ადამიანებს ყველაზე მეტად გვხიბლავს ისეთი ამბები, რაღაცნაირი იდუმალების ელფერი რომ დაჰკრავს და ზუსტი ფაქტების დონეზე არაფერი ვიცით. ასე რომანტიზებულად შემორჩა ქართული პოეზიის სამყაროს ელენე დარიანის სახელი, რომლის მიღმაც ბევრი დაფარული რამ იმალება. დიდი ხნის განმავლობაში პაოლო იაშვილის ფსევდონიმად ითვლებოდა, ახლა კი ამ სახელით გამოქვეყნებული ლექსების სავაურო ავტორი ელენე ბაქრაძეა.
ვინაიდან დღემდე ყველასთვის საინტერესოა ელენე დარიანის სახე, „ფანსტამაგორიამ“ 15-წუთიანი თოჯინური ანიმაცია შექმნა. ეს უკანასკნელი ელენე დარიანის ფსევდონიმით დაწერილი ლექსებითა და ელენე ბაქრაძის პირადი ჩანაწერებითაა შთაგონებული. ფილმში ლექსების შინაარსით აღშფოთებული საზოგადოება სვამს კითხვებს, თუ ვინ არის ამ ლექსების ჭეშმარიტი ავტორი… ეს დღევანდელ საზოგადოებაშიც კი დიდ ვნებათაღელვას იწვევს.
თოჯინური ანიმაცია სტოპ-მოუშენის მანერით გადაიღეს, ანუ ფოტოკადრების გადაღებით შექმნეს მოძრაობის ილუზია. თოჯინა, კოსტიუმი, დეკორაცია, რეკვიზიტი, ღრუბელი, მთავრე, წვიმა და ა. შ. ყველაფერი საკუთარი ხელით შექმნა „ფანტასმაგორიას“ შემოქმედებითმა გუნდმა, შემდეგ კი გააცოცხლა. „ასევე, სპეციალურად სტოპ-მოუშენისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის დახმარებით შევძელით ერთ წუთზე მეტი მოძრავი უწყვეტი კადრის გადაღება. ამის მიღწევა ტექნიკურად ურთული პროცესია თოჯინურ ანიმაციაში“, — განმარტავს სოფო.
ამასთან, თანამედროვე სტანდარტის თოჯინისთვის სახეები 3D პრინტერით დაბეჭდეს, რათა პერსონაჟებს სრულყოფილად ემეტყველათ და მათი ემოციები გამომსახველობითი ყოფილიყო. ჯამში ფილმისთვის 800-მდე სახის დაბეჭდვა მოუწიათ… ვიზუალური კონცეფციიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თოჯინები რეალუსტური ყოფილიყო, თუმცა ანიმაციური ხასიათიც არ დაკარგულიყო — ეს კი დიდ და მეტყველ თვალებში, გრძელ და ნატიფ კიდურებში გამოიხატება.
თოჯინებზე იმუშავეს სტუდია „ფანტასმაგორიას“ სტუდენტებმა: მარიამ გიგაურმა და ლაშა ბაკაშვილმა; ხოლო სახეების ანიმირება 3D-ში შეასრულა ნიკა ქუცნიაშვილმა. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ Ნიკა ქუცნიაშვილმა პროგრამა „ბლენდერისთვის“ დაწერა კოდი, რომლის მეშვეობითაც შევძელით დაგვებეჭდა სახეები 3D პრინტერით, რაც ამიერკავკასიაში პირველი პრეცედენტია. უფრო მეტიც, ამ პროგრამისთვისაც ინოვაცია იყო! Სწორედ ამიტომ, 2023 წლის ბლენდერის საერთაშორისო კონფერენციაზე მიგვიწვიეს ამსტერდამში“.
რაც შეეხება უშუალოდ „ფანტასმაგორიას“, ის ორმა მეგობარმა დააფუძნა — სოფო ჭინჭარაულმა და ელენე თავაძემ. სოფო მხატვრულლი კინოს რეჟისორია, ელენე — ანიმაციური ფილმების; პროფესიების გადაკვეთის წერტილი კი თოჯინური ანიმაცია აღმოჩნდა. თავის მხრივ, ამ სოციალური საწარმოს საბოლოო მისია თოჯინური ანიმაციის აღდგენაა.
ავტორი: ქეთია ბელქანია