in

ელენე კოხრეიძე: „ჩემს გზაზე მიმავალი, ყველა გადადგმულ ნაბიჯში საკუთარ თავს ვქმნი!“

„თუ დილით გაღვიძება და ჩემი საქმის კეთების სურვილი არ მამოძრავებს, ესე იგი, არასწორ ადგილას ვარ და ცვლილებები მჭირდება“.

შინაგან ხმასთან გულწრფელი დიალოგის უნარი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ არის, რაც საკუთარ თავს შეგიძლია, არგუნო. ვფიქრობ, ჩვენ გარშემო, ის ადამიანები, რომელთა პიროვნებითაც ვინტერესდებით ხოლმე, სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევიან –  პასუხები აქვთ კითხვებზე: ვინ ვარ? რა შემიძლია? რა არის ჩემთვის სწორი? რა მინდა? როგორ შემიძლია ჩემი მიზნები სრულვყო?..

ელენე კოხრეიძეს ისევე უყვარს საკუთარ ცნობიერებაში მოგზაურობა – საკუთარ სურვილებსა და ინტერესებში გარკვევა, როგორც უცხო ქვეყანაში „გადაკარგვა“… უბრალოდ, ბევრი სიარული და საინტერესო ადგილების აღმოჩენა.

თითოეულმა ადამიანმა უნდა ცადოს ის, რასაც შინაგანი მე კარნახობს. ვფიქრობ, ცხოვრება სინანულისა და დანაკლისის შეგრძნების გარეშე უფრო სასიამოვნოა. და რატომაც არა, ცადე! ვინაიდან ეს საკუთარი გზის სწორად და მკაფიოდ განსაზღვრაში დაგეხმარება.

დღეს, VISA-ს მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერ ელენე კოხრეიძეს გაცნობთ:

M: ელენე, ბავშვობისას განცდილ შეგრძნებებსა და გარემოდან შთაგონებულ ღირებულებებს, როგორც წესი ძალიან დიდი წონა აქვს ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე… ზოგ შემთხვევაში, უკვე ზრდასრულობაში ხან წინააღმდეგობაში მოვდივართ ხოლმე იმასთან, რაც აღზრდის პროცესში ჩაგვინერგეს… გაგვიზიარე შენი გამოცდილება, ამ კუთხით? როგორი ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა პატარა ელენე კოხრეიძე?
1990 წლის 29 ოქტომბერს დავიბადე… თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ორი მისაბაძი მაგალითი მზრდიდა და მგონია, რომ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოჯახის წევრების მხარდაჭერას ფასდაუდებელი წვლილი აქვს. მშობლები არა მხოლოდ შრომის სიყვარულს მივითარებდნენ, არამედ ხელს მიწყობდნენ მეგობრებთან ერთად საინტერესო თავგადასავლების ძიებაში. ვფიქრობ, მშობლებთან სწორედ ასეთი თავისუფალი, მათთან შეუზღუდავი ურთიერთობა გახდა წინაპირობა, სოციალიზაციის მნიშვნელოვანი თვისებები განმევითარებინა და ბავშვობიდანვე მივმხვდარიყავი – რამის მიღწევა თუ მინდა, ყველაფერი ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული!..

ვხვდები, რომ დღეს, ყველაზე მეტად ბაბუ მენატრება, ადამიანი, რომელმაც უპირობო სიყვარული მასწავლა. თუმცა კი, ყველაზე დიდ სტიმულად მაინც ჩემი ძმა რჩება. ჩვენ შორის სხვაობა 11 თვეა და თითქმის ტყუპებივით გავიზარდეთ. წელიწადში 5 დღე ტოლები ვართ და ეგ ჩემი ზეიმის პერიოდია. ჩემს ყველა წარმატებასა და სიახლეს, პირველ რიგში, გაგას ვუყვები, ყოველთვის მის აზრს ვითვალისწინებ, მას, როგორც მენტორს, ისე აღვიქვამ და ის გრძნობა, რომ ჩემი წარმატებით გაგა ამაყობს, უდიდეს ენერგიას მმატებს.

M: რაც შეეხება სასწავლო-საგანმანათლებლო გამოცდილებას… ამ პერსპექტივით, როგორ აფასებ შენს სკოლას და შენს საუნივერსიტეტო მზაობას – უკვე სრულწლოვანს, თავი გაგერთმია უმაღლესი სასწავლებლის კონკურენციისთვის?
სწავლა ძალიან მიყვარს და პრინციპში, მუდმივად ამ პროცესში ვარ. სკოლა „მერმისი“ დავამთავრე, საკმაოდ საინტერესო გამოცდილებით – თავიდანვე შეგვაჩვიეს გამოცდებს, ტესტებს და ე.წ. „სტრეს ფაქტორებს“, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ალღოს აღებაში ძალიან დამეხმარა. 

პროფესიით მარკეტერი ვარ და ალბათ, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ სადმე ამ სფეროში მოვხვდებოდი. ჟურნალებიდან რეკლამებს ვაგროვებდი და კამპანიის შექმნის იდეებსა და სტარტეგიებს ვეცნობოდი. ალბათ, იმ დროისთვის ჩემს გატაცებას ცოტა უცნაური ჰობი უფრო ერქვა. თუმცა პროფესიული არჩევანიც მარკეტინგის მიმართულებით, კავკასიის უნივერსიტეტზე შევაჩერე.

CSB -ში სწავლის დროს, გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ ორჯერ ვიყავი და ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რისი საშუალებითაც ბევრი სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანი გავიცანი და რამაც რადიკალურად შემიცვალა ცხოვრებაზე შეხედულებები.

M: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან რეკლამისა და მარკეტინგის სფერო გიტაცებდა, უფრო მეტიც, პროფესიული საქმიანობაც ამ მიმართულებით განაგრძე, მაინც გადაწყვიტე შესაძლებლობების სხვა სფეროში – კინოინდუსტრიაში მოსინჯვა…
ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, თუმცა კინოინდუსტრიისკენ გული ყოველთვის მიმიწევდა და ცნობისმოყვარეობა მქონდა, თავი ამ სფეროშიც მეცადა. ამისთვის ამერიკაში, American Academy of Dramatic Arts-ში სასწავლებლად წავედი, სადაც კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ გეზი მარკეტინგისკენ, რაც უკვე არჩეული მქონდა, აბსოლუტურად, სწორი იყო.

M: როგორ ხსნი „აბსოლუტურად სწორ“ გადაწყვეტილებას… როგორ აღწერ შენს პერსონალურ სახელმძღვანელოს, რომელიც გკარნახობს, რომ შენთვის სასურველ გზას ადგახარ?
სამსახურსა და კარიერასთან მიმართებაში ერთი დევიზით ვცხოვრობ – თუ დილით გაღვიძება და ჩემი საქმის კეთების სურვილი არ მამოძრავებს, ესე იგი, არასწორ ადგილას ვარ და ცვლილებები მჭირდება. ჩემთვის მთავარია, მიხაროდეს და მსიამოვნებდეს, რასაც ვაკეთებ. ჯერჯერობით, ამ შინაგან ხმაზე დარყდნობას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია.

M: მახსოვს, ერთ-ერთმა რესპონდენტმა ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა კარიერულ გზაზე სხვა ადამიანების მხრიდან, ნდობის ფაქტორს, რომ: „ვიღაცამ ერთხელ უნდა დაგიჯეროს და მოგცეს შანსი“… შენს შემთხვევაში, კარიერულ გზაზე ახალშემდგარს, მხარდაჭერა სად გამოგიცხადეს?

ჩემი პირველი სამსახური „კინო- და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ იყო. 19 წლის ვიყავი, როგორც ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მუშაობა რომ დავიწყე. იმ ნდობამ, რომელიც ჩემმა უფროსმა გამომიცხადა, პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამომიყალიბა, რომელიც ჩემი პიროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა და ამისთვის მისი მუდმივად მადლიერი ვიქნები.

M: რაც შეეხება VISA-ს, როგორ გაიკვლიე გზა ამერიკული მულტინაციონალური ფინანსური სერვისების კომპანიამდე?
პირველი სამსახურის შემდეგ, ჩემი დეკანის დამსახურებით, Wendy’s-ში მოვხვდი… უცნაურია მისი მხოლოდ დეკანად მოხსენიება, ჩემი მეგობარი უფროა. პირველი რესტორნის გახსნა იგეგმებოდა და 5 კადრს ეძედნენ, რომლებიც ამერიკაში ტრენინგის გავლის შემდეგ, რესტორნების განვითარების გეგმაზე იმუშავებდნენ. კონკურსის გავლის შედეგად, ერთ-ერთი კანდიდატი მე გავხდი. თავდაპირველად, საოპერაციო გუნდის წევრის სტატუსით, რესტორნის გახსნისა და მომზადების ყველა პროცესში ჩართული ვიყავი. ნულიდან დავიწყე ყველაფრის სწავლა. რამდენიმე თვეში მარკეტინგის დეპარტამენტში უმცროს მენეჯერად გადავედი.

ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა. ჩემი მენტორები ყველანი ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და მიზნისკენ სწრაფვის სურვილით გამსჭვალული ქალები არიან და ეს ყოველთვის სტიმულს მაძლევდა, მეც მათნაირი გავმხდარიყავი.

სოფო ჩოგოვაძესთან ერთად 4 წელი ვიმუშავე. მასთან გატარებული თითოეული დღე რაღაც ახლის სწავლას უდრიდა. ახლა მეგობრები ვართ და სწავლის პროცესი კვლავ გრძელდება. 

შემდეგ გავხდი Dunkin’ ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 1,5 წელში Wendy’s მარკეტინგის დეპარტამენტის ხემძღვანელობაც შევითავსე. ამ პერიოდში, „ვენდისში“, საუკეთესო მარკეტინგის ჯილდოც დავიმსახურეთ – Diamond Awards – Best Marketing 2018. ჩვენს ანგარიშზე ბევრი საინტერესო კამპანია, აქტივაცია და კოლაბორაციაა.

