20
Mar
2019

Elven Technologies – კომპანია, რომელიც სუპერგმირების კოსტუმებს ქმნის

20 Mar 2019

Startauperi
Startauperi


როგორ ჟღერს თქვენთვის “გამაგრილებელი ტანსაცმელი” ან უბრალოდ ტანსაცმელი, რომელიც გიცავთ? – შეიძლება, ამაზე ისედაც ხშირად გიფიქრიათ და უფრო მეტიც – გიოცნებიათ.. ახლახან შექმნილი კომპანია Elven Technologies სწორედაც ამ საკითხზე იწყებს ზრუნვას.. ჯერჯერობით დამწყებები არიან, თუმცა, დიდი მიზნები აქვთ. გუნდში სამი ადამიანია: ვამეხ ხერხეულიძე, გიორგი გაბარაშვილი და ლადო წიბახაშვილი. ამჟამად ისინი მეხანძრის ცეცხლგაუმტარ კოსტუმზე მუშაობენ. თუ რა ეტაპზე არიან ახლა და რას გეგმავენ მომავალში, ამაზე ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე გვესაუბრა:

“მე პროფესიით ექიმი ვარ, მოწოდებით ინჟინერი გიორგი მართლა ინჟინერია, თან ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. მე და გიორგი ვსეხდვართ და “ვჩხირკედელაობთ”. ლადო კი ფინანსისტია, არაინჟინერულ საქმეებს გვარიდებს ძირითადად. ის ასევე გახლავთ სამაგიდო თამაშების კლუბის “წიბახა”-ს თანადამფუძნებელი.” 

M: საიდან გაგიჩნდათ Elven Technologies-ის შექმნის იდეა და როდის შექმენით იგი?

გასული 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ისრაელში. ზაფხულში იქ ძალიან ცხელა, და შენობის გარეთ, ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, გამიჩნდა კითხვა – ნუთუ არ შეიძლება, რომ მეცვას რამე კომფორტული კოსტუმი რომელიც გამაგრილებს?

მაშინვე დავურეკე გიორგის, და შევთანხმდით, რომ რაღაც ძალიან საინტერესო უნდა შეგვექმნა. ასე დაიბადა გაგრილების სისტემის შექმნის იდეა. ნელ-ნელა, მუშაობაში, იბადებოდა ახალი იდეები, იცვლებოდა კონცეფციები, რამენჯერმე რადიკალურად შევცვალეთ  მთავარი ტექნოლოგია. ამავდროულად, აქტიურად ვფიქრობდით, თუ რა პროდუქტი შეგვექმნა ჩვენი გაგრილების სისტემით.

SpaceX აქტიურად მუშაობს მარსის მისიაზე, და ილონ მასკს თუ დავუჯერებთ, პირველი ადამიანი მარსზე უნდა გაფრინდეს 2022-2024 წლებში. თუმცა, ჯერ კაცობრიობას არ შეუქმნია ისეთი კოსტუმი, რომელიც ადამიანს მარსზე დაიცავს. შესაბამისად, კოსმოსური სიგიჟით შეპყრობილებმა, გადავწყვიტეთ საქართველოში აგვეწყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი კოსმოსური კოსტუმი.

თუმცა, კოსმოსური კოსტუმი შორეული პერსპექტივაა, ჩვენ კი გვსურს Elven Technologies-ის პირველი პროდუქტი 2020 წელს უკვე ბაზარზე იყოს. როცა ამ ყველაფერზე ფიქრი დავიწყეთ, ახალი მომხდარი იყო კალიფორნიის დიდი ხანძარი, ცოტა ხნით ადრე იყო ბავშვთა სამყაროს ხანძარიც. ამ დიდმა ხანძრებმა გვაჩვენა, რომ მეხანძრეებს არ აქვთ ხანძართან ბრძოლის ეფექტური გზები, მათ შორის, მეხანძრეთა ამჟამინდელი უნიფორმები მხოლოდ რამდენიმე წამით იცავს მათ პირდაპირი ალისა და ძალიან მაღალი ტემპერატურისგან. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეხანძრის კოსტუმი, რომელიც სრულიად დაიცავდა მეხანძრეს. ამ პროდუქტზე მუშაობა ჩვენ მოგვცემს საჭირო გამოცდილებას, ცოდნასა და კონტაქტებს. შემდეგი ნაბიჯი – მარსია.

M: ამჟამად რა პროდუქციას ქმნით კონკრეტულად?

 Elven Technologies ახლა მუშაობს მეხანძრის ცეცხლგაუმტარ, მაღალტექნოლოგიურ კოსტუმზე. Elven Fire Heavy არის სხეულზე მჭიდროდ მორგებული კოსტუმი, რომელიც მოიცავს ბათინკებს, ხელთათმანებსა და ჩაჩქანს. კოსტუმის მთლიანე გარე შრე არის ცეცხლგაუმტარი და ასევე, აქვს ძალიან მაღალი გამძლეობა მაღალი ტემპერატურის მიმართ. კოსტუმის შიგნითა შრეში, რომელიც უშუალოდ ეხება მეხანძრის კანს, ჩაყენებულია გაგრილების სისტემა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ აგრილებს მეხანძრეს 4-6 საათის განმავლბაში. კოსტუმი ასევე არის წყალგაუმტარი, რაც დამატებით იცავს მეხანძრეს წყლის ცხელი ორთქლისგან, რაც დღევანდელი უნიფორმების ერთ-ერთი დიდი ნაკლია.

