ჩემი პირველი სერიოზული პროფესიული გამოცდილება დაკავშირებული იყო Angel.ge-სთან, რომლისთვისაც ვიღებდი თბილისის ქუჩის მოდის ამსახველ ფოტოებს. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი. თავდაპირველად, ეს ჰობი უფრო იყო – უბრალოდ ვიღებდი ფოტოებს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ვტვირთავდი ჩემ მიერ შექმნილ Facebook-ის გვერდზე, რომელსაც „თბილისის ქუჩის მოდა“ ვუწოდე. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები კონტენტის შექმნის სამყაროში, სადაც ვცდილობდი ქუჩის მოდის უნიკალური ელემენტები წარმომეჩინა.
Angel.ge-ის საიტის დამფუძნებლებმა შეამჩნიეს ჩემი ნამუშევრები და თავად შემომთავაზეს მათთან თანამშრომლობა. ასე იქცა ჩემი ჰობი ანაზღაურებად საქმიანობად. ყოველ კვირას, ორი დღის განმავლობაში, რამდენიმე საათს თბილისის ქუჩებში დავსეირნობდი, ვეძებდი საინტერესოდ და განსხვავებულად ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ობიექტივისთვის იდეალურები იქნებოდნენ. ეს იყო 2011-2014 წლების პერიოდი, როდესაც ქუჩის ფოტოგრაფია ჯერ კიდევ არ იყო ისე პოპულარული საქართველოში და ბევრი ადამიანი ერიდებოდა კამერის წინ დადგომას.
თავიდან უმეტესობა უარს მეუბნებოდა ფოტოს გადაღებაზე. ზოგიერთს ამის გამო სახეზე ვერ ვუღებდი, რაც კომპოზიციურად არ მაკმაყოფილებდა. როგორც ფოტოგრაფს, ეს ძალიან მაწუხებდა, რადგან სრულყოფილი კომპოზიცია მინდოდა მიმეღო.
თუმცა, დროთა განმავლობაში Angel.ge და ჩემი ფოტოპროექტი უფრო პოპულარული გახდა. ნელ-ნელა, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მეუბნებოდა უარს ფოტოს გადაღებაზე. პირიქით, ბევრს უკვე უხაროდა კიდეც, როდესაც ვაჩერებდი და მათი სტილის შესახებ ინტერესს გამოვხატავდი.
ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა თბილისის სტილის ევოლუციაში. დღეს, როდესაც ვუყურებ ამ ფოტოების კოლექციას, ვხვდები, რომ შევქმენი უნიკალური არქივი, რომელიც ასახავს თბილისის ქუჩის მოდის ისტორიას 2011-2014 წლებში. ეს არქივი, ალბათ, ძალიან საინტერესო სანახავი იქნება მომავალი თაობებისთვის, რადგან ის მოგვითხრობს არა მხოლოდ სამოსის შესახებ, არამედ საზოგადოების, კულტურის და ურბანული იდენტობის ცვლილებებზე.
როგორც კონტენტ კრეატორმა, ეს გამოცდილება იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩემს პროფესიულ ზრდაში და დამეხმარა ჩამოვყალიბებულიყავი ვიზუალური ისტორიების მთხრობელად.
ელენიკო რუხაძე – კონტენტ კრეატორი












