in

საქართველოს პირველი წარმომადგენელი Cannes Lions-ის RHSA აკადემიაში – ელენე ფირალიშვილის ამბავი

წელს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ეყოლება Cannes Academy-ის პრესტიჟულ Roger Hatchuel Student Academy (RHSA)-ში. ეს როლი 21 წლის ელენე ფირალიშვილს ერგო, რომელიც 2026 წლის 21-26 ივნისს, კანის ფესტივალის ეპიცენტრში, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებს შორის აღმოჩნდება. „კანის ლომის“ მოპოვება ჯერ კიდევ წლების წინ დაისახა მიზნად. დღეს კი საკუთარ თავზე გვიამბობს. ახალი თაობის შემოქმედი, როგორც თავად ჰყვება, პროფესიულ ჩარჩოებს არ ცნობს. მისთვის კრეატივი ფორმებისა და ფერების სინთეზის გარდა, A და B წერტილების ისეთი ოსტატური დაკავშირებაა, სადაც მთავარი ხაზი სხვებისთვის უხილავი რჩება. ელენეს სჯერა, რომ ნებისმიერი შემოქმედების მთავარი საწვავი ის გაუფილტრავი, ადამიანური გულწრფელობაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებიც კი ვერასდროს ისწავლიან.

M: ელენე, პირველ რიგში, უდიდესი მილოცვა ჩვენგან! ახლახან ცნობილი გახდა, რომ წელს „კანის ლომების“ აკადემიაში მიემგზავრები. მოგვიყევი, როგორ გადაწყვიტე კონკურსში ძალების მოსინჯვა და რა ემოციებთან არის დაკავშირებული ეს გამარჯვება?

„მარკეტერზე“ წავაწყდი სტატიას, რომ წელს პირველად, ქართველებსაც მოგვეცა ამ აკადემიაში მონაწილეობის უფლება. თავიდან გავიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, მაგრამ ადამიანებს ხომ გვაქვს ეგ მომენტი: ვნახავთ კარგ შესაძლებლობას, „დავისეივებთ“, მერე დედლაინიდან სამ თვეში შეგვხვდება ეგ დასქრინული ფოტო და ვფიქრობთ, რატომ არ ვცადეო. საბედნიეროდ, მე ვცადე და გავაგზავნე ჩემი CV, პორტრეტი და 2-წუთიანი სამოტივაციო ვიდეო.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის? ეს უბრალოდ შანსი არ არის, რაღაც წარმოუდგენლად მაგარი შესაძლებლობაა! იქ ხომ ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანები იყრიან თავს. წარმოიდგინეთ ეს ახალი კონტაქტები, განსხვავებული მსოფლმხედველობის გაცნობა, სხვების პერსპექტივიდან (POV) დანახული სამყარო… მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილებაა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ წლების წინ ვთქვი, რომ 26 წლის როცა გავხდები, „კანის ლომებს“ მოვიგებ-მეთქი და იქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

M: სანამ უშუალოდ შენი ყოველდღიურობის შემოქმედებით პროცესებში გადავეშვებით, გაგვეცანი – ვინ არის ელენე ფირალიშვილი და რას მოიცავს შენი ყოველდღიური საქმე?

21 წლის ვარ და ჯერჯერობით, ისევ სტუდენტის სტატუსს ვატარებ. ამჟამად Starcom Georgia-ში ვმუშაობ, თუმცა ჩემს პროფესიას კონკრეტულ სახელს ჯერ ვერ ვარქმევ. ოფიციალურად გრაფიკული დიზაინერი ვარ, მაგრამ რეალურად, ხშირად მიწევს კრეატიული კამპანიების დაგეგმვა, იდეების გენერირება და კიდევ ათას რამეზე ვარ მოდებული. ამიტომაც, როცა მეკითხებიან, ვინ ხარო, მიჭირს ერთი პროფესიის დასახელება და უბრალოდ Young Creative-თქო – ვპასუხობ.

რაც შეეხება გამოცდილებას: ფრილანსზე მქონდა ერთი-ორი პროექტი, ფოტოგრაფადაც მიმუშავია, თუმცა აქ მუშაობა მას შემდეგ დავიწყე, რაც დავბრუნდი ბელგიიდან, სადაც გაცვლითი პროგრამით „Thomas More Catholic University“-ში ვსწავლობდი. ასე რომ, ეს ჩემი პირველი ოფიციალური სამსახურია.

