Twitter-ისა და ილონ მასკის ისტორია სოციალური ქსელის წილის ყიდვით არ დასრულებულა. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ახლა Twitter-ის ასივე პროცენტის შეძენას გეგმავს — თითო აქციისთვის 54.20 დოლარს გადაიხდის, რაც ჯამურად 43.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„Twitter-ში ინვესტიცია ჩავდე, რადგან მჯერა, რომ მას სიტყვის თავისუფლების პლატმორმად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს, რაც, თავის მხრივ, მოქმედი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვხვდები, რომ ამჟამინდელი ფორმით ეს ვერ მოხდება და იგი კერძო კომპანიად უნდა გადაიქცეს“, — აცხადებს ილონ მასკი.
მისივე განცხადებით, ეს შეთავაზება საუკეთესო და საბოლოოა, ხოლო თუ Twitter ამას არ დათანხმდება, იგი კომპანიის აქციონერის სტატუსის გადახედვას დაიწყებს. მანამდე კი კომპანიის 9.2%-იანი წილის შეძენით ილონ მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა. მას Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრობაც შესთავაზეს, თუმცა რადგან ეს სტატუსი მასკს კომპანიის 14.6 პროცენტზე მეტის ფლობის უფლებას აღარ მისცემდა, მან უარი განაცხადა.
საინტერესოა ისიც, რომ Twitter-ის ერთი აქცია 2021 წლის ოქტომბერში 60 დოლარი ღირდა, 4 ნოემბრიდან ეს მაჩვენებელი 54.20 დოლარზე დაბალი იყო, ამჟამად კი თითო აქციის ფასი 50.97 დოლარს შეადგენს.
ხოლო Forbes-ის მიხედვით, მასკი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში და მისი ქონება 273.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. Twitter-ის ყიდვა კი მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. ამ სიახლის შესახებ მან საკუთარ გვერდზეც კი დაწერა, თუმცა Twitter-ის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.