მომავალში ამავე კოსტუმს ექნება მეხანძრის ლოკაციის, გულის ცემის, სისხლის ჟანგბადით გაჯერებისა და კარდიოგრამის მონიტორინგის ფუნქცია.

M: რა მასალითა და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პროდუქცია?

 ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის კომფორტული და საჭირო პროდუქტის შექმნა. ამისათვის საჭიროა არსებული ტექნოლოგიების კომბინირება, გაუმჯობესება ან სრულიად ახალი ტექნოლოგიის შექმნა. ჩვენ ვკრებთ ცეცხლგაუმტარი კოსტუმის შესაქმნელად საჭირო უკვე არსებულ ტექნოლოგიებს, ხოლო შემდეგ ჩვენ თვითონ ვქმნით ყველა იმ ტექნოლოგიას, რომელიც გვაკლია.

კოსტუმის მუშაობის ძირითადი არსი ასეთია: არის 2 შრე. გარე შრე იცავს ცეცხლისგან, წყლის ორთქლისგან, ტემპერატურისგან. შიდა შრე აგრილებს მეხანძრეს, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი წინასწარი გათვლებით, ჩვენი კოსტუმი, სრულიად აალებულ მდგომარეობაშიც კი, მეხანძრეს დაიცავს 2-3 საათის განმავლობაში.

M: როგორ ფიქრობთ, რითია თქვენი პროდუქტი გამორჩეული?

 ჩვენი პროდუქტი გამორჩეულია ყველაფრით: დიზაინითაც სუპერგმირის კოსტუმია იგი და ფუნქციურადაც. ცეცხლგაუმტარია ბოლოს და ბოლოს.. არ არსებობს დღესდღეობით კოსტუმი, რომელშიც ამდენი ტექნოლოგია ემსახურება ადამიანის სიცოცხლის დაცვას (თუ კოსმოსურ კოსტუმებს არ ჩავთვლით). Elven Technologies თავისი პირველი პროდუქტით ხაზს უსვამს მეხანძრეთა მნიშნველობას ჩვენი საზოგადოებისთვის. ისინი ხომ მართლაც ნამდვილი სუპერგმირები არიან. ყოველდღიურად საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეგნებულად წირავენ სხვების გადასარჩენად. Elven-ში გვჯერა, რომ ისინი იმსახურებენ ძალიან დიდ პატივისცემასა და თანადგომას. ჩვენი პირველი კოსტუმიც ამის მაგალითია.

M: რა ეტაპზე ხართ ახლა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

 საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროტოტიპირების გრანტის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ პირველადი პროტოტიპის შექმნა და დავამტკიცეთ მთავარი – ტექნოლოგია მუშაობს. კოსტუმი ცეცხლგაუმტარია და გაგრილების სისტემა გამართულად მუშაობს.

ახლა საჭიროა პროტოტიპიდან პირველი პროდუქტის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას. ამ მიზნის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება GITA-ს და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული თანადაფინანსების გრანტი. Elven Technologies გამარჯვებულ 20 სტარტაპს შორისაა.

ჩვენ გვსურს ახალგაზრდა თაობების მაღალი ტექნოლოგიებით დაინტერესება. ყველგან ამას ვამბობთ და თქვენც გეტყვით. სულ მალე ჩვენ გვექნება პატარა, მყუდრო ოფისი. Elven-ში ვეპატიჟებით მეცნიერებს, ინჟინრებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, დიზაინერებს, ჩხირკედელა ბავშვებს (გიორგის საყვარელი ტერმინია), ყველას ვისაც უყვარს სუპერგმირები ან გატაცებულია მარსით. ასევე, დიდი ალბათობით რეგულარულად მოეწყობა სხვა და სხვა სტარტაპების მეგობრული შეხვედრები.

მეხანძრის კოსტუმის წარმატების შემდეგ, კომპანიას გაუჩნდება შემოსავალი, რაც მოგვცემს საშუალებას, მუშაობა განვაგრძოთ და შევქმნათ ახალი და გაუმჯობესებული კოსტუმები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ ადამიანს, რომელიც ფეხს დადგამს მარსზე, ეცმევა საქართველოში შექმნილი კოსმოსური კოსტუმი.

M: ვის შეეძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

Elven Technologies-ის პირველი პროდუქტი B2B ბაზარზეა გათვლილი. მეხანძრის ცეცხლგაუმტარი კოსტუმის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ სახანძრო დეპარტამენტებსა და სამაშველო სამსახურებს.

ჩვენ გვაქვს გეგმაში B2C სექტორში კოსტუმის შექმნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს გადაჭრის ყველა ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ კოსტუმის შეძენა ყველას შეეძლება. თუმცა ამ ყველაფრის მისაღწევად მეხანძრის კოსტუმის წარმატებაა საჭირო.

ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ სრულიად ახალ ხედვას ტანსაცმლისა და პერსონალური უსაფრთხოების ეკიპირების სფეროში. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ დროა ინოვაცია და ტექნოლოგიები გახდეს ჩვენი ტანსაცმლის ყოველდღიური ნაწილი და შეასრულოს ადამიანისთვის ორი უმთავრესი და ფუნდამენტური ფუნქცია: კომფორტი და დაცვა.

ჩვენ ასევე ღრმად გვწამს, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი გუნდი გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე მთელი დედამიწის მიმართ. ჩვენი ღრმა რწმენით,  Elven Technologies აკეთებს ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეს.

განხილვა