in

ელენე შენგელია გერმანული სააგენტოს, STEIN-ის უფროსი არტ დირექტორი გახდა!

წარმატებული ქართველების საერთაშორისო დონის კომპანიებთან თანამშრომლობაზე არაერთხელ დაგვიწერია და ეს მცირე ინტერვიუც სწორედ ამაზეა – ელენე შენგელია გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში მოქმედი კომპანიის, STEIN-ის უფროსი არტ დირექტორი გახდა! 

BOG
BOG

STEIN ერთ-ერთი უდიდესი სააგენტოა, რომელიც მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით 1969 წლიდან მუშაობს და საკუთარ თავს POS (point-of-sale) ექსპერტად მოიხსენიებს. ბრენდის რწმენა დიდ გამოცდილებას ეფუძნება და მისმა გუნდმა იცის, როგორ აქციოს უბრალო მომხმარებელი რეალურ მყიდველად ამა თუ იმ ბიზნესისთვის. 

თუ როგორ მოხვდა ამ გუნდში ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე „გოგონა საქართველოდან”, ამაზე თავად ელენე გვესაუბრა:

„ჩემი თანამშრომლობა STEIN-თან სრულიად შემთხვევით დაიწყო. ჩემი ერთი მეგობარი მუშაობს კომპანიაში, რომელიც STEIN-ისთვის ეძებს ტალანტებს კრეატივის მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი ვაკანტური ადგილი იყო არტ დირექტორის პოზიცია. გავიარე შესაბამისი გასაუბრება უკვე უშუალოდ ბრენდის წარმომადგენლებთან და ასე დავიწყე მუშაობა ჯერ არტ დირექტორის პოზიციაზე, ხოლო ამა წლის იანვრიდან დამაწინაურეს, როგორც უფროსი არტ დირექტორი”, – ელენე შენგელია.

M: როგორია გუნდი, რომელიც აქ დაგხვდათ და რა მოგწონთ ამ გარემოში ყველაზე მეტად?

ჩემი გუნდი ძალიან მომწონს, რადგან ძალიან კარგი და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება. მყავს სუპერვაიზერი, რომელიც არის გუნდის სხვა წევრებზე ორიენტირებული და ძალიან მოწესრიგებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ავიყვანე ქართველი ასისტენტი, რადგან თვითონ STEIN კმაყოფილი იყო ჩემით და სურდათ, რომ კიდევ აეყვანათ ქართველი გუნდში. 

საერთო ჯამში, მთელი გუნდი არის ძალიან მეგობრული, გარემო ყოვლად არატოქსიკურია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კრეატივისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. 

ისიც უნდა ითქვას, რომ დისტანციურად ვმუშაობ და ასეთ დროს ცოტა რთულია ხოლმე ინტეგრირება შორ მანძილზე, თუმცა გარემომ, გუნდმა და მენეჯმენტმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ თავს სრულად ინტეგრირებულად მივიჩნევ.

M: STEIN-ამდე თქვენ ქართულ სააგენტოებთან მუშაობის გამოცდილებაც გქონდათ: როგორ შეაფასებდით ამ განვლილ გზას და იმ ცვლილებებს, რაც ახალ კომპანიაში გადასვლისას შეგხვდათ?

ვმუშაობდი ისეთ კომპანიებში, რომლებიც საქართველოში ნამდვილად TOP სააგენტოებად ითვლება. ეს იყო „რედბერი”, „ვინდფორსი” და ა.შ. მყავდა ძალიან კარგი კოლეგები და ზოგადად, ვთვლი, რომ ქართველები ძალიან შემოქმედებითი ადამიანები არიან, თუმცა, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, STEIN-თან მუშაობა ბევრად კომფორტულად მეჩვენება, რადგან უფრო სტრუქტურირებული სტილის მომხრე ვარ. გარდა ამისა, აქ მუშაობა საშუალებას მაძლევს, ისეთ დიდ კომპანიებთან ვითანამშრომლო, როგორებიცაა, მაგალითად: HP და Playmobile. 

M: ელენე, თუ ფიქრობთ, რომ STEIN-ში  ამ პოზიციის დაკავება სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრაა თქვენთვის?

ეს ის შემთხვევაა, როცა ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას და სწორ დროს მოვხვდი. ჩემი სამომავლო გეგმებიც მთლიანად ამ კომპანიას უკავშირდება, მინდა, რომ მომდევნო რამდენიმე წელი სტაბილურად STEIN-ში ვიმუშაო, განვვითარდე კარიერულად, დავაგროვო ცოდნა და ჩემი მომავალი საქმიანობაც გერმანიას დავუკავშირო, რადგან ძალიან მომწონს მათი მუშაობის სტრუქტურა და კულტურა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

როგორ იყენებენ ხელოვნების ძალას რეკლამაში?