კომპანია Ember ქმნის გადაზიდვის კონტეინერს, რომელიც ტრანსპორტირებისას ნებისმიერი სითხის, მათ შორის ვაქცინების, ტემპერატურის შენარჩუნებას შეძლებს. ის არსებითად განსხვავდება ტემპერატურის შენარჩუნების ისეთი მეთოდებისგან, როგორიცაა სტიროქაფის შეფუთვა და ერთჯერადი ყინულის პაკეტები. გადაზიდვის მიმართულებით Ember Cube მათზე გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა.
ვაქცინების გარდა, Cube ასევე გამოდგება უჯრედული და გენური თერაპიისთვის საჭირო გადაზიდვებისთვის. Cardinal Health Specialty Solutions-ის პრეზიდენტის ჰეიდი ჰანტერის თქმით, ეს არის ტემპერატურისადმი მგრძნობიარე, მაღალი ღირებულების მქონე, ნივთიერებები, რომლებიც რეალურ დროში თვალყურის დევნებას საჭიროებს.
Ember-ის კუბი არის საკუთარი ენერგიის (ბატარეები) მქონე მაცივრის მსგავსი ყუთი. კუბის გვერდზე ეკრანი ტემპერატურას, ტენიანობას და ბატარეის რესურსს გვიჩვენებს. ყუთში ახალი პროდუქტის მოთავსებისას, ღილაკზე თითის დაჭერით, ციფრულ ეკრანზე ავტომატურად გამოისახება ეტიკეტი, რომელზეც გადაზიდვისთვის საჭირო დეტალები და სპეციალური შტრიხ კოდია გამოსახული. კუბის გახსნა-დახურვა, მხოლოდ ერთი გვერდიდანაა შესაძლებელი. მისი ფორმა და ზომა, მაქსიმალურადაა მორგებული გადაზიდვის საჭიროებებს. მრავალი კუბის კონპაქტურად მოთავსება შესაძლებელია, როგორც სატვირთო ავტომობილებში, ისე თვითმფრინავში.
Cardinal Health-თან პარტნიორობით, Ember აცხადებს, რომ ამ გაშვებაზე კუბი ტემპერატურის შენარჩუნებას 36ºF დან (2.2 ცელსიუსი) 46ºF-მდე (8.3 ცელსიუსი) შეძლებს. Fast Company იტყობინება, რომ ეს მაჩვენებლი 72 საათამდე ისეთ რთულ გარემოშიც გასტანს, როგორიც უდაბნოა.
კუბის მდებარეობის განსაზღვრა, ასევე, მასში ტენიანობისა და ტემპერატურის შემოწმება ნებისმიერი ადგილიდან ზუსტ დროში იქნება შესაძლებელი. ამის საშუალებას, კუბში მოთავსებული რადიო-ანტენა, GPS და Ember Cloud იძლევა.













