in

რა არის ემოციური პერფექციონიზმი და რატომ არის ის საზიანო?

M2
M2

ბოლო პერიოდში ტერმინი „ტოქსიკური პოზიტივი“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ეს აღნიშნავს მომენტებს, როდესაც ადამიანები სხვების სირთულეებს ზედაპირულად პასუხობენ და ძირითადად მსგავსად ფორმულირებულ ფრაზებს მოიცავს: „ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება“; „ნუ მიაქცევ ყურადღებას“ და ა. შ.

ამასთან, არსებობს მსგავსი, თუმცა ნაკლებად ცნობილი, უფრო შინაგანი კონცეფცია: ემოციური პერფექციონიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ პერფექციონისტზე, როგორც პიროვნებაზე, რომელიც მაღალ სტანდარტებს უწესებს ყველაფერს. ემოციური პერფექციონისტებიც იმავე სტანდარტებს იცავენ — იმის ნაცვლად, რომ რეალური გრძნობები გამოამჟღავნონ, ცდილობენ, მუდმივად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

ეს მაშინ ხდება, როდესაც იმ ემოციებს თრგუნავთ, რომლებსაც ცუდად მოიხსენიებთ. უფრო კონკრეტულად, ემოციური პერფექციონიზმი ხშირად მიჰყვება სცენარს: „ეს არ უნდა გავაკეთოთ“, „არ უნდა გავბრაზდე ამაზე“. აღნიშნული ტერმინი ფსიქოლოგმა ენი ჰიკოქსმა 2016 წელს გამოიგონა და მისი თქმით, ემოციური პერფექციონიზმი, შეიძლება, შფოთვის ამოუცნობი წყარო იყოს. 

ტოქსიკურ პოზიტიურობას და ემოციურ პერფექციონიზმს ერთი და იმავე ძირეული მიზეზი აქვს: დისკომფორტი სხვა ადამიანების უარყოფითი ემოციებისგან. ვრინდა კალიას, მაიამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, რომელიც პერფექციონიზმსა და ემოციურ გამოხატვას სწავლობს, თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ცხოვრება — შენი თუ სხვისი — „მუდმივად ლამაზი“ იქნება, უკიდურესად დამღლელია, რადგან ის რეალობას უკეთებს იგნორირებას.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანებს პერფექციონისტული თვისებები უვითარდებათ. ზოგი უბრალოდ იბადება უფრო მაღალი მოლოდინებით საკუთარი თავისა და მის გარშემო არსებული სამყაროს მიმართ, ზოგი კი ასეთი ხდება აღზრდისა და კულტურული გავლენის შერწყმით.

თუმცა პერფექციონიზმს, მათ შორის ემოციურს, შეუძლია ხელი შეგვიშალოს სრულფასოვანი ურთიერთობების აგებაში და შენარჩუნებაში. მაგალითად, ჰიკოქსი ამბობს, რომ დაქორწინებულ წყვილში, სადაც ერთი ადამიანი უფრო პირქუში და პესიმისტურია, მეორე კი მუდმივად ამხნევებს მას, ამან შეიძლება გამოიწვიოს „შხამიანი პოზიტივი“.

ასევე, შესაძლოა, ემოციური პერფექციონიზმი პოზიტიური რეფლექსებიდან წარმოიშვას, როგორიცაა თავდაცვა. ეს მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ მეგობრებსა და ახლობლებს უსიამოვნო ემოციები არ აწუხებთ. მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება, ამან უკეთ გვაგრძნობინოს თავი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ დესტრუქციულ შედეგამდე მივყავართ.

საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე კვლევის თანახმად, ქალები უფრო პერფექციონისტები არიან ვიდრე მამაკაცები და სტრესის გაცილებით მაღალ დონესაც განიცდიან. ამასთან, მეტ თვითკრიტიკულ აზრსაც აფიქსირებენ, რადგან უფრო დიდი მოლოდინები აქვთ საკუთარი თავის მიმართ. თუმცა როგორც ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, მნიშვნელოვანია, პირდაპირ შევხედოთ რეალობას და მისი სხვაგვარად შეფუთვის ნაცვლად, ღიად გამოვავლინოთ როგორც პირადი გრძნობები, ისე ზოგადად დამოკიდებულებები.

პიცის კონკიასეული ამბავი, ანუ როგორ იქცა სესხით ნაყიდი პიცერია ინდუსტრიის ლიდერად

ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!