Ember Technologies-მა კუბის ფორმის მოწყობილობა — Ember Cube შექმნა, რომელშიც ტემპერატურის კონტროლი და შენარჩუნებაა შესაძლებელი. ეს, დიდი ალბათობით, სამედიცინო პროდუქტებისა და საკვების გადატანისთვის საკმაოდ კარგი საშუალება გახდება. მართალია, ჩვენთვის მაცივრის გამოყენება ახალი არ არის, მაგრამ ამ მოწყობილობით მასში მოთავსებული პროდუქტების თვალყურის დევნებას, კუბის შიდა და გარე ტემპერატურაზე პერიოდულად ინფორმაციის მიღებას შეძლებთ.
Ember Cube ძირითადად სამედიცინო სფეროსთვის, კერძოდ, იმ ექიმებისთვის შეიქმნა, რომლებსაც ვაქცინებზე, ადამიანთა ორგანოებსა და სხვა ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მასალებთან უწევთ მუშაობა. თუმცა კომპანია ფიქრობს, რომ ამ მოწყობილობას საკვების მომარაგებისთვისაც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებს.
როგორ შეიქმნა Ember Cube?
ამ მოწყობილობის შექმნა კომპანიისა და კლინიკის საერთო თანამშრომლის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ. Ember Technologies Mayo-ს კლინიკასთან უაიტ დეკერმა დააკავშირა. მან კომპანიას იმ პრობლემის შესახებ უთხრა, რომელიც Mayo-ს კლინიკას 2017 წელს შეექმნა. ექიმებს ჰაიტის შორეულ სოფლებში ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, ინსულინის, ვაქცინებისა და სხვა ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მედიკამენტების დარიგება უჭირდათ. სწორედ ამიტომ შეიქმნა Ember Cube და იგი არა ელექტროენერგიით, არამედ პორტატიული მზის პანელით იმუხტება.
Ember Technologies-მა ამ იდეის განსახორციელებლად მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია Cardinal Health-ს მიმართა. ისინი ჯანდაცვის პროვაიდერებთან ოთხ კონტინენტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ და, შესაბამისად,ამ იდეის განხორციელება მათთვისაც გამოსადეგი იქნებოდა. მათი საერთო მიზანი კი ისეთი მოწყობილობის შექმნა გახდა, რომელიც ფარმაცევტულ სფეროს გარდაქმნიდა და საჭირო მედიკამენტებისა თუ ორგანოების მიწოდებით მილიონობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარებოდა.
Ember Cube-ის ტექნოლოგია
Ember Cube ერთი შეხედვით ცეცხლგამძლე სეიფს ჰგავს, რომელსაც წინ LED ეკრანი აქვს დამონტაჟებული. ის სხვადასხვა ზომის იქნება, მათ შორის ყველაზე დიდს კი 900 კუბურ ინჩამდე მასალის გადატანა შეეძლება.
ამჟამინდელი დიზაინი მოწყობილობას ტემპერატურის ორიდან რვა გრადუსამდე შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში Pfizer-ის ვაქცინის უსაფრთხოდ შენახვა 2 გრადუსზეა შესაძლებელი. ორგანოების ტრანსპორტირებისთვის კი 4-8 გრადუსამდე ტემპერატურაა საჭირო.
Ember Technologies-ს არ უსაუბრია იმაზე, თუ რის გადატანას აპირებდა თავდაპირველად, მაგრამ ფაქტია, რომ სამედიცინო სფეროში კონკრეტული მასალებისთვის საჭირო ტემპერატურები გაითვალისწინა. როგორც ვარაუდობენ, იგი სამედიცინო სფეროსთვის 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ხელმისაწვდომი. ახლა კი კომპანია მოწყობილობის გაუმჯობესებასა და უფრო დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებაზე მუშაობს.
ტრანსპორტირება მსოფლიოს მასშტაბით
იმისთვის, რომ მაცივარი ერთი ადგილიდან მეორეზე უსაფრთხოდ გადაეტანათ, ყველა შესაძლო შემთხვევა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. მაგალითად, მათ უნდა შეექმნათ ისეთი მოწყობილობა, რომელიც 10 ფუტის სიმაღლიდან ცემენტზე ვარდნას გაუძლებდა. მას არ უნდა გადაეჭარბებინა ტრანსპორტირებისთვის დადგენილი ზომებისა თუ გადასახადებისთვის და მსუბუქი და კომპაქტური უნდა ყოფილიყო.
ხოლო ექიმებს რომ ზუსტად სცოდნოდათ სად იყო მათთვის საჭირო მასალა, Ember Cube-ს 3G ფიჭური რადიო დაამატეს, რამაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მასზე რეალურ დროში დაკვირვების შესაძლებლობა მისცა. ეს მაშინაც კი შეეძლებათ როცა მოწყობილობა თვითმფრინავში იქნება…
Ember Cube ერთი დამუხტვით 10 დღემდე ძლებს, მაგრამ იმისათვის, რომ ამას ტრანსპორტირებისას დამატებითი პრობლემები არ გამოეწვია, მოწყობილობის დამუხტვა ჩვეულებრივი USB კაბელითაც არის შესაძლებელი.
მისი ყველაზე ინოვაციური მახასიათებელი კი დაბრუნების მეთოდია. ახალი მასალების ჩამოსატანად Ember Cube-ის უკან გაგზავნას პროდუქტის მიღებისთანავე შეძლებთ.
დაგვეხმარება თუ არა Ember CUBE საკვების დაზოგვაში?
კვლევის მიხედვით, საკვების 8-26 პროცენტი მოსავლის აღების დროს და მაღაზიებში განთავსებამდე ფუჭდება. ამიტომ, ტრანსპორტირებისას პროდუქტების საჭირო ტემპერატურით შენახვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. Ember Technologies კი მომავალში გაყინული საკვების მომხმარებლამდე მიწოდებისთვის უფრო დაცულ და იაფ გზას გვთავაზობს, რითაც ყოველწლიურად ათასობით ტონა საკვების დაზოგვას შევძლებთ.