რადბუდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგებმა ენერგიის გამომუშავება ბაქტერიის დახმარებით შეძლეს. მათ დაამტკიცეს, რომ მეთანის მომხმარებელი ბაქტერიებით ლაბორატორიაში ენერგიის მიღებაა შესაძლებელი.
Candidatus Methanoperedens ბაქტერიები მეთანს გაზრდისთვის იყენებს და ძირითადად მტკნარ წყლებში, მათ შორის ტბებშიც გვხვდება. ეს ბაქტერიები ისეთ ადგილებშიც მრავლდება, სადაც ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები აზოტით არის დაბინძურებული, რადგან ეს მათ მეთანის დასაშლელად სჭირდება. მკვლევრებს კი აინტერესებდათ, შესაძლებელი იყო თუ არა მისი გამოყენება ენერგიის გამომუშავებისთვის.
„შესაძლოა, ეს ძალიან სასარგებლო იყოს ენერგეტიკის სექტორისთვის. ამჟამინდელი ბიოგაზის დანადგარებში მეთანი მიკროორგანიზმების მიერ იწარმოება და შემდეგ იწვის. ეს ტურბინას ამოძრავებს და ენერგიას გამოიმუშავებს, ენერგიად კი ბიოგაზის ნახევარზე ნაკლები გარდაიქმნება და ეს ის მაქსიმუმია, რისი გამომუშავებაც მას შეუძლია. ახლა კი გვინდა შევაფასოთ, შეგვიძლია თუ არა მიკროორგანიზმების უკეთ გამოყენება“, — ამბობს კორნელია ველტე, მიკრობიოლოგი.
მანამდე კი მიკრობიოლოგებმა ნიჟმეგენიდან დაამტკიცეს, რომ ენერგიის გამომუშავება ანამოქსის ბაქტერიების გამოყენებით იყო შესაძლებელი.
„ამ ბაქტერიებში პროცესი ძირითადად ერთნაირია. ჩვენ ვქმნით ერთგვარ ბატარეას ორი ტერმინალით, ერთი ბიოლოგიურია, მეორე კი — ქიმიური. ბაქტერიას ერთ-ერთ ელექტროდზე ვზრდით და ის მეთანის გარდაქმნის შედეგად ელექტრონებს წარმოქმნის“, — განმარტავს ჰელინ ოუბოტერი, მიკრობიოლოგი.
ამ მეთოდით მკვლევრებმა მეთანის 31%-ის ელექტროენერგიად გარდაქმნა მოახერხეს. თუმცა მათი მიზანი ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებაა. ამიტომ, მიკრობიოლოგები სისტემის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აგრძელებენ.