15
Nov
2018

ერთი წარწერა კოსმოსურ ობიექტზე, ანუ ხიდებიდან ვარსკვლავებამდე…   

15 Nov 2018

ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს საზღვრებს, ფიზიკურად, არასდროს გასცდენია, თუმცა, ის, რაც მან შექმნა, დედამიწის საზღვრებსაც გასცდა… იგი 1999 წელს გავიდა კოსმოსში და დღემდე, ევროპის მასშტაბით, ყველაზე დიდი ზომის რეფლექტორია დედამიწის ორბიტაზე. „კონსტრუქცია უკვე კოსმოდრომზე უნდა გაგვეგზავნა. უკვე რომ ვკრავდით შეფუთვას, ერთმა ჩემმა შესანიშნავმა თანამშრომელმა, გვარად ბედუკაძემ, ჩემგან მითითება მიიღო – მიუხედავად რუსებთან არსებული შეთანხმებისა, რომ კონსტრუქციას არანაირი წარწერა არ ჰქონოდა, რეფლექტორს ასე წავაწერეთ: „პირველი ქართული კონსტრუქცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“.

 

იმ დროისთვის, სულ რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა გაშვებული კოსმოსში ობიექტი. რეფლექტორის ორბიტაზე გაშვების დღე – 23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედაა გამოცხადებული. ეს ისტორიული მოვლენა იყო საქართველოსთვის და არამხოლოდ მისთვის; ქართული რეფლექტორი, მსოფლიო დონეზეა აღიარებული, ახალი პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად კოსმოსურ ტექნიკაში. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შემქმნელი, სამხედრო და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, პროფესორი ელგუჯა მეძმარიაშვილი წლევანდელი POPXSpotlight-ის სტუმარია. იგი  საკუთარ კოსმოსურ  გამოცდილებაზე ისაუბრებს, და ასევე, ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე.

ელგუჯა მეძმარიაშვილის წოდებების ჩამონათვალი, დღეისათვის ამგვარია:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გიორგი ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს, საბჭოთა კავშირის, რუსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.

M: ყველა ბავშვი ოცნებობს კოსმოსზეთქვენც ოცნებობდით? ანუ, ის გამონაკლისი ხართ, ვისაც ოცნება აუხდა?
ბავშვობაში ბათუმში ვცხოვრობდი. ჩემი ინტერესები ძალიან მრავალფეროვანი იყო. მინდოდა გამოვსულიყავი ინჟინერი, მშენებელი, კინორეჟისორი, (კინომოყვარული ვიყავი და იმ პერიოდში, ვიღებდი კიდეც სამოყვარულო ფილმებს). ასევე, მინდოდა გამოვსულიყავი საფრენი აპარატების კოსტრუქტორი, დიპლომატი, ექიმი. ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობდი. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წამოვედი…

M: როგორ გახდა ელგუჯა მეძმარიაშვილი კონსტრუქტორი?
ჩემ დროს, ძალიან რთული იყო სამედიცინოზე ჩაბარება, ცოდნა უკანა პლანზე იყო გადასული, მთავარი იყო რაღაც სხვა გზა მოგეძებნა. მამაჩემმაც მოძებნა… მის ნაცნობთან ერთად უნდა მიმეტანა საბუთები და ჩავაბარებდი. მანამდე პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან ჩავიარე და ვნახე, რომ დიდი რიგი იდგა. როცა მამამ დამირეკა და მკითხა – „ნახე ის კაცი?“ ვუპასუხე: „არა, მაგრამ საბუთები უკვე შეტანილი მაქვს“. ვერ მიხვდა, როგორ შევძელი ეს „კაცის გარეშე“.  მაშინ ვუთხარი, რომ სამედიცინოზე კი არა, სამშენებლო ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. მამამ ყურმილი დამიკიდა…

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე ძალიან ცოტა ადამიანს იღებდნენ. დიდი კონკურსი იყო, 25 სტუდენტი უნდა ჩარიცხულიყო და 1 ადგილზე 75 აბიტურიენტი აცხადებდა პრეტენზიას. მახსოვს, 5 გამოცდა იყო, 25 ქულა ავიღე და ჩავირიცხე. როდესაც ინსტიტუტში ვიყავი უკვე ვგრძნობდი, რომ გენერალური კონსტრუქტორი უნდა ვყოფილიყავი. მაშინვე მინდოდა საფრენი აპარატები მესწავლა, თუმცა, იმ მომენტში, უფრო მშენებლობისკენ იყო გადახრილი ჩემი ინტერესი.