საბოლოო ჯამში, ეს გამოცდილება დამეხმარა, Visa-ში გადმოსასვლელად მოვმზადებულიყავი.

M: Როგორია Საერთაშორისო ბრენდის გუნდში ყოფნა? ეს მოცემულობა თანამშრომლებს რა დამატებით შესაძლებლობებს გიხსნით?
ინფორმაცია, ინოვაცია და გლობალურ პროექტებთან წვდომა – ეს არის ის ძირითადი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას მოაქვს და გეხმარება მსოფლმხედველობის გაფართოებაში, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

M: VISA-სთან დაკავშირებულ ყოველდღიურობას როგორ აღწერ?
ამ ეტაპზე, მარკეტინგის მიმართულებით, კავკასიის რეგიონს ვკურირებ. სამივე ქვეყანა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია და თითოეული პროექტის ფარგლებში, ბევრი სიახლის გაგება და შესწავლა მიწევს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყავს გუნდი, რომლის წევრებიც მზად არიან, ნებისმიერ მომენტში დამეხმარონ. ჩვენთან არ არსებობს სიტყვა „არა“ ან „ვერა“ და ეს ერთმანეთის იმედით, მშვიდად მუშაობის საშუალებას გვაძლევს.

M: შენ მიერ შესრულებული პროექტებიდან ყველაზე უფრო რომლით ამაყობ?
ყველაზე მეტად ჩემი სტარტაპით – www.maimunobebi.ge ვამაყობ. ეს ონლაინ პლატფორმაა, სადაც ადგილობრივ სტარტაპებს თავიანთი პროდუქციის განთავსების შესაძლებლობას ვთავაზობთ და მათ რეკლამირებას, ფოტოსესიას, ლოჯისტიკასა და მიწოდების საკითხებს უზრუნველვყოფთ. კომპანია 2017 წელს, მე და ჩემმა მეგობარმა, ნათიამ დავაარსეთ. ვეცადეთ, ყველა შესაძლო სახალისო ყოველდღიური მოხმარების ნივთი ერთ პორტალზე გაგვეერთიანებინა და ამით ჩვენი მომხმარებლები გაგვეხალისებინა.M: Linkedin-ზე გიწერია: „ჩემს გზაზე მიმავალი, ყველა გადადგმულ ნაბიჯში საკუთარ თავს ვქმნი!“ (I create myself at every step of the way!!) რამდენად ხსნის ეს ფრაზა შენს ცხოვრებისადმი დამოკიდებულებებს?
ემი ცხოვრების გზაზე მუდმივად საკუთარი თავის განვითარების პროცესში ვარ, იქნება ეს პირადი ურთიერთობა, მეგობრები თუ სამსახური. დღემდე ვვითარდები მეუღლესთან ურთიერთობაში, ვსწავლობ, როგორ ვეურთიერთო ჩემს 2 წლის ძმისშვილს, მნიშვნელოვან პროფესიულ გადაწყვეტილებებს ვიღებ… მოკლედ, მიყვარს ახალი გამოცდილებები და გამოწვევები, ამ პროცესს ეიფორია მოაქვს, მუდამ ტონუსში ვყავარ და ვგრძნობ, რომ თითოეულ ამ როლში ყოფნით, რაღაც სასარგებლოს ვიღებ, რაც თავის მხრივ, ჩემს პიროვნულ განვითარებას ემსახურება. 

M: და მაინც, ყველაზე კომფორტულად თავს რა როლში გრძნობ?
ყველაზე კომფორტულად თავს მეუღლის, შვილის, დისა და მამიდის როლში ვგრძნობ! ის, რაც ოჯახს უკავშირდება, ყოველთვის ყველაზე სასიამოვნოა. ჩემი საქმიანობა და კარიერა ძალიან მიყვარს, მაგრამ კომფორტს სახლში ვგრძნობ.

კვირაში 7 დღე და დღეში 24 სთ არაფერში მყოფნის. ოჯახი, მეგობრები, სამსახური, კინო, წიგნი… პრიორიტეტების დასახვა და რამეზე უარის თქმა ყოველთვის მიწევს. სწორედ ამიტომ ვცდილობ, დღე ადრე დავიწყო, გვიან დავასრულო და რაც შეიძლება, ბევრი რამ მოვასწრო.

M: დაბოლოს, შენს კარიერულ გეგმებზე რისი თქმა შეგიძლია?
ვხვდები, რომ ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭიროა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალ იდეებზე, წამოწყებებსა და საქმიანობაზე არ ვმუშაობ. ვცდილობ, სულ წინ წავიწიო და დასახული მიზნებისკენ ხან ნელი, ხანაც ჩქარი ტემპით ვიარო. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა მათგანის შესრულებას შევძლებ!

ავტორი: თიკა გეგენავა

თამარ მჭედლიშვილი – #პირველისამსახური

კრიზისმენეჯმენტი ქალებს უკეთ გამოსდით