M: საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს შენი კავშირი შემოქმედებით სფეოსთან, ეს უფრო ოჯახური გავლენაა, თუ ინდივიდუალურად იკვლევდი ამ სამყაროს?

ბავშვობაში, ალბათ, მედიცინის გარდა ყველაფრის კეთება მინდოდა. მაინტერესებდა კინოდოკუმენტალისტობა, მხატვრობა… ყველაზე სასაცილო ის არის, რომ დეტექტივებზე ისე ვიყავი შეყვარებული, კრიმინალური და ნარკოლოგიური ფსიქიატრობაც კი მინდოდა!

რაც შეეხება ოჯახს, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი სამხატვრო აკადემიის ლექტორები არიან, ბებია სარეკლამო სფეროშიც ტრიალებდა. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ სულ მესმოდა სიტყვები: რეკლამა, PR… არავის დაუძალებია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მოსაწყენი საქმე და მთელი დღე საბუთებში ჩახედვა ჩემი სტილი ნამდვილად არ იყო. მოკლედ, 2022-ში ჩავაბარე GIPA-ში, ფაკულტეტს „აუდიოვიზუალური და მედია ხელოვნება“ ერქვა – გრძელი და ჟღერადი სათაური ჰქონდა, სადაც ყველა სიტყვა მაინტერესებდა. მივედი, ძალიან მომეწონა, დავრჩი და ასე დაიწყო ეს ყველაფერი.

M: რას ნიშნავს პირადად შენთვის კრეატიული ინდუსტრია და როგორ იბადება ხოლმე შენს გონებაში ის იდეები, რომლებიც საბოლოოდ ადამიანებამდე მიდის?

ჩემთვის ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელია, რადგან მთლიანად ადამიანურ ინსაითებზე, ემოციებზე და გამოცდილებებზე დგას. მაგალითად, როცა Apple გეუბნება, რომ გამორჩეული ხარ, პროდუქტის შეძენისთანავე შენც რაღაც დიდი ქომიუნითის წევრად გრძნობ თავს. ამ შეგრძნებების გამოწვევა წარმოუდგენლად საინტერესო და, ცოტა არ იყოს, მანიპულაციური პროცესიცაა.

როგორ იბადება იდეა? კრეატივი, ჩემი აზრით, A და B წერტილების ისე დაკავშირებაა, რომ სხვებისთვის ეს გზა ზედაპირზე არ დევდეს და მარტივად ხილული არ იყოს. ჯერ ბრიფს ვკითხულობ, მთავარ სიტყვებს ვინიშნავ და ვიწყებ კვლევას – ვძვრები Reddit-სა და Facebook ჯგუფებში, რომ გავიგო, რას ფიქრობენ ადამიანები სინამდვილეში, ყოველგვარი ფილტრის გარეშე. მერე ვისვენებ, რომ ტვინში ინფორმაცია კარგად გადაიხარშოს. ამის შემდეგ, მე და ჩემი კრეატიული მეწყვილე ვსხდებით, ვსაუბრობთ და როცა ვგრძნობთ, რომ ტვინი მზადაა, ვიშლებით. 15 წუთში თითოეული ვწერთ 10 იდეას. შემდეგ ამ იდეებს ვცხრილავთ, ვაერთიანებთ და ასე მივდივართ საბოლოო კონცეფციამდე.

M: დღეს ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში, მათ შორის, კრეატივშიც აქტიურად შემოიჭრა. როგორ ინარჩუნებ ავთენტურობას იმ პირობებში, როცა ირგვლივ უამრავი კამპანიაა და AI-იც თავის იდეებს გთავაზობს?

