ილონ მასკს დიდი ამბიციები რომ აქვს კომუნიკაციების გარდაქმნის კუთხით, ამას ტვიტერის შეძენიდან მალევე მივხვდით, თუმცა ამჯერად იგი თქვენს შეტყობინებების ყუთშიც შეაღწევს… ელ.ფოსტის სერვისის ჩაშვებას აპირებს, რომელსაც Xmail ერქმევა, ასე კი პოტენციურად ინდუსტრიის გიგანტების Gmail-ისა და Outlook-ის კონკურენტიც გახდება.
თუმცა განსხვავებით ტრადიციული ელ.ფოსტებისგან, Xmail-ისგან ელიან, რომ არსებულ ფორმატს შეცვლის და მას უფრო მარტივი, ჩატის მსგავსი ინტერფეისით შემოგვთავაზებს. თავად მასკსაც ელ.ფოსტები იმ შეტყობინებების მსგავსად წარმოუდგენია, რომლებსაც Slack-ისა და WhatsApp-ის პოპულარულ პლატფორმებზე ვხვდებით.
აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა რეალურ დროში კომუნიკაციის შესაძლებლობას გააჩენს, რაც მასკის უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომლითაც X-ს „ყველაფრის აპლიკაციად“ აქცევს.
მართალია, ზუსტად არაფერი უთქვამთ Xmail-ის ჩაშვების თარიღსა და კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ ფიქრობენ, რომ Xmail-ის ინტეგრირება X-ის პლატფორმაზე ბუნებრივი პროგრესის ნაწილია. ვარაუდობენ, რომ ასე პროფესიულ კომუნიკაციასა და ჩვეულებრივ საუბრებს შორის არსებული სივრცეც შეივსება…