საკუთარ ემოციებზე საუბარი მარტივი სულაც არ არის, მით უმეტეს ისე, რომ სხვებმა ზუსტად მიხვდნენ, რას განიცდით. ამ ამბავში კი ახლა EMO+-ის სამაგიდო თამაში შეგიძლიათ დაიხმაროთ, რომელიც ემოციების გამოხატვისთვის მხიარულ გზას გთავაზობთ.
თავდაპირველად აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის შეიქმნა, რათა მათ ემოციების ინტერპრეტაციასა და გამოხატვაში დახმარებოდათ ისე, რომ საჭირო სიტყვების პოვნის წნეხისგან გათავისუფლებულიყვნენ. თუმცა ნეირომრავალფეროვნების კონტექსტში დაწყებულმა ამბავმა მალევე იპოვა უფრო დიდი მიზანი. დღეს იგი უკვე ჩვეულებრივ ოჯახებს, მეგობრებსა თუ წყვილებს შეუძლიათ გამოიყენონ ემოციების გამოსახატავად და ურთიერთობაში ურთიერთგაგების მისაღწევად.
თანაც EMO+ საკმაოდ მარტივია, ტაქტილური ფიგურებით, პასტელური ბარათებითა და ცისარტყელას სათამაშო დაფით უფრო ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, ვიდრე კლინიკურ ხელსაწყოს. ჩვეულებრივი სამაგიდო თამაშებისგან კი ისიც განასხვავებს, რომ გამარჯვებული არ ჰყავს. აქ მოთამაშეები ერთად პროგრესირებენ, ბარათებით იწყებენ, რომლებზეც რეალური სიტუაციებია დატანილი, მათ შორის „დაიგნორებული მესიჯი“, „სიურპრიზად სტუმრობა“ და სხვა. თითოეულ ადამიანს კი ილუსტრირებული ემოციის ბარათი შეუძლია გამოიყენოს, იქნება ეს Happy, Surprised, Doubtful თუ Disappointed, რათა შექმნან ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იგრძნობდა პერსონაჟი თავს კონკრეტულ სცენარში.
ამგვარად, აქ არც სწორი პასუხი არსებობს, უბრალოდ ბევრი სივრცეა, რათა ყველამ გამოიცნოს, წარმოიდგინოს და განმარტოს თავიანთი არჩევანი. ეს პროცესი მხოლოდ ყინულის გატეხას კი არ ჰგავს ურთიერთობაში, საერთო „ემოციურ პალიტრას” ემსგავსება, რომელიც რთულ შეგრძნებებს მარტივად ახსნადს ხდის.
თამაში პერსონალურიცაა, მაგრამ ზედმეტი წნეხის გარეშე. მოთამაშეები ირჩევენ ნამდვილ ან წარმოსახვით უთანხმოებებს, მაგალითად, ვის დაავიწყდა ჭურჭლის გარეცხვა? რაიმე ახალი ხომ არ გვეცადა შვებულებისთვის? და თითოეული ირჩევს თავის ემოციურ ზონას დაფაზე. EMO+-ის დაფა სოციალური რობოტიკის კვლევით არის შთაგონებული. ამიტომაც ემოციებს სამი ღერძის ირგვლივ ალაგებს: მეგობრული-მტრული, ცოცხალი-მშვიდი და ჩვეულებრივი-ფორმალური.
მოთამაშეები მოძრაობის ბარათებს იყენებენ, რათა ფიზიკურად შეაბიჯონ ერთმანეთის ზონებში. თუმცა თავის დაცვა ან დებატებში შესვლა არავის უწევს. საქმე აქ იმის დანახვას ეხება, თუ სად დგას კონკრეტული ინდივიდი და შემდგომში მისთვის მიმართულების ჩვენებას, სიტყვების გარეშე. ბარათმა, შესაძლოა, გითხრათ, რომ გადადგათ ერთი ნაბიჯი წინ, დარჩეთ იმავე ადგილზე ან საერთოდ გაუცვალოთ ბარათი მოწინააღმდეგეს…
შეხებადი ელემენტების, ნაზი გრაფიკისა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებებით ყველაზე მორიდებული მოთამაშეებისთვისაც კი გამოხატვა უფრო მარტივი ხდება. პროცესიც მშვიდი და გულწრფელია და არა, უინტერესო ან მძიმე. ამგვარად, არ აქვს მნიშვნელობა, მშობელი ხართ, რომელსაც შვილის დახმარება სურს რთული ემოციების გადამუშავებაში, მეგობარი თუ პარტნიორი, EMO+ იდეალური ვარიანტია. თან, ხომ იცით, ხშირად საუკეთესო საუბრები თამაშით იწყება.