„ან მოიგებ, ან ისწავლი“ — ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ძირითადად მაშინ ვისმენთ ან ვიხსენებთ, როცა სასურველ მიზანს ვერ ვაღწევთ და „ვმარცხდებით“ (თუნდაც, საკუთარ თავთან). მათ მიღმა კი ემოციური ინტელექტი დგას, შესაძლებლობა საკუთარი ემოციებისა და ემოციური ქმედებების კონტროლისა.
გადააზრების მნიშვნელობა
ზემოთ ხსენებული ფრაზა იმ შეგონებას გვახსენებს, რომ არსებობს არა მარცხი, არამედ სწავლის შესაძლებლობები. ამგვარი მიდგომა გვეხმარება, სიტუაციას განსხვავებული პერსპექტივით შევხედოთ და ნეგატიურის ნაცვლად, დადებით შედეგებზე ვკონცენტრირდეთ. თუმცა ამ სწავლების მთავარი გასაღები ის არის, თუ როგორ „ვირეკლავთ“ მომხდარს — რამდენად ღრმად ვუფიქრდებით ჩვენს სწორ ან არასწორ ქმედებებს, რა უნდა გავიმეორეთ კვლავ და, პირიქით, რაზე უნდა ვთქვათ უარი სამომავლოდ. ასე შევძლებთ განვითარებას.
ნუ ფოკუსირდებით იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ
სპორტსმენებს ხშირად ეკითხებიან, თამაშის წაგების შემდეგ რამდენად უსარგებლოდ გრძნობენ თავს… ამის მაგალითია Philadelphia Eagels-ის მოთამაშის, Jalen Hurts-ის ინტერვიუ, რომელმაც კითხვაზე,თუ რამდენად ბრაზობდა თანაგუნდელებზე, ასე უპასუხა: „არასდროს მიცდია, საკუთარი რწმენა და შესაძლებლობები სხვისთვის მიმენდო. ყველამ არაჩვეულებრივად ითამაშა, მაგრამ ყველაფერი ხდება“.
ეს არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, რომ ნაცვლად იმაზე ჩაციკვლისა, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, შესაძლებლობებზე უნდა ვფოკუსირდეთ. ამისათვის კი ე. წ. „Milk Carton Rule“-საც მიმართავენ, რომელიც ფსიქოლოგიის წიგნში მოყვანილ მაგალითზეა დაფუძნებული — კერძოდ, მამაკაცი ცდილობს, პარტნიორს რძის შეფუთვის მაცივარში ჩადების ჩვევა გამოუმუშაოს. შემდეგ კი გადაწყვეტს, ალტერნატიული გამოსავალი მოძებნოს და ერთის ნაცვლად ორი იყიდოს.
ამაზე დაყრდნობით, ვასკვნით: როდესაც სხვების ქმედებები გვაწუხებს/გვაზარალებს, ან მსხვერპლის როლის მორგება შეგვიძლია; ანდაც საკუთარი ქმედებების იმგვარად შეცვლა, რომ მომავალში დადებითი მოცემულობა მივიღოთ.
გამოწვევა, როგორც სასიამოვნო მოვლენა
როდესაც მარცხის გამო დამწუხრებულები ვართ, დარდის გაზიარება საყვარელ ადამიანებთანაც შეგვიძლია — მეგობრებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და ა. შ. საუბრისას კი აღმოაჩენთ, რომ ამ წარუმატებლობის მიღმა, რეალურად, უამრავი ფასეული ნაბიჯი დგას, რომელიც განვითარებაში დაგეხმარათ და რაღაც ღირებული გასწავლათ.
თანაც, ყველას გამოცდილება განსხვავებულია — ავთენტური ტკივილით, სიხარულით. შემდეგ კი თავად წყვეტ, რისი სწავლა შეგიძლია მოცემული სიტუაციისგან.
წყარო: Inc.