in

ემოციური ინტელექტი, როგორც ლიდერობის საფუძველი

ემოციური ინტელექტი (EQ/EI) უდიდეს როლს ასრულებს ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებაში, რადგან ფუნდამენტური პრინციპები სწორედ მას უკავშირდება. ტერმინი ჯერ კიდევ 1990 წელს ფსიქოლოგიის პროფესორებმა ჯონ მეიერმა და პიტერ სალოვიმ შემოგვთავაზეს.

ძლიერი EQ უნარის მქონე ადამიანს შეუძლია, დაადგინოს, ასახოს, მართოს და შემდგომში უპასუხოს ემოციებს დაბალანსებული გზით. ეს კი სწორედ ის არის, რაც კარიერულ განვითარებაში დიდად დაგეხმარებათ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროში ხართ.

თუმცა ცოდნა ერთია და ამ უნარის დახვეწა, უკეთეს კომუნიკატორად რომ იქცეთ, მეორე. კარგი კი ის არის, რომ გარკვეული ტაქტიკები არსებობს, რომლითაც EQ-ს გაუმჯობესებას შეძლებთ. მაგალითად, ფსიქოთერაპევტი ფარაჰ ჰარისი ამტკიცებს, რომ თვითშემეცნების პრაქტიკა მეტად პროდუქტიულს გხდით და ისეთივე მარტივია, როგორც საკუთარი თავისთვის კითხვა: „როგორ ვგრძნობ თავს ამ საქმის კეთებისას?“ 

ახლა კი უშუალოდ ის 5 გზა განვიხილოთ, რომლებიც თქვენი ემოციური ინტელექტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ:

1. გაიგეთ მეტი თქვენი გრძნობების შესახებ

დღეში რამდენჯერმე დაფიქრდით, როგორ გრძნობთ თავს. რამდენიმე წუთი კი ამის სიტყვებით აღწერას დაუთმეთ, რადგან ეს კონტროლის შეგრძნებას მოგცემთ. რადგანაც ემოციური ინტელექტი ჩვენი გრძნობების მართვას ეხება, მათი გაცნობიერება პირველი ნაბიჯია.

2. მოუსმინეთ

EI სხვებთან ძლიერი კავშირების დამყარებასაც ეხება; ეს კი მხოლოდ მაშინ გამოგვივა კარგად, თუ უკეთესი მსმენელები გავხდებით. ამიტომ, შემდეგში, როცა კოლეგას გაესაუბრებით, პასუხზე ფიქრის ნაცვლად, ფოკუსირდით იმაზე, რასაც გეუბნებათ. შემდგომ ეს საკუთარი სიტყვებით გაიმეორეთ და დასვით შეკითხვები. ადამიანები იმდენად შეეჩვივნენ, რომ არ უსმენენ, ეს თქვენ მეტი პატივისცემის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ.

3. თავი აარიდეთ მონოლოგებს

როცა ვიღაცებს ესაუბრებით, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ასეთივე საინტერესოა თუ არა კონკრეტული საკითხი მათთვის. კარგი იქნება, თუ მათი ცხოვრების შესახებ რაღაცებს ჰკითხავთ, თანაც ზოგიერთს ამაზე თავისითაც უყვარს საუბარი. დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი დეტალები მათ შესახებ, შემდგომში კი გამოიყენეთ. ეს უფრო სიღრმისეული კავშირების ჩამოყალიბებაშიც გამოგადგებათ. 

4. აიღეთ მოკლე შესვენება, როცა დაგჭირდებათ

ძლიერ ემოციებს ყველანი განვიცდით… როცა საყვარელი გუნდი გოლს გაიტანს, ყვირილი პოზიტიური ემოციების გამოსახატად ჯანსაღი გზაა, თუმცა თუ ბრაზსაც ასე სწრაფად გამოვხატავთ, პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. ამიტომ, ჯობს, რამდენიმე წამი დამშვიდებას დავუთმოთ. ზოგიერთისთვის 10-მდე დათვლა ამართლებს, ზოგისთვის საყვარელი მუსიკის მოსმენა, ეს საკმაოდ ინდივიდუალური საკითხია. აქ კი მთავარია, იპოვოთ ის, რაც ბრაზის დროს თქვენთვის საუკეთესოდ იმუშავებს, რადგან ეს გიხსნით იმ ქმედებებისგან, რომლებიც მომავალში შეიძლება ინანოთ.

5. განიხილეთ თქვენი დღე

დაძინებამდე, თვალი გადაავლეთ თქვენს ინტერაქციებს, განიხილეთ, რამ ჩაიარა კარგად და რა შეიძლებოდა მომხდარიყო უკეთესად. თუ რაღაც განსხვავებულად სცადეთ და იმუშავა, დრო სიამოვნების მინიჭებას დაუთმეთ იმ გრძნობის გამო, რომ თქვენი ქმედებები და გრძნობები გაცნობიერებული გაქვთ. ხოლო თუ რაღაც არ გამოვა, განიხილეთ, როგორ შეიძლებოდა ამასთან გამკლავება განსხვავებულად. შეგიძლიათ დაფიქრდეთ, როგორ მოიქცევით შემდეგ ჯერზე და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პროგრესი გამარჯვებას ნიშნავს.

ეს სტრატეგიები ემოციური ინტელექტის მქონე ინდივიდად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ და არც ის დაგავიწყდეთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ეპოქაში აღმოვჩნდით… აქ კი ერთი რამ აშკარაა: ემოციური ინტელექტი სხვებთან ძლიერი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

ვიცით, გაგიხარდება! – ბარამბომ სანაყინე ჯიხურები გახსნა

რას ყიდდნენ პირველ E-commerce პლატფორმაზე?