14
Aug
2019

როგორ წარმართავს ილონ მასკი შეხვედრებს?

14 Aug 2019

ილონ მასკმა იცის, როგორ წარმართოს შეხვედრა. ამ სტატიაში გიამბობთ, Tesla-ს დირექტორის სამეტაპიან ფორმულას, რაც მის პრაქტიკაში საუკეთესოდ მუშაობს. ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ტესლას მმართველი პოსტი დაიკავა, ილონ მასკმა შეძლო ერთი უცნობი კომპანია ყველაზე პოპულარულად და ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ავტომწარმოებლად ექცია. იმისათვის, რომ გადატვირთულ საავტომობილო ბაზარზე, ფესვგადგმულ კონკუტენტებს შორის თავი დაემკვიდრებინა, ილონ მასკი გამუდმებით იმეორებდა: საჭიროა მეტად გულმოდგინედ მუშაობა და განსხვავებულად ფიქრი. ტესლას წარმატებას მასკი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების განსხვავებულად წარმართვას უკავშირებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაშ, როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს ეს შეხვედრები? რით შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მოლაპარაკებებისგან, რაც თქვენს კომპანიაშია მიღებული? მოდით, გავეცნოთ ილონ მასკის მიდგომას:

პირველ რიგში, არავითარი ხანგრძლივი შეხვედრები.

მეორე – თუკი შეხვედრისთვის რაიმე ღირებულება არ მოგაქვთ, დატოვეთ ოთახი.

მესამე – არაა საჭირო ხშირი შეხვედრები.

მოდით, განვიხილოთ, რატომაა ილონ მასკის რჩევა ასეთი გამორჩეული. პირველ პუნქტს ის ასე ხსნის: “გთხოვთ, თავი აარიდოთ ხანგრძლივ შეხვედრებს, თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ ამას მთელი აუდიტორიისთვის სარგებელი მოაქვს”. ერთ ინტერვიუში, მასკმა აღნიშნა, რომ ტიპურ შეხვედრას, ტესლაში, 5-6 ადამიანზე მეტი არ ესწრება. მენეჯმენტის ექსპერტები მის ამ მოსაზრებას იზიარებენ.

“ადამიანები იშვიათად ფიქრობენ იმაზე, თუ ვინ უნდა ესწრებოდეს შეხვედრას სინამდვილეში” – ეს ფრაზა MIT Sloan სკოლის პროფესორმა, ნილ ჰარტმენმა, CNN-თან ინტერვიუს დროს თქვა. “შეხვედრაზე ბევრი ადამიანი შეიძლება მოხვდეს და თუკი თავს უსარგებლოდ იგრძნობენ და შეხვედრაზე უქმად ისხდებიან, იფიქრებენ სხვა თემებზე, რისი გაკეთებაც შეხვედრის გარეთ შეეძლოთ”. დასკვნა: სანამ შეხვედრის მონაწილეთა სიას შეადგენთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ვინ მოუტანს შეხვედრას სარგებელს? არის მათ შორის ვინმე, ვისაც ამ შეხვედრაზე დასწრება არ სჭირდება? ამგვარი კითხვები დაგეხმარებათ მონაწილეთა სწორად განსაზღვრაში და პროდუქტიულად მუშაობაზე კონცენტრირების საშუალებას მოგცემთ.

თუკი, შეხვედრაზე ღირებულებას არ ქმნით, დატოვეთ ის. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუკი მაინც მიგიწვიეს და ხვდებით, რომ იქ არ უნდა იყოთ? მასკი გირჩევთ, დატოვოთ ოთახი ან შეწყვიტოთ საუბარი მაშინვე, როგორც კი ნათელი გახდება, რომ შეხვედრისთვის ღირებულება არ მოგაქვთ. ბევრ კომპანიას გააკვირვებდა ეს წესი, თუმცა, ბრწყინვალედ მუშაობს.

გამოსავალი, რასაკვირველია ისაა, რომ ეს წესი შეხვედრების დაგეგმვის განუყოფელ ნაწილად აქციოთ. როდესაც გუნდის ლიდერები და წევრები კონკრეტულ შეთანხმებას აღიარებენ და იყენებენ, ორგანიზაციული გამჭვივალობისთვის ძალიან სასარგებლოა. ილონ მასკს ისიც ჰკითხეს, ითვლება თუ არა შეხვედრის დატოვება უხეშობად. მან თქვა, რომ “ეს მოსალოდნელია და შეხვედრის დატოვებას უტაქტობად არავინ ჩაგითვლით. პირიქით, უხეშობაა აიძულო ვინმე დაესწროს შეხვედრას და დააკარგვინო დრო.” აქედან დასკვნა: თუკი შეხვედრებზე რეგულარულად გყავთ ტელეფონთან მიჯაჭვული დამსწრეები, დაფიქრდით, ხომ არ სჯობს, ილონ მასკის რჩევა გაითვალისწინოთ?

რაც შეეხება უარს ხშირ შეხვედრებზე. “აირიდეთ თავიდან ხშირი შეხვედრები, თუკი სასწრაფო საკითხს არ ეხება ის” – ამბობს მასკი: “შეხვედრების სიხშირე უნდა მცირდებოდეს სასწრაფო საკითხების მოგვარებისთანავე”. ნებისმიერი, ვისაც მსხვილ ორგანიზაციაში უმუშავია, აცნობიერებს მესამე წესის ღირებულებას. ხშირად, შეხვედრების სიხშირე განსახილველი საკითხის საჩქაროობითაა განპირობებული, მაგრამ შეხვედრები პრობლემის გადაჭრის შემდგომაც გრძელდება. დასკვნა: ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად აუცილებელია შეხვედრა? შემიძლია შევამცირო შეხვედრების რაოდენობა და კომუნიკაცია ელექტრონული არხებით განვაგრძო? ამგვარად, ძალიან დიდ დროსაც დაზოგავთ და შეხვედრების ხარისხსაც გაზრდით.

მოკლედ, თუკი შეხვედრებზე თქვენს კომპანიაში თქვენ ხართ პასუხისმგებელი, გახსოვდეთ ილონ მასკის ეს სამი რჩევა: 1. არ გაწელოთ შეხვედრები 2. თუკი სარგებელი არ მოგაქვთ შეხვედრისთვის, დატოვეთ ის 3. არ დანიშნოთ ხშირი შეხვედრები. დანერგეთ ეს რჩევები თქვენს პრაქტიკაში და თქვენი შეხვედრებიც უფრო სასარგებლო შედეგებით დასრულდება.

 

წყარო: inc



განხილვა