4
May
2018

8 ნიშანი, რომლითაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერები ხასიათდებიან

4 May 2018

ემოციური ინტელექტი (EQ) ინტელექტის ისეთივე სახეა, როგორც ანალიტიკური ინტელექტი (IQ). ემოციური ინტელექტი არის „საკუთარ და სხვა ადამიანთა  ემოციებზე დაკვირვების, ემოციების შემჩნევის, სხვადასხვა ემოციის ერთმანეთისგან გარჩევის, აზროვნებისა და ქცევის მართვის მიზნით ამ ინფორმაციის გამოყენების უნარი“. შესაბამისად, ემოციური ინტელექტი არის ის აუცილებელი უნარი, რაც სჭირდებათ ლიდერებს. მკვლევარ დენიელ გოლემანის მიხედვით, ემოციურ ინტელექტს აქვს 5 ძირითადი პარამეტრი: თვითშეგნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარები. ქვემოთ მოცემულია ის მახასიათებლები, რასაც ასეთი ლიდერები კომუნიკაციისას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. იყენებენ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ფიქრობენ მოქმედებამდე: ისინი ინარჩუნებენ ემოციურ მდგრადობას თავიანთი გუნდის წევრებთან შეხვედრის განმავლობაში. არ აგზავნიან იმპულსურ იმეილებს, რის გამოც, მეორე დღეს მოუწევთ ბოდიშის მოხდა. ისინი ფიქრობენ მანამ, სანამ იმოქმედებენ, რადგან იციან, როგორ დაიმშვიდონ თავი სტრესულ სიტუაციაში.

გამოხატავენ ემოციებს: კარგი ლიდერობა არ ნიშნავს, იყო უემოციო რობოტი. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები სტრესის, ფრუსტრაციის, იმედგაცრუებისა და სხვა ნეგატიური ემოციების საშუალებით იღებენ გამოცდილებას. მათ აქვთ უნარი, მალევე და სწორად გადაამუშაონ ინფორმაცია და დელიკატურად, კონსტრუქციულად ისაუბრონ ამაზე თანამშრომლებთან.

შეცდომებზე სწავლობენ: მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერებს ახასიათებთ კარგი მიდგომა ცუდი ამბების პოზიტიური პერსპექტივით დანახვაში. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ მათ აქვთ გრძელვადიანი გეგმები და არ არიან ორიენტირებულები მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერად გამარჯვებაზე.

არიან ემპათიურები და მნიშვნელობას ანიჭებენ კომპანიის კულტურას: მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერისთვის, კანდიდატის დასაქმების პროცესში, მხოლოდ მისი ტექნიკური უნარები არ არის საკმარისი. ასეთი ლიდერისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის კულტურა და ის, თუ რამდენად შესაბამისობაშია ახალი თანამშრომელი ამასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ლიდერები ემპათიურობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევიან და უნდათ, საკუთარ გუნდში ჰყავდეთ ბედნიერი თანამშრომლები, რომლებიც ქმნიან კომპანიის კულტურას, დიდი სიფრთხილით არჩევენ ახალ კადრებსაც.ყველაფერზე არ ამბობენ „დიახ“: იყო ემოციურად ინტელექტუალი არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ყველაფერზე დაეთანხმო. ასეთი ადამიანები ყველაფერზე „დიახ“ არ ამბობენ იმიტომ, რომ ისინი ძირფესვიანად იცნობენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს. თავდაჯერებულები არიან თავიანთ შესაძლებლობებში, მაგრამ ასევე, ფლობენ იმ სფეროებზეც ინფორმაციას, სადაც სჭირდებათ დახმარება და რა თქმა უნდა, მათ არ რცხვენიათ იმის კითხვა, რაც არ იციან. ამიტომაც, თუ ისინი არ გეთანხმებიან შენ, არ დაგიმალავენ. სწორედ ეს მახასიათებელი ხდის მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერებს სანდოს.

შენი პერსპექტივიდანაც უყურებენ საკითხს: გყავს თანამშრომელი, რომელიც მუდმივად საუბრობს სამუშაო სივრცეში? ეს იმის ნიშანია, რომ მას სჭირდება ემპათიური უნარების განვითარება. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერები ყურადღებას გითმობენ, უსმენენ შენს შეხედულებებს და შენი პერსპექტივიდან ცდილობენ, აღიქვან საკითხი.

თავს არ არიდებენ უსიამოვნო საუბრებს: თანამშრომლებთან კონფრონტაცია შეიძლება იყოს უხეში და უსიამოვნო, თუმცა მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერები არ ერიდებიან ნეგატიურ საუბრებს. ასეთი ლიდერები კონფლიქტებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას უფრო სანდო და მყარი ურთიერთობების დასამყარებლად.

მზად არიან სიახლეებისთვის: თუ გაქვს იდეა, არ შეგეშინდეს მისი მაღალი ინტელექტის მქონე ლიდერთან გაჟღერების, მაშინაც კი, თუ იცი, რომ შენი იდეა მის აზრს ეწინააღმდეგება. ლიდერები არიან თავდაჯერებულები საკუთარ შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებში, მაგრამ ამასთან, ისინი არიან კრიტიკულად მოაზროვნეები, რომლებიც მოგისმენენ და იმ შემთხვევაში, თუ მართებული აღმოჩნდება შენი ხედვა, მზად იქნებიან შეცვალონ კურსი.



განხილვა