in

ელენე ზატუაშვილი: 9 წლიანი კარიერული მოგზაურობა JTI-ში

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მოვხვდი დამსაქმებელთა ერთ-ერთ  ფორუმზე. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და აქტიურად ვეძებდი სამსახურს მარკეტინგის მიმართულებით. Japan Tobacco International-ის სტენდთან ჩემი აპლიკაციის დატოვებამ გაამართლა და დამირეკეს, რის შედეგადაც წარმატებით გავიარე  გასაუბრება და დავიწყე სტაჟიორად მუშაობა.

ვიყავი გამოუცდელი, მაგრამ მონდომებული. ჩემს პასუხისმგებლობაში შედიოდა კომპანიის როგორც ბრენდის შიდა განვითარება, ისე მის გარე იმიჯზე ზრუნვა. ჩემი კარიერა სწრაფად განვითარდა. სულ მინდოდა ბრენდზე მუშაობა და მალევე მარკეტინგის გუნდს შევუერთდი, ბრენდ კოორდინატორად. ჩემი პირველი სწრაფი ზრდაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება – უამრავმა პროექტმა და სამ ბაზარზე მუშაობამ, ჩემს პროფესიულ ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა და ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს კარიერაში.

შიდა შესარჩევი გასაუბრებების გავლის შედეგად, გადავედი დუბაიში, სადაც ექვსი ქვეყნის ბაზრის ბრენდ მენეჯერი ვიყავი. რთული იყო იმდენად, რამდენადაც გარდა მენეჯერული უნარებისა, კულტურული სხვაობაც უნდა გამეთვალისწინებინა, წარმატებული სამსახურებრივი კომუნიკაციების დასამყარებლად. გამიმართლა, რომ ძალიან კარგი გუნდი შემხვდა, რომლის მხარდაჭერითაც ძალიან მალე გავიარე ადაპტაცია.

მომდევნო დიდი საფეხური კი ჟენევა აღმოჩნდა – გლობალური ბრენდ ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი ბრენდის გლობალ კომუნიკაციებზე ვიყავი პასუხისმგებელი. სრულიად განსხვავებული და შესანიშნავი გამოცდილება იყო ბრენდზე ამ კუთხიდან მუშაობა, საკომუნიკაციო კონცეფციების შექმნა და განვითარება, ბაზრებისთვის მხარდაჭერის გაწევა. სამუშაო კულტურაც მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მიმართული როგორც გუნდურ მუშაობაზე, ასევე ინდივიდუალიზმსა და პროექტის დამოუკიდებელ მენეჯმენტზე.

ამ დროისთვის კი, ჩემი საქმიანობა მარკეტინული პროცესების გაუმჯობესებასა და ეჯაილ მეთოდოლოგიის დანერგვას მოიცავს.

ყოველთვის ღია ვიყავი სიახლეებისადმი, მქონდა დიდი მონდომება და მოტივაცია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპანიას ხელი შეეწყო ამ ყველაფერში. ამას კი აადვილებდა გახსნილი, მეგობრული და მრავალფეროვანი გუნდი და სწორი მიდგომა საკითხებისა და განსაკუთრებით, გამოწვევების მიმართ. სიტყვა „გამოწვევა“ ჩვენთან ყოველთვის პოზიტიურ კონტექსტში განიხილება და თავის თავში მოიაზრებს პოტენციურ წარმატებას ან წინსვლას, დაბრკოლების გადალახვის შედეგად.

არ მიფიქრია, რომ ჩემი და JTI-ის მეგობრობა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. თუმცა, ჩემი კარიერა ისე აეწყო, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, კარიერული ცვლილება მქონდა და ახალი პოზიციები კი სულ სტიმულს მაძლევდა, სხვადასხვა გამოცდილება მიმეღო და განვვითარებულიყავი.

9 წელმა ჩამომიყალიბა გარკვეული პრინციპები, რაც მნიშვნელოვანია კარიერული პროგრესისთვის; სწორი მიდგომა საკითხების მიმართ, რაც არ უნდა რთული ჩანდეს „ამოცანა“, დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა შენი საქმისა და გუნდის მიმართ, სწორი კომუნიკაცია მულტი-კულტურულ გარემოში, ადაპტაცია და მოქნილობა, სტრესული სიტუაციის მიუხედავად და რა თქმა უნდა, მუდმივი მზადყოფნა ახალი გამოწვევებისთვის.

ელენე ზატუაშვილი – Japan Tobacco International-ის ეჯაილ მარკეტინგ მენეჯერი.

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს Japan Tobacco International-ის შეხედულებებს.

„სომელიე“ – ბრენდი, რომლის მთავარი ღირებულებაც „ადამიანისა და ღვინის იდეალური კომბინაციაა“

სინგაპურის ქუჩებში რობოტები არასასურველ სოციალურ ქცევებს გააკონტროლებენ