26
Sep
2018

ოცნებიდან გაფრენამდე – ილონ მასკის კოსმიური ბიზნეს ისტორია

26 Sep 2018

სულ რაღაც 100-150 წლის წინ, კაცობრიობისთვის შეუიარაღებელი თვალით ვარსკვლავებიანი ცის ყურება მიუწვდომელი სივრცეებისთვის თვალის შევლებას ნიშნავდა და მეტს არაფერს. ადამიანები, ამ პერიოდისთვის, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე, ათეული წლის შემდეგ, მათსა და ციურ სხეულებს შორის „მანძილი შემცირდებოდა“. გაჩნდებოდა საშუალებები, რომლებიც სივრცეს დედამიწის მიღმა ხელშესახებს გახდიდა და ამავდროულად, გაიზრდებოდა ოცნებების არა მხოლოდ წარმოსახვითი, არამედ ფიზიკური მასშტაბებიც.

პლანეტათა თუ გალაქტიკათაშორის სივრცეებზე საუბრისას აუცილებლად გვახსენდებიან ის ადამიანები, რომლებმაც გაბედეს თავიანთი საქმიანობა და ცხოვრება ამოუცნობ სივრცეებთან დაეკავშირებინათ – ცნობილი კოსმონავტები – ნილ არმსტრონგი, იური გაგარინი, ბაზ ოლდრინი, კოსმოსური ხომალდების შემქმნელები, ასტრონავტები.. პირველი „კოსმოსური საქმიანობის“ შემდეგ დიდი დრო გავიდა, ფაქტობრივად, შორეული სივრცეების ათვისება NASA-მ აიღო საკუთარ თავზე. დღეისათვის, თუკი კოსმოსზე დავიწყებთ საუბარს, უეჭველად ენაზე მოგვადგება ცნობილი რაკეტის – Falcon Heavy-ს შემქმნელი ილონ მასკი, რომელმაც საკუთარი საქმიანობით კაცობრიობის ცხოვრების შეცვლა განიზრახა.

სამხრეთ აფრიკაში, უკიდურეს სიღარიბეში დაბადებულ ილონ მასკს რთული ბავშვობის გადატანა მოუხდა. გარდა იმისა, რომ იგი გაჭირვებაში ცხოვრობდა, სკოლაში ჩაგვრაც მისი ცხოვრების თანმდევი იყო. პროფესიით ინჟინერი მამა მასკს 14 წლიდან მასთან მუშაობას აიძულებდა. მიუხედავად ამგვარი ცხოვრებისა, უნდა ითქვას, რომ გარემო პირობებმაც ვერ შეძლო მისი ბავშვური მისწრაფებების დათრგუნვა. განუწყვეტლივ სწავლაზე ორიენტირებულმა მასკმა 8 წლის ასაკში წაიკითხა მთლიანი Encyclopedia Britannica, გამომდინარე იქიდან, რომ ბიბლიოთეკაში წასაკითხი წიგნები აღარ ჰქონდა დარჩენილი. მისი საყვარელი წიგნი იყო „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მომავალი მიზნების დასახვაში. უზომოდ ნიჭიერმა ილონ მასკმა პროგრამისტობა თავადვე ისწავლა და უკვე 12 წლის ასაკში, შექმნა ვიდეოთამაში Blastar-ი, რომელიც შემდგომ $500-ად გაყიდა.

დედ და მამის განქორწინების შემდგომ, მასკი მამასთან დარჩა, თუმცა, მამის პიროვნებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, როგორმე აფრიკას გასცლოდა და ამერიკაში ეცადა ბედი. იგი მიიჩნევდა, რომ მის გონებრივ რესურსს იქ უფრო დიდი მომავალი ელოდა და ეს ასეც იყო. 1988 წელს დედამისის დახმარებით გაემგზავრა კანადაში. მან სწავლა დაიწყო ონტარიოში, ქვინსის უნივერსიტეტში, თუმცა, 1992 წელს გადავიდა ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდგომაც, აიღო ხარისხი ფიზიკასა და ეკონომიკაში. 1995 წელს ჩააბარა კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, თუმცა, მან ეს უნივერსიტეტი 2 დღის შემდეგ დატოვა, რადგანაც მიხვდა, რომ მთელი თავისი დრო და რესურსი ინტერნეტისთვის უნდა დაეთმო. მიიჩნევდა, რომ ამ სფეროს საზოგადოების ცხოვრების შეცვლის უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე ფიზიკას. 1995 წელსვე, ძმასთან ერთად დააფუძნა Zip2, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტსერვისს სთავაზობდა ბიზნესებს. 1999 წელს ძმებმა ეს კოპანია 307 მილიონ დოლარად გაყიდეს. ამ ფაქტმა მასკს შესაძლებლობა მისცა, დაეარსებინა ყველასთვის ცნობილი ონლაინბანკი X.com. იმ პერიოდისთვის, ასევე, არსებობდა მსგავსი საბანკო წამოწყება სახელად Confinity. გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კლიენტების მოძიებაში, თუმცა, საბოლოოდ ორივე ონლაინბანკი გაერთიანდა, რის საფუძველზეც შეიქმნა PayPal. 2002 წელს eBay-მ PayPal $1.5 მილიარდად იყიდა, საიდანაც მასკიმ მხოლოდ 180 მილიონი დოლარი აიღო.

მალევე, ილონმა საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და გადავიდა ლოს-ანჯელესში იმ მიზნით, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო კოსმოსის ინდუსტრიასთან. თვითნასწავლი პროგრამისტი ცდილობდა, კვლავაც თავად ესწავლა რაკეტების ინჟინერია. ამ ყველაფრის შემდგომ, იგი წავიდა რუსეთში რაკეტის საყიდლად, სადაც ნახა, რომ მათი ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი და უკან გულაცრუებული დაბრუნდა. უნდა ითქვას, რომ რუსეთში ნანახი სიტუაცია მასკისთვის ინსპირაცია აღმოჩნდა და 2002 წელს დააფუძნა SpaceX (Space Exploration Technologies), რათა დაემზადებინა ბევრად უფრო იაფი რაკეტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასკს ამ კომპანიის შექმნისთვის მთელი თავისი ქონების ბიზნესში ჩადება მოუწია. SpaceX დღეისატის, სარაკეტო ბიზნესში ლიდერია. კომპანიას, ჯერჯერობით, სულ 3 რაკეტა აქვს გამოშვებული: პირველი რაკეტაა Falcon 1, რომელიც 2006 წელს დამზადდა. 2010 წელს SpaceX-მა გამოუშვა Falcon 9, ხოლო ბოლო რაკეტა 2018 წელს დამზადებული Falcon Heavy-ია. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური ომების მოყვარულმა მასკიმ, Falcon-ების სახელწოდება სწორედ აქედან აიღო. „კარგი კომპანიები კარგი პროდუქციით იქმნება“ – თქვა ინვესტორმა და შექმნა იმგვარი რაკეტა, რომ თუკი აქამდე გაფრენის ერთი მისია მილიარდი დოლარი ჯდებოდა, მან ეს თანხა 60 მილიონამდე დაიყვანა.

Falcon 1

შეიძლება ითქვას, რომ მასკი ის ადამიანია, რომლის ცხოვრებაც უამრავი რისკით და გამოწვევით არის სავსე. ფაქტია, იგი წინსვლას არასდროს წყვეტს და ახალ-ახალი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. მასკის შემდგომი წარმატება, სავარაუდოდ, ამგვარმა პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა უკუსვლის მომენტები, მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ 2006-დან 2008 წლამდე რაკეტის გაშვების მცდელობები, რომლებიც კრახით დასრულდა, იგი სულ უფრო და უფრო ცდილობდა საკუთარი იდეები ექცია რეალობად. SpaceX-ის საქმიანობის პარალელურად იგი ელექტრო-მანქანების შექმნის სურვილმა მოიცვა. მალევე, 2004 წელს მასკი შეხვდა Tesla-ს დამფუძნებლებს, რომლებმაც შესთავაზეს ელექტრო-მანქანის შექმნა. 2006 წელს უკვე გამოვიდა პირველი ელექტრომანქანა სახელად Roadster, რომელსაც ერთ დატენვაზე 395 კილომეტრის გავლა შეეძლო. საზოგადოებამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა Tesla-ს 2012 წელს გამოშვებული მეორე ელექტრომანქანა Model S, რომელსაც განსხვავებული დიზაინი და შესაძლებლობები ჰქონდა. მალევე, 2015 წელს გამოვიდა მესამე ელექტრო-მანქანა სახელად Model X. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, მასკის ოფიციალური ანაზღაურება Tesla-დან, მხოლოდ $1-ს შეადგენს, მსგავსად სტივ ჯობსისა, Apple-დან.

Roadster

ელექტრომანქანების შექმნით დაკავებულ მასკს არ ავიწყდებოდა საკუთარი რაკეტები. 2008 წელს, როგორც იქნა, გაფრინდა SpaceX-ის რაკეტა წარმატებით, რამაც ბეწვზე გადაარჩინა მასკის ბიზნესი. საინტერესოა, რომ ეს რაკეტა მან ნასესხები ფულით გაუშვა. წარმატებული გაფრენის შემდგომ, „ნასამ“ მასთან 1.6 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რამაც SpaceX გაკოტრებას გადაარჩინა. 2014-ში კი, წარმატებით დასვა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა, რომელმაც ორბიტას მიაღწია.

მასკს ეკუთვნის ვაკუუმური Hyperloop-ის იდეაც, რომელიც გულისხმობს უსწრაფესი ტრანსპორტის – მაღალსიჩქარიანი (1200 კმ/სთ) რკინიგზის შექმნას, რომელიც ნებისმიერ სარკინიგზო და საავიაციო ტრანსპორტზე უფრო მალე დაფარავს მანძილს. მასკმა ეს იდეა 2012 წელს წამოაყენა, თუმცა, ჯერჯერობით, მისი განხორციელება ვერ შეძლო, რასაც იმით ამართლებს, რომ მისი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ელექტრომანქანებსა და რაკეტებზე ხარჯავდა. თუმცა, უკვე 2020 წლისთვის გეგმავს რეისების შესრულებას Hyperloop-ის მატარებლების საშუალებით.

Hyperloop-ის მოდელი

მასკის წამოწყებაა The Boring Company-იც, რომელმაც 2016 წელს ააშენა სპეციალური გვირაბი მანქანებისთვის. მან ეს საქმიანობა ამგვარი სიტყვებით დაიწყო: „მოდი დავიწყოთ დღეს და ვნახოთ, რამხელა ღრმულის გათხრა შეგვიძლია კვირამდე“. შემდეგ კი, ერთ-ერთ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ პროექტმა მისი დროის მხოლოდ 2-3% წაიღო და მისთვის ეს წამოწყება პერსონალურ ჰობს წარმოადგენდა.

ცნობილმა ბიზნესმენმა და ინვესტორმა 2016 წლის ივლისში 8 ადამიანთან ერთად დააარსა ამერიკული ნეიროტექნოლოგიის კომპანია, სახელად Neuralnik, რომლის მიზანია, კომპიუტერის ადამიანის ტვინში ტრანსპლანტირება, რის შემდეგაც იგი გამოიკვლევს ტვინის დაავადებებს და აღმოფხვრის მათ. 2018 წლის 7 სექტემბერს მან განაცხადა, რომ Neuralnik-ის პირველ პროდუქტს მომავალ თვეებში უნდა ველოდოთ.

მასკის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა 2018 წლის თებერვალში, როდესაც მან კოსმოსში გაუშვა უდიდესი რაკეტა Falcon Heavy. ეს ხომალდის სატესტო გაფრენა იყო, რომელიც წარმატებით შესრულდა. ხომალდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მასკი ფიქრობს, რომ ადამიანების მარსზე გაშვებას, სწორედ, Falcon Heavy-ით შეძლებს.

მასკის მთავარი მიზანი მარსის კოლონიზაციაა. დედამიწისგარე სივრცეს იგი უდიდესი ენთუზიაზმით უყურებს და საკუთარი ოცნების ასასრულებლად ყველაფერს აკეთებს. „მე შემიძლია ვუყურო, რა ხდება, მაგრამ ასევე შემიძლია, ვიყო მისი ნაწილი“ – ამ გაგებით ეკიდება იგი ცხოვრებას და მართლაც უამრავ საქმიანობაშია ჩართული. მას აქვს 100 საათიანი სამუშაო გრაფიკი ყოველკვირეულად და ცდილობს, პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილოს დრო.

ილონ მასკი ის ადამიანია, რომელმაც არათუ წარმატების მწვერვალები დაიპყრო, არამედ „ვარსკვლავების მოწყვეტაც“ რეალური გახადა. მართლაც, მისი ცხოვრების გზაზე მიწიური წარმატებები მისთვის საკმარისი არასდროს ყოფილა. ბავშვობაში საყვარელ წიგნში ამოკითხული ოცნებები საკუთარი ცხოვრების თანამგზავრად გაიხადა და მათ ასასრულებლად მუდამ ახალი გზების ძიებაშია. მასკმა ერთხელ თქვა, „ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია, გახდეს არაჩვეულებრივი“ და მართლაც, იგი საკუთარ არაჩვეულებრივობას დღითი დღე ამტკიცებს სხვადასხვა ასპარეზზე.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა