in

მუსიკად გარდაქმნილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა – Elektrowerk-ის არტ სივრცე თბილისში, მიტოვებული ქარხნის ნაცვლად!

Elektrowerk-ი არტ სივრცეა, რომელიც საბჭოთა დროინდელი ქარხნის შენობაში, თბილისის ძველ ინდუქტრიულ ზონაში, ორთაჭალის ავტოსადგურიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. შენობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2015 წლამდე, არ ფუნქციონირებდა. შემდეგ კი, აქ მრავალფუნქციური სივრცე გაიხსნა, რომელსაც ეტაპობრივად ემატება ახალი მიმართულებები. შემქმნელების თქმით, ესაა პროექტი, რომელიც საბჭოთა დროინდელ ქარხანას თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ ფორმირებას უზრუნველყოფს. პროექტის ავტორების გათვლით, 2018 წლის ბოლოსთვის ტერიტორიაზე ადგილები უკვე სრულად შევსებული იქნება, საბჭოთა დროინდელი ქარხნის ტერიტორია კი საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ცენტრად იქცევა. დეტალებისთვის პროექტის შემქმნელებს ვესაუბრეთ.

bog
bog-mob
Emily Wells ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი, კომპოზიტორი

M: რა იყო Elektrowerk-მდე?

ზუკა მაჭავარიანი

ზუკა მაჭავარიანი, Elektrowerk-ის დამფუძნებელი: 1962 წელს აშენებულ ქარხანაში მიკრო ელექტრო ძრავები მზადდებოდა (დღეს ამ სივრცეს სახელიც შესაბამისად დაერქვა), რომლითაც სხვა ფაბრიკა-ქარხნები მარაგდებოდა მთელ საბჭოთა კავშირში. ეს ძრავები შესაძლოა აღმოაჩინოთ თქვენი ბებიის ძველი მიქსერის ნაწილებში, ან ბაბუის წვერსაპარსში.

„საქელექტრომანქანაში“ (ასე ერქვა ქარხანას), საბჭოთა სხვა დიდი  ქარხნების მსგავსად მუშების კლუბიც იყო, ანუ დარბაზი, საბჭოთა პროპაგანდით გაჯერებული კულტურული ღონისძიებებისთვის. ბუნებრივია, რომ ყველა აქტივობა მაშინდელი მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლდებოდა. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ამ ღონისძიებებს გასართობს ნაკლებად უწოდებდით! მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, 70-იანებში, გამოჩნდა თანამშრომელთა ჯგუფი, რომელსაც „აკძალული დასავლური მოტივები“ ერჩივნა, ლენინსა და კომუნისტურ პარტიაზე ოპტიმისტური სიმღერების მოსმენას. გადმოცემით ვიცით, რომ ისინი დარაჯის დახმარებით, ღამით კლუბში იპარებოდნენ, სადაც ნამდვილი გართობა იწყებოდა! კლუბის ისტრუმენტებისა და სხვა მუსიკალური აღჭურვილობის გამოყენებით, ქარხნის მუშები ღამღამობით ჩვეულებრივ როკვარსკვლავებად და ჰიპებად გადაიქცეოდნენ და ვინილის საკრავზე, შავ ბაზარზე ცეცხლის ფასად ნაყიდ  ბიტლზის, დორსის და პინკ ფლოიდის ჩანაწერებს აჟღერებდნენ. ამ კლუბის ძველ ნივთებს – ხის ფეხებზე ტყავის სკამებს, ოთახის აბრებს, ხანძარსაწინააღმდებო ყუთს, თუ სხვა უამრავ ძველ წვრილმანს, დღესაც გადააწყდებით ქარხნის ტერიტორიაზე.

M: და მას შემდეგ, Elektrowerk-მდე, რა ხდებოდა აქ?

ადრიან 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქარხანა დაიხურა და წლების განმავლობაში, შენობა მიტოვებული იყო.

M: როგორ დაიწყეთ?

კულტურულ-საგანმანათლებლო ადგილის შექმნაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ  და ქარხნის ტერიტორიის განვითარებაც, კარგად ჩამოყალიბებული კონცეფციის მიხედვით, 2015 წელს გადავწყვიტეთ, როცა Elektrowerk ბრიტანელ პარტნიორთან ერთად გავხსენით. ბევრი დროის, ენერგიისა და სხვა ინვესტიციების ჩადების შედეგად, ჩვენ ეს ადგილი ინდუსტრიულ, ანდერგრაუნდ სივრცედ ვაქციეთ. დღეს, ეს ადგილი ვინტაჟური სულისა და უმაღლესი თანამედროვე ტექნოლოგიების იდეალური სინთეზი გახდა. ძველმა ქარხანამ ახალი სიცოცხლით და ახალი მიმართულებით დაიწყო ფუნქციონირება.