ინსტიტუტის და ამთავრების შემდეგ, კათედრაზე დამტოვეს. ლექციებზი უნდა წამეკითხა,  მაგრამ ასპირანტურაში ჩავაბარე. ამ კათედრის ხელმძღვანელი იყო დიმიტრი დოლიძე, უმკაცრესი კაცი. უნდა ჩამდგარიყავი იმ არხში, რაც სტუდენტებისთვის ჰქონდა გამზადებული. მე კი, უფრო დამოუკიდებლად მერჩივნა გეზის აღება. ამიტომ, ალიოშა რაზმაძის კათედრაზე ჩავაბარე. პირველი ორი წელი, თითქმის, არაფერი გამიკეთებია, ხან ქირომანტიით ვიყავი გატაცებული, ხან ბიბლიოთეკაში დავდიოდი. ორი წლის შემდეგ კი, პეტერბურგის ოლიმპიური დარბაზის გადახურვის კონსტრუქციის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და საუკეთესოთა შორის აღმოვჩნდი. დავიცავი დისერტაცია, შემდეგ იყო საზოგადოებრივი მუშაობა, ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო და ასე ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ სამხედრო, ტრანსფორმირებადი ხიდები უნდა მეკეთებინა.

M: ამ დროს შეიქმნა თქვენი ტრანსფორმირებადი საინჟირნო სისტემების თეორია?
ეს ერთბაშად არ მომხდარა. რა თქმა უნდა, შექმნილ კონსტრუქციებზე დაყრდნობით შეიქმნა დაპირველი სწორედ ტრანსფორმირებადი ხიდები იყო. თავდაცვის სამინისტროში ამ პროექტის განხორციელებაში ირაკლი ჯორჯაძე დამეხმარა. იგი  იყო გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის აკადემიაში ერთ-ერთი ავტორიტეტი. მაშინ გავაკეთე გასაშლელი ხიდი, რომელიც ვერტმფრენით უნდა მიიტანო ადგილზე და რამდენიმე წუთში 48 მეტრი სიგრძისა ხდება.

M: რა გზით მიხვედით ხიდების კონსტრუქციებიდან კოსმოსურ ობიექტებამდე?
იმ პერიოდში, ამერიკა და საბჭოთა კავშირი კოსმოსში შეიარაღებაზე ეჯიბრებოდა ერთმანეთს და საჭირო იყო დიდი რეფლექტორის გაკეთება, რომელიც როგორც თვალი, ისე დააკვირდებოდა დედამიწას, ადრეულად აღმოაჩენდა ბალისტიკური რაკეტების სტარტს, სამხედრო ტექნიკისა და წყალქვეშა ნავების გადაადგილებას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირს ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ყველა ჩავარდა. ამისგამო, თავდაცვის მინისტრი უსტინოვი აღშფოთებულა სხდომაზე და მისი მოადგილისთვის, არმიის გენერალ შამანოვისთვის მიუცია დავალება, გადაეყარათ ყველაფერი რაც მანამდე იყო გაკეთებული და მოეძებნათ  ახალგაზრდა კაცი, რომელიც ახალი იდეებით დაიწყებდა მუშაობას. ასე მიაგნეს ამ ჩემს გასაიდუმლოებულ გამოგონებებს, რომლებიც ხიდების კონსტრუქციებში  მქონდა გამოყენებული. დამნიშნეს სამხედრო კოსმოსური ტექნიკის მთავარ კონსტრუქტორად. მუშაობა დავიწყე და სწორედ აქ გაჩნდა საქართველოს ინტერესებზე ფიქრი. შორს ვიყავი აზრისგან, რომ რუსეთში ვყოფილიყავი და საქმე სხვისთვის მეკეთებნია… ეს მე, ჩემი ქვეყნისთვისუნდა მეკეთებინა. სხვათა შორის მაშინ, ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ედუარდ შევარდნაძე სრულიად  დამეთანხმა, რომ ეს საქმე საქართველოში უნდა ყოფილიყო. გენერალურ კონსტრუქტორს, ანატოლი სავინს მიმართა,  რომელსაც ამერიკელებმა „ვარსკვლავური ომების ნათლია“ შეარქვეს. დაუკავშირდა და პირდაპირ უთხრა, რომ თუ ეს საქმე გაკეთდებოდა, ეს თავიდან ბოლომდე საქართველოში უნდა მომხდარიყო. გარკვეული ხნის შემდეგ, სავინი ჩამოვიდა და თქვა, კი ბატონო, ჩვენ ბაზას ავაშენებთო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოსთვის, როცა ორი სამხედრო სამრეწველო გადაწყვეტილება გამოიცა. ერთით დადგენილი იყო, რომ უნდა გაკეთებულიყო ბაზა, რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსური სისტემა. მეორე გადაწყვეტილება ავტონომიური თანამგზავრული კომპლექსის შექმნას გულისხმობდა, დიდი, გასაშლელი რეფლექტორის ბაზაზე. ასე რომ, საბჭოთა კავშირში ავიღეთ უკონკურენტო როლი და ვაკეთებდით როგორც მიწისზედა, ასევე, კოსმოსურ სისტემებს.

M: ამ პერიოდს უკავშირდება, თქვენ მიერ, საქართველოში კოსმოსური ტექნიკის სამეცნიერო და ტექნიკური სკოლის ჩამოყალიბება?
დიახ, სკოლის ჩამოყალიბება ამ პერიოდში დაიწყო. გასაიდუმლოებული იყო ჩემი ყველა სამუშაო, არ მქონდა პუბლიკაციების უფლება. როგორც მეცნიერი, კათედრის გამგეც ვიყავი, ნახევარ შტატზე, და მშენებლობის დარგში, კონსტრუქციებზე ვწერდი სტატიებს. სამეცნიერო სამუშაოზე რასაც ვაკეთებდი, 1995 წლამდე გასაიდუმლოებული იყო. ამის შემდეგ გამოვეცი წიგნი „ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეოერია“, ხოლო ერთ წლის შემდეგ – „ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები“. ეს წიგნი მთელ მსოფლიოში, ყველა მოწინავე კოსმოსურ კომპანიას დაურიგდა და ეს იყო შემობრუნების მომენტი. 1996 წლის დასაწყისში ჩამოვიდა ევროპული კომპანიის წარმომადგენელი და დამიდო ხელშეკრულება, ევროპული თანამგზავრებისთვის რეფლექტორის შექმნაზე. 1997 წლის ბოლოს, ჩამოვიდა რუსული სარაკეტო კოსმოსური კორპორაციის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ორბიტალურ სადგურ „მირზე“ ჩვენი ექსპერიმენტის ჩატარება სურდა.

M: რატომ დაინტერესდა რუსეთი ქართული ობიექტის კოსმოსში გაშვებით?
იმ პერიოდში, მთელი მსოფლიო ეუბნებოდა რუსეთს, რომ სადგური „მირი“ არ ვარგა, ძველია და ამოწურული აქვს რესურსიო. რუსებს უნდოდათ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ შესაძლებელი იყო ორბიტალურ სადგურზე ჩატარებულიყო ექსპერიმენტი, რომელიც ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ ჩაატარა ისე, რომ მისი დასაბუთება ჰქონოდათ ვიდეო და ფოტოკადრებით. რეფლექტორი რთულია სხვა სისტემებთან შედარებით. ჩვენ ვუთხარით, რომ ექსპერიმენტს ჩავატარებთ, მაგრამ საჭიროა, რომ მას საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდეს. სადგურზე  ინტერნაციონალური ეკიპაჟი იყო, მათ შორის ფრანგი პროფესიონალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ რაღაც გაუთვალსწინებელი არ მომხდარიყო. ჩვენ გვინდოდა წარმოგვეჩინა ეს კონსტრუქცია, რომ მთელ მსოფლიოს ენახა ეს პროცესი.

M: რამდენადაც ვიცით, ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვების შესახებ POPXSpotlight-ზე ვრცლად ისაუბრებთ. ამჯერად, თუ შეიძლება, მოკლედ აღგვიწერეთ ექსპერიმენტის პროცესი… 
კოსმოსურ ორბიტალურ სადგურ „მირზე“ რეფლექტორი  გრძელ თერმულ ელემენტზე უნდა დამაგრებულიყო. ეს თერმული სისტემის ბაზა საქართველოში საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და 31-ე ქარხანაში დავამზადეთ. ასე რომ, ერთმანეთს შეხვდნენ – ქართული ნაკეთობა, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელით გავიდა კოსმოსში და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გასული კოსმოსური ობიექტი.  შიშის გრძნობა არ გვტოვებდა,  სხვის მოედანზე ვთამაშობდით. მსოფლიო მედია კი, ამ ფაქტს შემდეგი ფორმულირებით აშუქებდა: „რუსულ სადგურზე ინტერნაციონალური ეკიპაჟი ქართულ კონსტრუქციას გამოცდის “.

M: რეფლექტორი მთლიანად საქართველოში იყო შექმნილი?
რეფლექტორის სამეცნიერო იდეა იყო ქართული, დაპროექტება ქართველების მიერ მოხდა, საქართველოს საავიაციო ქარხანაში დამზადდა, საქარხნო და სასტენდო გამოცდები საქართველოში ჩატარდა, საქართველოში დაიკეცა და მომზადდა გასაფრენად და აქედან გაიგზავნა კოსმოდრომზე ბაიკანურში. რეფლექტორის ორბიტაზე გაშვების ექსპერიმენტს კი მე ვმართავდი ჩვენი ლაბორატორიიდან.

M: რა მნიშვნელობისაა ეს ფაქტი მსოფლიოს კოსმონავტიკისთვის?
დღესაც, ევროპული სახელმწიფოებისათვის, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ორბიტაზე ამხელა კოსმოსური ობიექტი გავიდა. ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და დღესაც ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა. მხოლოდ ამერიკა გვჯობია და გვისწრებს ამ საკითხში. აწი, ალბათ კიდევ იქნება, დროც დადგა ამის, მაშინ კი ეს სიახლე იყო. ძალიან ბევრი ამოცანა შემოწმდა იმ ექსპერიმენტის დროს, გაშლა, გაშლის კონტროლი, ეკრანის დაჭიმვის ხარისხი, სიზუსტე, კონსტრუქციის რხევის სიზუსტე, სიმტკიცე და სხვა მრავალი ფაქტორი.

M: ჯერ კიდევ რჩება ქართული რეფლექტორი რეკორდსმენად?
ჩვენს შემთხვევაში, იყო 95 პარამეტრი, რომელიც უნდა შემოწმებულიყო და ყველა იდეალური იყო. ასეთი რხევის სიხშირე, დღესაც არ არის მიღწეული დედამიწაზე,  არათუ კოსმოსში. არც აშშ-ში, არც იაპონიაში და არც არსად, რაც ასევე უპრეცედენტოა.

M: რა კვალი დატოვა მსოფლიო კოსმონავტიკაში ქართული ობიექტის ორბიტაზე გაშვების წარმატებულმა ექსპერიმენტმა?
დღევანდელი კოსმოსური კონსტრუქციების, დაახლოებით 75% ქართული კონსტრუქციების ბაზაზეა დაფუძნებული. ამისთვის, მიღებული მაქვს ორი ამერიკული პატენტი და ორი ევროპატენტი. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ პატრონაჟი აიღო და ის იხდის ამ პატენტის შესანახვის ხარჯებს.

 

M: როგორ გრძელდება თქვენი საქმიანობა დღეს? 
ორი ორგანიზაცია მქონდა შექმნილი: საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო საინჟინრო აკადემია. 2006 წელს ორი მიმართულება გავაერთიანე და ტექნიკურ უნივერსიტეტში შევქმენი ერთი ორგანიზაცია. საქართველოში ავამოქმედე სადოქტორო პროგრამა სამხედრო მეცნიერებების დარგში. აკადემიკოსი ვარ და მეცნიერების აკადემიაში ჟურნალის „სამხედრო მეცნიერების“ რედაქტორიც გახლავართ. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და სტუდენტებს ვასწავლი. არსებობს ჩემს მიერ, ჩემი სამუშაოების ბაზაზე შექმნილი დისციპლინა – ტრანსფორმირებადი სისტემები, რომელიც უკვე მეცხრე წელია იკითხება. გარდა ამისა, ვაგრძელებ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას. დღეისათვის, ამერიკულ-უკრაინულ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის ვემზადები, კოსმოსური ობიექტის შესაქმნელად. ხოლო, ბოლო 5 წლის განმავლობაში შევასრულე ევროპის კოსმოსური სააგენტოს 3 ხელშეკრულება და ამან საქართველოს ასეულათასობით ევრო მოუტანა.

M: ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიებს ასწავლით, როგორია ახალგაზრდების პოტენციალი, როგორი თაობა მოდის?
თანამედროვე თაობაში სხვადასხვა პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ პერსპექტივას უნდა ხედავდნენ. გარდა ამისა, მაშინაც, როცა სწავლობენ, უნდა ჰქონდეთ რაღაც შემოსავალი. მიუხედავად პრობლემებისა, ბევრი მათგანი პოულობს წარმატების გზას. წლების წინ, ჩემს მიერ შექმნილი ტრანსფორმირებადი სისტემების თეორია სულ უფრო აქტუალური ხდება, საზღვარგარეთ ამაზე მოთხოვნა იზრდება.  მაგალითად, გერმანიაში წავიდა ჩემი სტუდენტი, ლერი ტატაშვილი, ასევე, საშა იაკობაშვილი – ინგლისში და ა.შ. გარდა ამისა, ახლო წარსულში ტენდერი გამოცხადდა, რომელიც გერმანულმა კომპანიამ მოიგო. პროექტი ჩემი იდეების მიხედვით მიდის და ჩემმა ერთ-ერთმა მოწაფემ ფირმა ჩამოაყალიბა და იმ დიდ კომპანიაში ანტენები ანდეს მას.

M: POPXSpotlight-ზე, კოსმოსური ობიექტების გაშვების გარდა რა იქნება თქვენი საუბრის თემა?
ვაპირებ ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრო, მოვიცვა საინჟინრო და სამხედრო დარგები. ჩემი ცხოვრების ამბავსაც მოვყვები და უცხოელი მეცნიერების შეფასებებზეც ვისაუბრებ. ასევე იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა ქარხანა და როგორ იქმნებოდა პროდუქცია საქართველოში კოსმოსში გასაშვებად.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა