in

ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია — მომავლის პროფესია დღეს უკვე აქ, საქართველოს უნივერსიტეტში

საქართველოს უნივერსიტეტი წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, დღესვე დაეუფლონ მომავლის პროფესიას — კერძოდ, გამოიგონონ, შექმნან, განახორციელონ ინოვაციური პროექტები, დახვეწონ, გააუმჯობესონ უახლესი ელექტრონული მოწყობილობები და, რაც მთავარია, გლობალური ტექნოლოგიების  მუდმივი  პროგრესის საპასუხოდ, შეიქმნან  მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობა.

ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებს და პროგრამის ხელმძღვანელებს: ირაკლი ნოსელიძესა და კახაბერ თავზარაშვილს.

M: ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, საქართველოს უნივერსიტეტში ახლახან აკრედიტაცია მიიღო ახალმა საინჟინრო პროგრამამ ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის მიმართულებით. რითაა ეს პროგრამა აქტუალური?

დიახ, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე „ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია“.  გადაჭარბების გარეშე, ეს არის სასწავლო პროგრამა, რომელიც ხვალინდელ დღეზე და მომავლის ტექნოლოგიებზეა გათვლილი. შრომით ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება განათლებული ინჟინერი, რომელიც მომზადებულია „ჭკვიანი“ მოწყობილობების არა მხოლოდ სამართავად, არამედ დასაპროექტებლადაც; ინჟინერი, რომელსაც აქვს უნარი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით აკონტროლოს თითქმის ნებისმიერი საყოფაცხოვრებო  პროცესი. ტექნოლოგიები, რომლებსაც იყენებს თანამედროვე  ელექტრონული  მოწყობილობები,  ე. წ.  გაჯეტები,  სატელეფონო   და სატელიტური კავშირგაბმულობა და ა. შ., დღითიდღე წინ მიიწევს.

მარტივი მაგალითი: დღეს საქართველო ემზადება 5G ინტერნეტის დასანერგად; ეს  არის ფაქტობრივად  ნახტომი კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდის მხრივ. გავა  სულ რაღაც 10-15 წელი და დღის წესრიგში დადგება 6G ინტერნეტის დანერგვა. რა თქმა უნდა, საჭიროა ახლავე მოვამზადოთ  ის სპეციალისტები, რომლებიც შექმნიან და განავითარებენ სრულიად  ახალ 5G და 6G საკომუნიკაციო  სისტემებს. ჩვენი უნივერსიტეტის  ზემოხსენებულ  პროგრამას   სწორედ ასეთი ორიენტირი აქვს.

M: ბატონო კახა, რატომ უნდა დაუკავშიროს აბიტურიენტმა თავისი მომავალი პროფესია ელექტრონული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლას?

როგორც  ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა, ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია არის მუდმივად განვითარებადი სფერო, რომელიც დგას სხვა ტექნოლოგიური მიღწევების სათავეში. ის თავად ავითარებს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა თავდაცვითი საშუალებების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, სამომხმარებლო ელექტრონიკა, ავტომობილები, აერონავტიკა, ჯანდაცვა და სხვა.

რამდენადაც ტექნოლოგიური სიახლეები განუწყვეტლად არის გლობალური პროგრესის წყარო, ყოველთვის იქნება დიდი მოთხოვნა ამ სფეროში კვალიფიციურ პროფესიონალებზე. ამასთან ერთად, ძნელია დაასახელოთ ისეთი დარგი, რომელიც ასე უვითარებდეს სტუდენტს ინოვატორობასა და კრეატიულობას. ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას,  გამოიგონონ, შექმნან, განახორციელონ ინოვაციური პროექტები, დახვეწონ და გააუმჯობესონ უახლესი ელექტრონიკა. წარმოიდგინეთ, რას განიცდის სტუდენტი, როცა აცნობიერებს საკუთარ შანსს, მნიშვნელოვანი და  სასიკეთო გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე თავისი გამოგონებით — მაგალითად, დისტანციურად ააწყოს მიუწვდომელ ადგილზე საკომუნიკაციო ქსელი, ან გააუმჯობესოს რომელიმე სამედიცინო ხელსაწყოს ან სერვისის რომელიმე მახასიათებელი.

M: ბატონო ირაკლი, გარდა  ჩამოთვლილისა, რა არის ის პოტენციური უპირატესობა, რაც ექნება ამ პროგრამის კურსდამთავრებულს?

დავასახელებდი მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს, რომლის ფართო სპექტრსაც ხსნის ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, იმუშაონ როგორც ელექტრონიკის ინჟინრებმა, კომუნიკაციის სპეციალისტებმა, ქსელის ინჟინრებმა, ჩაშენებული სისტემებისა და „ჭკვიანი“ სისტემების დიზაინერებმა, რადიოინჟინრებმა და სხვა. შესაძლო ფუნქციური მრავალფეროვნება სტუდენტებს ანიჭებს მოქნილობას კარიერის გასაგრძელებლად. ზოგადად, ელექტრონულ და საკომუნიკაციო   ტექნოლოგიებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის გამო, წარმატებული კურსდამთავრებულები მალე  შოულობენ სტაბილურ სამუშაოს კონკურენტული ხელფასით.

ასევე, პროგრამაზე სწავლისას სტუდენტს განსაკუთრებულად უვითარდება პრობლემის გადაჭრის უნარები. პროგრამის  საბაზო და საინჟინრო დისციპლინები აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას. დამეთანხმებით, რომ როცა სტუდენტი სწავლობს რთულ ელექტრონულ სქემებს, საკომუნიკაციო ქსელების ანალიზს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აპროექტებს სისტემას, ის ეჩვევა ტექნიკური გამოწვევების დასაძლევად გადაწყვეტილებების შემუშავებას. ეს უნარები უაღრესად გამოსადეგი და ღირებულია სხვა პროფესიებშიც.

M: რა არის პროგრამაზე სწავლის განსაკუთრებული მხარე?

პროგრამა  მოიცავს თეორიულ მომზადებას სამი საბაზო მიმართულებით: მათემატიკა, ფიზიკა და პროგრამირება. მთავარი აქცენტი კი კეთდება მიღებული თეორიული ცოდნის უშუალო პრაქტიკულ გამოყენებაზე. მეცნიერებისა და  ტექნოლოგიების სკოლას აქვს თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიები, რომლებშიც მომავალი ინჟინერი კვალიფიციური მენტორების  მეთვალყურეობით გაივლის  ლაბორატორიულ  მომზადებას, მოიფიქრებს  და შექმნის რეალურ პროექტებს. ასეთი პროექტები, როგორც  წესი, მოითხოვს გუნდურ მუშაობას, კერძოდ, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან — მათ შორისაა კომპიუტერული მეცნიერება, ელექტროინჟინერია და ფიზიკა. სტუდენტები ეჩვევიან მრავალფეროვან გუნდში  მუშაობას, უვითარდებათ ინტერპერსონალური და ეფექტური კომუნიკაციის უნარები. უნდა ითქვას, რომ სტუდენტები დიდი ხალისით ეკიდებიან ასეთ ფორმატს. ჩვენც დარწმუნებულები ვართ, პრაქტიკული გამოცდილება ყველაზე ნაყოფიერი გზაა სტუდენტების ინდუსტრიის მოთხოვნებისთვის მოსამზადებლად. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იშვიათად მეგულება სტუდენტზე ორიენტირებული ისეთი უნიკალური სასწავლო გარემო, როგორიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაშია.

M: და ბოლოს, როგორია ტექნოლოგიების სკოლაში სწავლება ყოველდღიურობაში? რამდენად არის აკადემიური პერსონალი და სტუდენტი ერთმანეთთან დაკავშირებული პრაქტიკულ საქმიანობაში?

სკოლის პერსონალი, ფაქტობრივად, ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ სტუდენტთან. სკოლა რეგულარულად მართავს და ფინანსურად უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობას STEM- ფესტივალებში, კონკურსებში, სტუდენტურ კონფერენციებში და ა. შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, პირველივე კურსიდანვე მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში ევროპისა და ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატებული სტუდენტების წასახალისებლად გამოყოფილია სოლიდური ფინანსური ფონდი, რაც ხმარდება სტიპენდიებსა და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოებას. მაგალითად, „ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის“ ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ყველაზე კარგი აკადემიური მოსწრების სამი პირველკურსელი 2000-2000 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

[R]

Google Search ახალ AI ხელსაწყოს ამატებს

ერთად ჭამის რიტუალი Barilla-ს მარკეტინგულ კამპანიად იქცა