ქართული კომპანია MORE is LOVE 2012 წელს დაარსდა. ონლაინ პლატფორმა, ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების პირველი ქართული ინტერნეტ მაღაზია, რომელიც ექსპორტზე მუშაობს და რომელმაც შეძლო ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერის პროდუქციის მსოფლიო ბაზრისთვის გაცნობა და მათზე მოთხოვნის გაზრდა; შექმნა გლობალურ ბაზარზე წარმატებული ნაქსოვი აქსესუარების ბრენდი „7II“; ქართული პროდუქტის ხარისხი გაუტოლა მსოფლიო სტანდარტს – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც კომპანია MORE is LOVE ითავსებს.
2014 წელს “EY საქართველოს” ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულ „წლის მეწარმის“ კონკურსში, კომპანიას დამსახურებულად ერგო გამარჯვება ნომინაციაში – „საქართველოს ახალი სახით წარმოჩენა“.
კომპანია ასევე აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას. MORE is LOVE-მა 13 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთელი კვირის განმავლობაში გაყიდული პროდუქციის შემოსავლის 10 % დაუთმო და თავად იზრუნა საჭირო პროდუქციის შეძენასა და ტრანსპორტირებაზე.
ამავე დროს, კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს საქველმოქმედო გვერდის – https://goo.gl/Yoopa2 – საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებას და წარმატებით ართმევს თავს ამ ფუნქციას.
„მარკეტერი“ გთავაზობთ ინტერვიუს MORE is LOVE-ის თანადამფუძნებელ და კრეატიულ დირექტორ ნინო ელიავასთან, რომელმაც კომპანიის საქმიანობა კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნო და სიამაყით აგვავსო, რომ ეს კომპანია ქართულია.
M: რა არის www.moreislove.com და რას სთავაზობს მომხმარებელს?
MORE is LOVE არის ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზია. ასევე, ონლაინ პლატფორმა, სადაც ხდება ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერების წარმოჩენა. moreislove.com-ს აქვს განყოფილება – EDITORIAL, რომელშიც შედის ონლაინ ჟურნალის რამდენიმე კატეგორია – the TALK – რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს დიზაინერთან. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ესა თუ ის დიზაინერი უფრო ახლოს გაიცნოს, გაიგოს, თუ სად სწავლობდა, რას საქმიანობს, როგორია მისი მსოფლმხედველობა.
ასევე, კატეგორია the LOOK – რომლისთვისაც ვარჩევთ ჩვენთვის საინტერესო, საქმიანობის სფეროში წარმატებულ გოგონას, რომელიც შემდეგ moreislove.com-ზე წარმოდგენილი პროდუქციიდან სასურველ სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ირჩევს. რესპონდენტი ყვება საკუთარი თავის შესახებ, თუ რატომ მოსწონს ჩვენი ონლაინ მაღაზია, რატომ აარჩია ესა თუ ის პროდუქტი. ძალიან საინტერესო და ადვილად საკითხავი რუბრიკაა. გვაქვს მთავარი განყოფილება – MAGAZINE. აქ ხდება ჩვენთან განთავსებული პროდუქციის გადაღება. ვიღებთ ქართველი და უცხოელი დიზაინერების პროდუქციის მიქსს.
ყოველ ჯერზე ვარჩევთ ადგილს, მოდელსა და ფოტოგრაფს. შემდეგ კი ჩვენი MAGAZINE უცხოურ პრესაში მიდის. ეს კატეგორია მომხმარებელს წარმოდგენას უქმნის, თუ როგორია პროდუქცია ჩაცმული, როგორ შეიძლება შეუხამო სხვადასხვა დიზაინერების შემოქმედება.
MAGAZINE-ის ბოლო გამოშვება იყო ექსკლუზიურად Harper’s Bazaar რუსეთისთვის გაკეთებული. ვთანამშრომლობთ – Harper’s Bazaar, L’Officiel, Buro 24/7, Grazia, Glamour და სხვა მრავალ ცნობილ გამოცემასთან. ძალიან ბევრი უცხოური მედიასაშუალება გვიჭერს მხარს. ძალიან მოსწონთ ფაქტი, რომ ვაპიარებთ და ვეხმარებით ახალბედა დიზაინერებს. იმის გარდა, რომ ონლაინ მაღაზია ვართ, სხვა დატვირთვაც გვაქვს.
დიზაინერისთვის ჩვენთან მოხვედრა არა მხოლოდ გაყიდვების კუთხით არის მომგებიანი, არამედ იმიტომაც, რომ მათი სახელი წარმატებულ უცხოელ დიზაინერებთან ერთ საფეხურზე ასოცირდება.
ბევრი ცნობილი მაღაზიის buyer-ი (პროდუქციის შემსყიდველი), მაგალითად, როგორიცაა მაღაზია Browns ლონდონში, ჩვენგან იგებს და შემდეგ უკვე ყიდულობს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას. ჩვენი დახმარებით უკვე რამდენიმე ბრენდი შეიძინეს. ძალიან ცნობილმა მაღაზიამ – S*uce, რომელიც დუბაიში მდებარეობს, ასევე ჩვენგან შეიტყო სხვადასხვა დიზაინერის შესახებ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ბრენდები ონლაინ სივრცეში იგივე დონეზე განთავსდნენ, როგორც უცხოელი ახალგაზრდა დიზაინერები. ვცდილობთ ვაწარმოოთ ფარული პიარ კამპანია, რომ მომხმარებლისთვის ქართული პროდუქტი უცხოურის ხარისხის კატეგორიაში აღიქმებოდეს.
მომხმარებლებს ვთავაზობთ, იყვნენ გამორჩეულები და ჩაიცვან ისეთი სამოსი, რომელიც მასობრივად არ იწარმოება და იყიდება. ჩვენი კლიენტი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქცია, ხშირ შემთხვევაში, ექსკლუზიურია და იმის ალბათობა, რომ მისნაირად ჩაცმულ ადამიანს შეხვდება, ძალიან მცირეა.
M: როგორ შეარჩიეთ სახელწოდება?
სახელწოდება ჩვენი პარტნიორის, ანა მოქიას შვილმა მოიფიქრა. გახსნიდან პირველი ორი თვე მხოლოდ ბიჟუტერიის ონლაინ მაღაზია ვიყავით და შემდეგი სლოგანი გვქონდა: „More than love to accessories is only love to another human”.
სლოგანში ორ სიტყვაზე გაკეთდა აქცენტი MORE-სა და LOVE-ზე. სახელწოდებად სწორედ ამ სიტყვების კომბინაცია ავიღეთ. ჟღერადობაც მოგვწონდა და ადვილად დასამახსოვრებელიც იყო.
თავიდან ძალიან სასაცილო იყო, რომ ბევრი ადამიანი შენიშვნას გვაძლევდა, გრამატიკულად არასწორიაო. რა თქმა უნდა, კარგად ვიცოდით, რომ არასწორი იყო, მაგრამ დასახელებაში უფრო დიდი აზრი იყო ჩადებული, ვიდრე ზოგს ეგონა. და როგორც აღმოჩნდა, ყოველ ადამიანს თავისი ინტერპრეტაცია ჰქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო სხვა და სხვა საინტერესო ვერსიების გაგება, თუ ვისთვის რას ნიშნავს ჩვენი პროექტის სახელწოდება.
M: ეს თქვენთვის თავიდან ჰობი იყო, თუ ძირითადი საქმიანობა?
საქმეს თავიდანვე იმდენი დრო მიჰქონდა, რომ ჰობი ნამდვილად არ იყო. შაბათი-კვირა, დღე-ღამე არ ვიცოდით.
ძალიან რთული იყო თავიდან, რადგან ჩვენ ვიყავით საქართველოში პირველი ონლაინ მაღაზია, რომელიც ექსპორტზე მუშაობდა.
აქედან გამომდინარე, ყველა კონტრაქტორთან არაპრეცენდენტული კონტრაქტი და მომსახურება გვინდოდა. ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდით, რომ ქართულ ბანკს ჩვენი საიტისთვის გადახდის სისტემა მიება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ აქაური სისტემა ძალიან ბევრ უცხოურ ბარათს არ ღებულობს. ვიპოვეთ გამოსავალი და ამერიკულ ბანკს დავუკავშირდით. ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო, რადგან რთული აღმოჩნდა, დაგვერწმუნებინა ამერიკული ბანკი, რომ არა ვართ თაღლითები და არ ვაპირებთ ფულის გათეთრებას.
ზოგადად, საქართველო ძალიან დიდი რისკების ქვეყანაა, ბევრს არ უნდოდა ჩვენთან თანამშრომლობა. საბოლოოდ, ამერიკული ბანკი დავარწმუნეთ ჩვენ სანდოობაში და ახლა საიტზე უკვე გადახდის 3 მეთოდი გვაქვს, ჩვენი პროდუქციის შეძენა ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი.
ასევე, ძალიან რთული მომენტი იყო, რადგან გოგოები ვიყავით, ფიქრობდნენ, არასერიოზულად ვუდგებოდით საქმეს, ვერთობოდით. მაგრამ, როდესაც დაინახეს ბრუნვა და შემოსავალი, ყველა მიხვდა, რამხელა შრომა ჩავდეთ საქმეში და რამდენად სერიოზულად ვუყურებდით ამ საკითხს.
ძალიან რთული იყო ლოჯისტიკის აწყობა. ეს პროცესი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამანათის გაგზავნის ერთი ტარიფი.
იმასაც მივაღწიეთ, რომ საბოლოოდ დაიდო კონტრაქტი და დღეს საქართველოს ფოსტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი კლიენტი ვართ, ვსარგებლობთ EMS-ის მომსახურებით.
საბოლოოდ, ჩვენი შრომა არა მხოლოდ ჩვენთვის გამოდგა სასარგებლო. ძალიან ბევრ ონლაინ მაღაზიას გზა გავუკვალეთ და გავუადვილეთ საქმიანობა.
M: დღეს moreislove.com ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონლაინ მაღაზიაა ამიერკავკასიაში და არა მხოლოდ. გაგვიზიარეთ წარმატების თქვენეული გზა.
სწორედ ახლა დავბრუნდი მოსკოვიდან, სადაც საქმიან შეხვედრაზე ვიყავით მე და ჩემი პარტნიორი ანა. ვისაც კი შევხდით, საქმიან თუ არაფორმალურ გარემოში, ყველამ იცოდა ჩვენს შესახებ. გვეუბნებოდნენ, თუ როგორ მოსწონთ, რასაც ვაკეთებთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. აღმოჩნდა, რომ რუსეთშიც კი არ არსებობს ჩვენი ანალოგი. ჩემთან რამდენჯერმე სხვადასხვა პრესის წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებსაც არ ვიცნობდი და მომილოცეს ასეთი საინტერესო და წარმატებული პროექტის შექმნა.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო მოდის ინდუსტრიის რუქაზე საქართველო მოგვენიშნა და მე მგონი, ძალიან სწრაფად მივაღწიეთ მიზანს.
M: როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ მიზნების მიღწევაში?
ალბათ ძალიან მნიშველოვანია განათლება, რომელიც მშობლებმა მომცეს. ბაკალავრის ხარისხი მოსკოვში ავიღე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის განხრით. შემდეგ ლონდონში დავამთავრე მაგისტრატურა, მოდის სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით.
სტუდენტობიდან ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი გამცდილება დამიგროვდა. ვფიქრობ, მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. საჭიროა საქმის პრაქტიკული კუთხითაც შესწავლა. ასევე, საქმის მხრივ, ძალიან დამეხმარა საჭირო კონტაქტები პრესაში. არავის სჯერა, რომ დღემდე პიარში არანაირი თანხა არ გადაგვიხდია. პირველივე დღიდან სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან.
ასევე არავის სჯერა რომ ბიზნესი ძალიან მცირე თანხით დავიწყეთ. თითო პარტნიორმა საწყის კაპიტალში მინიმალური კაპიტალი ჩავდეთ. შემდეგ კომპანიამ საკუთარი თავი თავად გაზარდა და განავითარა.
პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა ჩემი პარტნიორი ანა მოქია, რომლის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. გვყავს მესამე პარტნიორიც, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ შემოგვიერთდა – გიორგი დალაქიშვილი.
M: რომელ პროდუქტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა? და რომელი ქვეყნებიდან გაქვთ ყველაზე მეტი შეკვეთა?
– თავიდანვე რუსეთი იყო მთავარი ბაზარი, მაგრამ კრიზისმა შეგვაფერხა. ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, რაღაცეები არ გამოგვივიდა. ვეღარ მივიღეთ იმხელა შემოსავალი, რაზეც ბიზნესგეგმის მიხედვით გათვლა გვქონდა.
ამიტომ, პირველ ივნისს, ჩვენმა ორმა ახალმა თანამშრომელმა ჩინეთში დაიწყო მუშაობა, იქაურ ბაზარზე ჩვენი გაპიარების მიზნით.
ყველაზე მეტი შეკვეთა შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის – რუსეთი, ყაზახეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი, უკრაინა, ავსტრალია, შვეიცარია, გაერთიანებული არაბული ემირატები. 58 ქვეყნიდან გვყავს მომხმარებელი. აქედან 10 პროცენტი უჭირავს საქართველოს, რაც საკმაოდ დიდი წილია.
რაც შეეხება პროდუქტის კატეგორიას, სხვადასხვაა. ყველა ბრენდს აქვს თავისი სეზონური ციკლი, როდესაც ესა თუ ის ბრენდია ძალიან პოპულარული, ან ნაკლებად. შესაბამისად, გაყიდვებიცა და მოთხოვნაც განსხვავებულია პერიოდების მიხედვით.
M: 7II MORE is LOVE-ის წარმოებული ხაზია, რომლიც ნაქსოვ აქსესუარებზე მუშაობს. როგორ გაჩნდა საკუთარი ხაზის შექმნის იდეა? რამდენად წარმატებულია ის?
საიტის შესაქმნელად დაგვჭირდა დაახლოებით რვა თვე. ამ პერიოდში მოვიფიქრეთ, შეგვექმნა საკუთარი წარმოების ხაზი, რომელიც მხოლოდ ჩვენთან გაიყიდებოდა და საიტს დაეხმარებოდა განვითარებაში. საიტის გაშვებამდე ორი თვით ადრე მომხმარებელს წარვუდგინეთ ხაზი – 7II. ბრენდი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მალევე საკუთარი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება.
დღეს მსოფლიოს 30-ამდე მაღაზიაში ვიყიდებით, მაგალითად, როგორიცაა Browns ლონდონში, Bon Marche პარიზში, ЦУМ მოსკოვში, Sacks Fifth Avenue ყაზახეთში, Babochka სანქტ-პეტერბურგში და სხვა.
ძალიან კომერციული და ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელსაც კარგი პიარი გავუკეთეთ. თავიდან იყო ზამთრის ნაქსოვი აქსესუარები, ახლა ვამზადებთ ზაფხულის კოლექციას, რომელიც ასევე ნაქსოვი იქნება, მაგალითად, ნაქსოვი ჩანთები, ქუდები და სხვა.
ყოველ სეზონზე ტექნიკურ საკითხებში სხვადასხვა დიზაინერი გვეხმარება, რომ ჩვენი იდეების განხორციელება მოხდეს. გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციის შექმნაში ანი ცინცქილაძე მონაწილეობს, რომელიც Be Next კონკურსზე ავარჩიეთ.
გვაყვს 45 მქსოველი. ძირითადად, ბებიები, რომლებიც არაჩვეულებრივად ქსოვენ. ვცდილობთ, მათი დასაქმებით კარგი საქმეც გავეკეთოთ. ისინი კი, ისეთი პროფესიონალები არიან, რომ ჩვენი პროდუქტი უამაღლესი ხარისხისაა და საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. სხვანაირად რომ ყოფილიყო, მსოფლიოს 30-მდე წამყვან მაღაზიაში ვერ გავიყიდებოდით.
M: გაგვიზიარეთ მომავლის გეგმები.
-როგორც გითხარით, ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზრის ათვისებაზე ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, პირველად გვყავს თანამშრომლები უცხოეთში. მივხვდით, რომ ჩინეთში სხვა სოციალური პლატფორმებია, სხვა კონტიგენტია, რომელთანაც სწორი კომუნიკაციისთვის ადგილობრივი კადრებია საჭირო.
ვგეგმავთ საიტის თარგმნაზე მუშაობის დაწყებას. ინგლისური საერთაშორისო ენაა, მაგრამ ვიცით, რომ არიან მომხმარებლები, რომლებმაც ინგლისური არ იციან, მაგრამ პოტენციური კლიენტიები არიან.
გვინდა, ამ მიმართულებითაც განვვითარდეთ, რომ ჩვენი საიტი, უახლოეს მომავალში, თუნდაც ჩინურად იყოს ნათარგმნი.
ასევე, უახლოეს მომავალში მივდივართ აბუ დაბიში, ორდღიან POP UP მაღაზიას ვაკეთებთ და სხვა საინტერესო შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი.