ტექნოლოგიის სამყაროში ასობით დიდ სახელს ვაწყდებით, მათ შორის არიან Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი და Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელები ინოვაციებთანაა დაკავშირებული, სრულიად მოულოდნელი განცხადება გააკეთეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ტემპის შენელებაზე.
ახალ წერილში ისინი ირწმუნებიან, რომ ზოგადი დავალებების შესრულების დონეზე თანამედროვე AI სისტემები ადამიანებთან კონკურენციაში შედის. ამის ფონზე კი მსოფლიო ინჟინრებს სთხოვენ, მძლავრი ალგორითმების შემუშავებას შეეშვან და საზოგადოებაზე იფიქრონ.
CBS News-ის თანახმად, Future of Life Institute, კოლექტივი, რომელიც ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების ექსტრემალური, ფართომასშტაბიანი რისკებისგან თავის არიდებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ 2015 წელს ხელოვნურ ინტელექტს უჭერდა მხარს, მაგრამ პოტენციური საფრთხეების შემცირებაზე საუბრობდა. ახლა კი მასკისა და ვოზნიაკისა ინიციატივას კიდევ უფრო მეტი ადამიანი აჰყვა, ვიდრე აქამდე გამოთქვამდნენ პრეტენზიას.
„მძლავრი AI სისტემები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვითარდეს, რაც დავრწმუნდებით, რომ მათი შედეგები მხოლოდ დადებითი იქნება, რისკების მართვას კი მარტივად შევძლებთ. ზოგადად, ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის ნდობა სისტემის პოტენციური ეფექტების სიდიდით უნდა გამყარდეს“, — ვკითხულობთ წერილში.
ამასთან, გზავნილის განმარტებით, იგი არ ითვალისწინებს ზოგადად AI–ის განვითარების შეჩერებას, არამედ ნაბიჯის უკან გადადგმას „საშიში რასისგან, მუდმივად არაპროგნოზირებადი შავი ყუთის მოდელებით, განვითარებული შესაძლებლობებით“.