სეპულტურას ვოკალისტი Derrick Green

M: რა კეთდება თქვენს არტ სივრცეში, მხოლოდ მუსიკალური საღამოები?

თეზი მაჭავარიანი

თეზი მაჭავარიანი Elektrowerk-ის დირექტორი: თავიდან აქ ძირითადად ელექტრონული მუსიკა ჟღერდა, კლუბში დასაკრავად დიჯეები ბერლინიდან, ლონდონიდან და ევროპის სხვა ქვექნებიდან ჩამოდიან. 1200 ადამიანზე გათვლილ სივრცეში არაერთი კონცერტიც ჩატარებულა. ყველაზე ცნობილი და მასშტაბური 2015 წელს Sepultura-ს კონცერტი იყო, მათი ჯგუფის 30-ე საიუბილეო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქართველ მსმენელში, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებში. ასევე იყნენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან, Anna Schneider, Dax J, Ten Walls, DOP და Emily Wells. ამ ყველაფერმა Elektrowerk მასშტაბური ღონისძიებების სივრცედ აქცია. ადგილი მუდმივად ღია არ არის. ის მხოლოდ ღონისძიებებზე მუშაობს. ტარდება დახურული ივენთებიც. ბოლო დროს საინტერესო გახდა კორპორატიული ღონისძიებებისთვისაც. მიხარია, რომ ქართული კომპანიების კორპორატიულ კულტურაში ინოვაციური მიდგომები ინერგება და ხალხს უჩნდება სურვილი აღნიშნონ წვეულებები განსხვავებულად. ამასთან, ეს არის სივრცე საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიებებისთვის; კრეატიული პერფორმანსებისა და ფოტო გამოფენებისთვის. საინტერესო არქიტექტურული სივრცის და ხარისხიანი აუდიო და განათების სისტემის მიმართ მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მალე Elektrowerk-ში 200-300 ადამიანზე გათვლილი Small Room-ც გაიხსნება.

 

M: რა როლი აქვს Elektrowerk-ს საზოგადოების განვითარებაში?

ნიკოლოზ მაჭავარიანი

ნიკოლოზ მაჭავარიანი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი: ძველი ქარხნის ტერიტორია რაც უფრო მეტად იძენს კულტურულ დატვირთვას, მით უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება, როგორც ხელოვანი ადამიანებისთვის – გახსნან საკუთარი სახელოსნოები, გალერეები თუ სხვა საინტერესო სივცეები; ასევე კომერციულ მიზნებზე გათვლილი შესაბამისი ფორმატის ობიექტებისთვის. ამასთან ქარხნის სივრცეები საინტერესოა სარეკლამო კომპანიებისთვის, რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, გადაიღონ სიუჟეტები ფილმებისთვის, თუ სარეკლამო და მუსიკალური კლიპები. რამდენიმე თვეში Elektrowerk-ის გვერდით თანამედროვე თეატრიც  გაიხსნება. ეს ადგილი დღეს ბევრს მოსწონს, რადგან არც ცენტრია და არც გარეუბანი, ძველი თბილისიდან ტურისტი ფეხითაც გამოისეირნებს, ორთაჭალის ავტოსადგურიდან დაახლოებით 1 კილომეტრშია.

ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, შევუქმნათ არტისტებს კომფორტული გარემო როგორც საცხოვრებლად, ასევე სამუშაოდ. ამჟამად, მე ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ და University of Southern California-ში master-ს ვაკეთებ Art Leadership-ში. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება პროექტის შემდგომა განვითარებაში ძალიან გამომადგება. გეგმები დიდია, მათ განხორციელებაში კი ამერიკაში შეძენილი საინტერესო კონტაქტებიც დაგვეხმარება. მიხარია, რომ ჩვენი პროექტით უცხოელებიც ინტერესდებიან და ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ფართის დროულად დაკავებას უკვე მრავალი არტისტი ცდილობს.

24 თებერვალს „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018“ გაიმართება

„მივტირი თითოეულ გაყიდულ ჩანთას“ – საავტორო დიზაინის ნაწარმი Hobby Georgia-სგან