საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტების გუნდის პროექტი – Triversal, რომელიც ელიავას ბაზრობის რეკონსტრუქციის დიზაინს წარმოადგენს, საერთაშორისო კონკურსის, TerraViva Competitions-ის ფინალისტი გახდა.
ელიავას ბაზრობის არქიტექტურული კონკურსი, გასული წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს უნივერსიტეტისა და საერთაშორისო კონკურსის, TerraViva Competitions-ის კოლაბორაციით გამოცხადდა და მიზნად ისახავდა ელიავას ბაზრის ისტორიული არსის და სოციალური როლის ხელშეუხლებლად, თანამედროვე ურბანული მოთხოვნილებების დაბალანსებას ქალაქში, ინოვაციური პროექტების გამოვლენის გზით, რომელიც აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და აერთიანებს მდგრადი დიზაინის სტრატეგიებს.
კონკურსში ყოველწლიურად სხვადასხვა არქიტექტურული სკოლის სტუდენტები და მოქმედი არქიტექტორები მონაწილეობენ. რა არქიტექტურული გადაწყვეტა წარუდგინა კონკურსის ჟიურის საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა, ამაზე ახალგაზრდა არქიტექტორი თამარ შავაძე საუბრობს.
„ელიავას ბაზრობისთვის შემუშავებული არქიტექტურული გადაწყვეტა ემყარება მდგრადი ურბანული განვითარების პრინციპებს, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და მოდულურ დიზაინს. თითოეული მოდული დამზადებულია გადამუშავებული და ენერგოეფექტური მასალებისგან, რაც ამცირებს ეკოლოგიურ ზემოქმედებას. მოდულები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სავაჭრო პავილიონებში, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში და რეკრეაციულ ზონებში. მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც ჟიურის წარვუდგინეთ, იყო მოდულების ჭერზე განთავსებული წყლის შეგროვების სისტემა. ელიავას ბაზრობა ღია სივრცეშია და ხშირია ატმოსფერული ნალექი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, წყლის რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. შეგროვებული წვიმის წყალი გამოიყენება მწვანე სივრცეების მოსარწყავად, ტექნიკური საჭიროებისთვის და შესაძლო ფილტრაციის შემთხვევაში – სანიტარიული წყლის სახით. პროექტში ენერგოეფექტურობა მიღწეულია ბუნებრივი ვენტილაციის სისტემით, მზის პანელებითა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით. ბაზრის მოდულური განლაგება საშუალებას იძლევა, რომ იგი მხოლოდ სავაჭრო სივრცე არ იყოს, არამედ აქ შეიქმნას საერთო სამუშაო და კულტურული სივრცეები. პროექტი აერთიანებს ინოვაციურ ეკოლოგიურ გადაწყვეტებს, მოდულარობასა და ურბანულ კულტურას, რაც ელიავას ბაზრობას არა მხოლოდ ვაჭრობისთვის, არამედ საზოგადოებრივი ინტერაქციისა და შემოქმედებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს“, – განმარტავს თამარ შავაძე.
Triversal-ის ავტორები არიან საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის სტუდენტები გუკა წურწუმია, სალომე ჩილინგარაშვილი, თამარ შავაძე და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ნინა ავდალიანი და ივანე გვენცაძე.
Triversal წარმოგვიდგენს ელიავას ბაზრობის ხუთ განსხვავებულ ზონას: მანქანის შეკეთება/მომსახურება, ლითონის სახელოსნოები, ხის სახელოსნოები, საწყობები, საცალო შოურუმები. Triversal-ის დიზაინის ცენტრში არის არქიტექტურული სიმბიოზი, რომელიც ეფუძნება ადამიანის გარემოსთან ურთიერთობას. ეს სახურავები არა მხოლოდ ესთეტიკურ ღირებულებას იძლევა, არამედ ხელს უწყობს ქალაქის გაგრილებას და ჰაერის გაწმენდას. სოციალური სივრცეები ელიავას ბაზრობის კულტურული ღირსშესანიშნაობაა. Triversal ინარჩუნებს და აძლიერებს ამ როლს დასასვენებელი ზონების ინტეგრირებით. მთლიანობაში, ეს არის პროექტი, სადაც კომერცია, კულტურა და ბუნება ჰარმონიულად თანაარსებობენ.
TerraViva Competitions-ის მონაწილეებისთვის, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩართული კონკურსში, არქიტექტურული თვალსაზრისით ელიავას ბაზრობის თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანი შესაძლებლობების აღმოჩნდა. TerraViva Competitions-ის მესვეურებმა საინტერესო ინიციატივის აქტიური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც, ამავე დროს, კონკურსის პირველი პრიზის ფინანსური მხარდამჭერიცაა.
[პარტნიორის კონტენტი]