვადასხვა უნარს მოითხოვს, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია.

M: ზოგადად, როგორია თქვენთვის სატრანსპორტო საშუალებების სკეტჩების დამზადების პროცესი?

უპირველესად, საჭიროა, გადავწყვიტო, რა სახის ტრანსპორტს შევქმნი, შემდეგ თუ იგი რომელიმე ბრენდს ეკუთვნის, მათ მიერ შექმნილი მოდელები უნდა შევისწავლო, რომ მისი დნმ ჩემს დიზაინში გადმოვიტანო და ახალი კონცეფცია შევქმნა. თუ არცერთ ბრენდს მიეკუთნება, მაშინ უფრო თავისუფალი ვარ. შემდეგ საჭიროა, დაახლოებითი დიზაინ moodboard-ის გაკეთება, რომელიც გამოხატავს ხასიათს, სტილსა და კონცეფციას. ამავდროულად, საჭიროა, შეირჩეს ბაზა ამ ახალი მანქანის, რომელზეც უკვე ახალ დიზაინს შევქმნი. შემდეგ უკვე იწყება სკეტჩების დამზადების პროცესი. ხოლო ინსპირაცია ბევრი რამ შეიძლება იყოს…

M: თქვენი პერსონალური პროექტებიდან, ერთ-ერთ ელექტრომობილზე “ქარის” სახელს ვკითხულობთ… რატომ გადაწყვიტეთ ქარის ბრენდზე მუშაობა? 

ეს არის პერსონალური კონცეპტუალური პროექტი, მომავლის ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს ქარის ელექტრო ტრანსპორტი ქალაქის გარემოსთვის. ყველაფერი იტალიაში სწავლის დროს დაიწყო, მილანში, Scuola Politecnica di Design: SPD-ში ტრანსპორტის დიზაინის მიმართულებით ვსწავლობდი. მართალია, უსახსრობის გამო ვერ შევძელი სწავლის დამთავრება, მაგრამ ქალაქ მონზაში ყოფნისას, შემთხვევით ვნახე Citroen ami-ს ელექტრომობილი. ის, რომელიც ქარის სატრანსპორტო საშუალებებშიც შედის და თბილისის ქუჩებშიც შეიძლება შეგხვდეთ.

Ami-ს ნახვამ აღმაფრთოვანა, რადგან ძალიან მიყვარს პატარა ზომისა და, ამავდროულად, უჩვეულო განსხვავებული დიზაინის მქონე მანქანები, ერთი სიტყვით, მაგარი იყო. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ქარმა სწორედ Citroen ami-ს მოდელები შემოიყვანა თბილისში, რამაც ძალიან გამახარა. მერე ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა იტალიაში, Citroen-ის მოდელის ნაცვლად, ქარის ბრენდის მანქანა რომ მენახა და მანდ გადავწყვიტე ქარის ელექტრომობილის დიზაინის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქარს არ აქვს უშუალოდ თავისი დიზაინის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, მაინც ვეცადე, შემექმნა ისეთი დიზიანი, რომელიც ახლოს იქნებოდა მათ იდენტობასთან.

M: როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს სხვებისგან?

მე უფრო კონცეპტუალური დიზაინი მიზიდავს, ამიტომ, მანქანებს თუ ავიღებთ, ვფიქრობ, უფრო მომავლის ხედვა არის ის, რაც ჩემს ნამუშევრებს გამოარჩევს…

M: რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების დიზაინზე მუშაობენ?

ვურჩევდი, რომ ყურადღება მიაქციონ პროპორციებს და ფორმებს, რათა დიზაინი აღიქმებოდეს სწორად და შეესაბამებოდეს იმ დროს, რომელზეც გათვლილია. ამავდროულად, ეცადონ, რომ იდეურად საინტერესო და ახალი დიზაინი შექმნან. მიაქციონ ყურადღება მათი იდეების პრეზენტაციასა და დიზაინის ფუნქციონალურობას. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

 

„შეინარჩუნე შენი არსი“ — Porsche-ს ახალი კამპანია

ნახეთ: ერნესტ კოულის დაკარგული ფოტოები