1
May
2017

ელენე ოთარაშვილი – #პირველისამსახური

1 May 2017

ჩემი პირველი სამსახური ტელევიზიის პირველი არხის მუსიკალური პროგრამების რედაქცია იყო. მაშინ კონსერვატორიის მე-2 კურსზე ვიყავი და როგორც წარჩინებული სტუდენტი და მომავალი მუსიკათმცოდნე შტატგარეშე თანამშრომლად შემარჩიეს. ცოტა ხანში გადაცემა „ინტერმეცოს“ დამოუკიდებლად მომზადება მანდეს. ვარჩევდი თემატიკას, ვაკეთებდი სიუჟეტებს დამწყებ და ცნობილ მუსიკოსებზე, ვაშუქებდი და კრიტიკულ ანალიზს ვუკეთებდი კლასიკური მუსიკის ფესტივალებს. ეს ჩემთვის ჯადოსნური გარემო და სრულიად დაუვიწყარი გამოცდილება იყო. გულმოდგინედ ვშრომობდი და ყველა სიახლეს ვისრუტავდი.

შემდეგ იყო დიდი ცვლილებების პერიოდი. საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოვაჩინე და სწავლა გავაგრძელე GIPA-ს სახელმწიფო მართვის სკოლაში, სადაც მივიღე თეორიული ცოდნა ზოგად მენეჯმენტში. პარალელურად ვმუშაობდი თარჯიმნად სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. აქ მქონდა პირველი ხელფასიც.

სრული განაკვეთით მუშაობა მაგისტრატურის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო “მაკენ ერიქსონ ჯორჯიაში“ დავიწყე, სადაც სტანდარტული შერჩევის ეტაპების გავლით მოვხვდი. გავხდი მსხვილი ბრენდების ექაუნთ მენეჯერი, მევალებოდა მათი მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულება. აქ მკაფიოდ ჩამოვყალიბდი რა მინდოდა მეკეთებინა მომავალში.

მას შემდეგ ბევრი სამსახური გამოვიცვალე და მოვედი „შატო მუხრანამდე“, სადაც უკვე ჩემს ხელში დაიბადა და წარმატებით განვითარდა კომპანიის ახალი ბიზნეს მიმართულებები – ღვინის ტურიზმი და საქმიანი ტურიზმი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მაქსიმალურად ვიხარჯები საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

ელენე ოთარაშვილი – კომპანია „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

განხილვა