in

ემოციური ინტელექტის ხრიკი, რომელიც იმედგაცრუებასა და სტრესს ამცირებს

M2
M2

დაბრკოლებები და სირთულეები გარდაუვალია როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ის, თუ როგორ აღვიქვამთ და პასუხს ვცემთ გამოწვევებს, განსაზღვრავს ჩვენს კეთილდღეობასა და წარმატებას. ამის მიღწევას კი დიდი ემოციური ინტელექტი სჭირდება.

ემოციური ინტელექტის ამაღლება შესაძლებელია. ამისთვის უნდა გამოვიმუშაოთ პოზიტიური რეფრემინგი. ეს არის მარტივი EQ ტექნიკა, რომელიც გულისხმობს სიტუაციის შესახებ ჩვენი აზროვნების შეცვლას, დადებით ასპექტებზე ფოკუსირებასა და ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავებას.

უფრო კონკრეტულად, იმის ნაცვლად, რომ გამოწვევა ჩავარდნად მივიჩნიოთ, უნდა მივმართოთ პოზიტიური რეფრეიმინგის მეთოდს, როგორც ზრდისა და სწავლის შესაძლებლობას. პერსპექტივის ეს ცვლილება დაგვეხმარება სტრესის შესამცირებლად, გამძლეობის გასაზრდელად და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. 

ჟურნალ Emotion-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც სიტუაციისა და მოვლენის ახალ, განსხვავებულ ინტერპრეტაციას აკეთებენ, შესამჩნევად ამცირებენ შიშის გრძნობას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პერსპექტივის შეცვლამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შიშთან დაკავშირებული ემოციების მართვასა და შემსუბუქებაზე. რეფრემირება ზრდის ტკივილთან გამკლავების ძალას და ამცირებს მის ინტენსივობას. 2012 წლის კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Clinical Psychology-ში, აჩვენა, რომ რეფრემინგი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესისა და შფოთვის შემთხვევებს.

პოზიტიური რეფრემინგის მრავალი სარგებელი არსებობს:

  • პრობლემის გადაჭრა: პოზიტიურ ხედვას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი პრობლემების გადაჭრის უნარები. პრობლემების შესაძლებლობებად განხილვით, ვხდებით უფრო კრეატიულები გადაწყვეტილებების პოვნის თვალსაზრისით.
  • ურთიერთობების გაუმჯობესება: პოზიტიურმა ხედვამ, შესაძლოა, გააუმჯობესოს ჩვენი ურთიერთობა სხვებთან. პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებით, ჩვენ ვხდებით უფრო ემპათიურები და ვავითარებთ ძლიერ კავშირებს.
  • გამძლეობის ზრდა: როდესაც გამოწვევებს პოზიტიურად ვუყურებთ, ჩვენ უფრო გამძლეები ვხდებით. ვსწავლობთ უფრო ეფექტურ ადაპტირებას და წარუმატებლობისგან თავის დაღწევას.

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნეგატიურ აზრებს და დაფიქრდით, რა იწვევს მათ. საკუთარ თავს ჰკითხეთ, ისინი ფაქტებს ეფუძნება თუ უბრალოდ ვარაუდებს და შეეცადეთ იფიქროთ სიტუაციის სხვა შესაძლო ახსნაზე. დაბოლოს, ხშირი ურთიერთობა დაამყარეთ პოზიტიურ ადამიანებთან. მათ შეუძლიათ გაგამხნეონ და დაგეხმაროთ, რომ სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ სიტუაციას.

ამის გათვალისწინებით, მოვიყვანოთ სამი პრაქტიკული შემთხვევა, როდესაც პოზიტიური რეფრემინგის გამოყენება გმართებთ:

  1. გამოწვევები სამსახურში: თუ სამსახურში რთული პროექტი ჩაგაბარეს, იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ: „ეს ძალიან რთულია და ვერ გავუმკლავდები“, მიდგომა შეცვალეთ შემდეგნაირად: „ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვავითარო ჩემი უნარები და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები“.
  2. პიროვნული წარუმატებლობა: თუ თქვენ ვერ მიაღწიეთ მიზანს, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „ჩავფლავდი“, შეეცადეთ იფიქროთ: „ამ გამოცდილებამ მასწავლა ღირებული გაკვეთილები, რომლებიც მომავალში დამეხმარება წარმატების მისაღწევად“.
  3. ინტერპერსონალური კონფლიქტები: თუ კონფლიქტი გაქვთ კოლეგასთან ან საყვარელ ადამიანთან, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილოთ უთანხმოებაზე, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამას თქვენი კომუნიკაციის უნარები გააუმჯობესოს და გააღრმავოს ერთმანეთის გაგება.

პოზიტიური რეფრემინგი არის ემოციური ინტელექტის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას აღქმები და დაგვეხმაროს გამოწვევების დაძლევაში. პერსპექტივის შეცვლით და სიტუაციის დადებით ასპექტებზე ფოკუსირებით, შეგვიძლია შევამციროთ სტრესი, გავზარდოთ გამძლეობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი კეთილდღეობა. ის ჩვენი აზროვნების პროცესის ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს.

Nestle-ს დანადგარი შოკოლადს მეზობელი ქვეყნების წევრებს უყოფს

Instagram Reels-ზე 20-მდე სიმღერის დამატებას შეძლებთ