AI საქმეს ბოლომდე ვერასდროს გაგიკეთებს, მარტივი მიზეზის გამო – მას „ადამიანად ყოფნის გამოცდილება“ არ აქვს. ის გაძლევს ყველაზე „უსაფრთხო“ და სტანდარტულ ვარიანტებს, რომლებიც ადამიანებთან ისე არასდროს რეზონირებს, როგორც ნამდვილი, გულწრფელი იდეა. პირადად მე, მას კრიტიკოსის როლში ვიყენებ. ვთხოვ, რომ ჩემი იდეა გამიკრიტიკოს. თუ მის დასმულ კითხვებს ლოგიკურ პასუხს გავცემ, ვხვდები, რომ იდეა მყარია. ასევე, დიზაინისთვის ვიზუალების გენერირებაში ძალიან მეხმარება და უზარმაზარ დროს მიზოგავს.

რაც შეეხება ორიგინალურობას – როცა იდეა მომდის, აუცილებლად ვამოწმებ. თუ რამე მსგავსი უკვე არსებობს, იმ იდეას დაუნდობლად ვკლავ. მთავარია, პირდაპირ არაფერი დავაკოპიროთ. ვიღებთ ინსპირაციას, ვამატებთ ჩვენს ხედვას და ვძერწავთ სრულიად ახალ, ავთენტურ პროდუქტს.

M: რომელ კამპანიებს გამოარჩევდი, რომლებმაც შენზე, როგორც კრეატორზე, განსაკუთრებული გავლენა მოახდინა? თავად რა მიმართულებებზე იმუშავებდი ენთუზიაზმით?

ჩემთვის, როგორც გოგოსთვის, ქალის იდენტობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, განსაკუთრებულად გამახსოვრდება Always-ის Like a Girl და Bodyform-ის Womb Stories. ეს უკანასკნელი, საერთოდ, პირველი გულწრფელი რეკლამა იყო ამ თემაზე. ასევე გიჟურად მიყვარს Burger King-ის დაობებული ბურგერის კამპანია, ხოლო ქართული რეალობიდან – GWP-ის ვიდეო მუშებზე.

რაც შეეხება ჩემს საოცნებო პროექტებს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საპროტესტო მოძრაობის სარეკლამო მიმართულებით, რომელიც ნათლად, შელამაზების გარეშე აჩვენებს საქართველოს დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ძალიან მინდა გავაკეთო პროექტი, რომელიც ქალებს დაეხმარება, საკუთარი თავი დააყენონ პირველ ადგილზე და დაძლიონ ეგრეთ წოდებული „People pleasing“ სინდრომი, რაც ქართველ ქალებში ასე ღრმად არის გამჯდარი.

M: რა გაძლევს ინსპირაციას და გეხმარება მუდმივ განვითარებაში?

ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია – ფაქტობრივად, სულ კამერით დავდივარ. კიდევ, ხშირად ვახსენებ საკუთარ თავს, რომ თავისუფალი ნება მაქვს და შემიძლია, აი, ახლა, ქუჩაში უბრალოდ გავჩერდე, დავტრიალდე და გზა ისე გავაგრძელო. სამსახურის გარეთ ვაკეთებ ე.წ. „Ghost პროექტებსაც“, ვფიქრობ კონცეფციებზე და ამით ჩემს პორტფოლიოსაც ვაძლიერებ. ისე კი, რაც ვიცი, ყველაფერი ჩემი ლექტორებისგან ვისწავლე და ვცდილობ, ეს ცოდნა ყოველდღიურად განვავითარო.

M: რა არის შენი მთავარი მოტივაცია კრეატივის სფეროში და როგორ ხედავ შენს სამომავლო გზას ამ ინდუსტრიაში?

სამომავლოდ, დიდი სიამოვნებით გადავინაცვლებდი ფროდაქშენის მხარეს და ძალებს არტ დირექტორის პოზიციაზეც მოვსინჯავდი.

რაც შეეხება მოტივაციას – ყველაზე დასამახსოვრებელი რჩევა, რაც კი ოდესმე მიმიღია, ეკა ყიფიანის სიტყვებია: „იყავი გულწრფელი“. შესაბამისად, ჩემი, როგორც კრეატორის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს არის – ვიყო ბოლომდე გულწრფელი და შევქმნა ადამიანებისთვის ისეთი რამ, რაც ზუსტად იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ და რეალურად დაეხმარებათ.


Journalist: Nuka Barbare Chokheli

Content & Visuals: David Kupatadze

500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო