სოციალური ქსელებისა და “ჭკვიანი” ტელეფონების ეპოქაში ემოციის გამოხატვა და კომუნიკაცია სხვადასხვა სახალისო სიმბოლოებმა გაამარტივა. “ემოჯი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმბოლოთა ნაკრებია, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ძალიან აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეოთხე კურსის სტუდენტმა ბოკა ტაბატაძემ გადაწყვიტა “ემოჯისთვის” კიდევ უფრო სხვა დატვირთვა მიეცა და ეს ერთგვარი დამწერლობა ჩვენი ყოველდღიურობის კიდევ უფრო განუყოფელ ნაწილად ექცია. ბალიშებად ქცეული “ემოჯი” სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის შესახებ თავად იდეის ავტორს ვესაუბრეთ.
M: პირველ რიგში გაგვეცანით, ვის ეკუთვნის “ემოჯის” ბალიშების შექმნის იდეა?
მე ვარ ბოკა ტაბატაძე, ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი. ვარ მეოთხე კურსზე. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში(GAU), ასევე ვმუშაობ კომპანია მედიმპორტში. ყოველთვის მაინტერესებდა ისეთი ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც რაიმე ღირებული შექმნეს და რაღაცეები უკეთესობისკენ შეცვალეს, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან ასეთი ბევრია და კიდევ იქნება, მითუმეტეს რომ არ ვგულისხმობ მხოლოდ ბიზნესს. ჩემი მიზანი, სურვილი და ოცნებაც ეს არის, ვაკეთო ის რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. შევცვალო ის, რაც მაწუხებს. მიმაჩნია, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა ხალხის, კერძო სექტორის გააქტიურებაა. არცერთი წარმატებული კორპორაცია არ დარეგისტრირებულა პირველივე დღეს კორპორაციად, თავიდან ყველაფერი პატარა კომპანიით, რამდენიმე ადამიანის კომუნიკაციითა და მიზნისკენს სწრაფვით დაიწყო. ვთვლი, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაასაქმოს ხალხი, მათ თვითონ უნდა შექმნან სამუშაო ადგილები, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხალხი არ უნდა ელოდებოდეს „ვიღაცას“, მითუმეტეს როცა უკვე ამდენი საშუალება არსებობს, როცა ინტერნეტს საზღვრები არ აქვს, რაც შეიძლება მეტი Freelancer უნდა იყოს ქვეყანაში, უამრავი პატარ-პატარა ენერგიით სავსე, მოქნილი კომპანია უნდა იყოს, რომელიც კონკრეტულ სფეროში იქნება პროდუქტიული.
M: როდის და როგორ მოვიდა იდეა წამოგეწყოთ ეს საქმე ?
იდეა მოვიდა 2015 წლის მიწურულს. საერთოდ, როცა ახალი იდეა მიჩნდება პირველ რიგში ინტერნეტში ვნახულობ თუ არსებობს რაიმე მსგავსი, ხშირად იმედი მიცრუვდება, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მაგრამ ვინაიდან საქართველოში ანალოგი არ ყოფილა, გადავწვიტე იდეა რეალობად მექცია. ამისათვის მივედი ჩემს მეგობართან და ახლა უკვე პარტნიორთან ილია უხურგუნაშვილთან, რომელიც კომპანია „ილიტეკ“-ის დამფუძნებელია. აღსანიშნავია, რომ “ილიტეკი” პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს სახელით არის წარმოდგენილი ბაზარზე, რაც ჩემში ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს. საბედნიეროდ, ბატონი ილიაც დაინტერესდა და გარკვეული ნაბიჯების შემდეგ საქმეც წინ წავიდა.
M: რამ განაპირობა, რომ თქვენს ბალიშებს სოციალურ ქსელებსა და მობილურ აპლიკაციებში პოპულარული “ემოჯის” სახე მიეცით?
თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ კითხვაშივე სიტყვა ‘პოპულარული’. „ემოჯი“ არ არის რაიმე მულტფილმის მთავარი პერსონაჟი, რომლის სასიცოცხლო ვადა ხშირ შემთხვევაში მოკლეა, ეს არის ახალი დამწერლობა, რომელიც ძალიან ხშირად განახლდება და რომელსაც ბევრი ახალი ემოცია დაემატება, „ემოჯი“-ს თითქმის ყველა იყენებს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, ის გაძლევს საშუალებას გამოხატო შენი რეალური ემოცია ვირტუალურ სამყაროში.
ჩემი აზრით „ემოჯი“ კიდევ ძალიან დიდ ხანს იქნება აქტუალური და პოპულარული.
M: შეგხვდათ თუ არა რაიმე სირთულე იდეაზე მუშაობისას, თუნდაც საავტორო უფლებების კუთხით?
ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ. ჯერ „ემოჯი“-სთან, გვქონდა მიმოწერა, მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღეთ, შემდეგ ავარჩიეთ ისეთი ქარხანა, რომელსაც აქვს ლიცენზია და ხშირი კომუნიკაცია „ემოჯი“-სთან. ასე რომ, მათი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა.
M: რამდენად მზად აღმოჩნდა ბაზარი თქვენი წამოწყებისთვის, არის თუ არა ინტერესი მომხმარებლის მხრიდან?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგ დროს შემოვედით საქართველოს ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურების გამო ჩვენ სასურველი პროდუქტი გაგვიძვირდა, მომხმარებლისგან არის ძალიან დიდი ინტერესი, უკვე ითხოვენ სხვადასხვა ემოციებს, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება ბაზარზე.
M: როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი და სად შეიძლება ბალიშების შეძენა?
ჩვენი ბალიშების შეძენა შესაძლებელია კომპანია „ილიტეკ“-ის შოურუმში (ცინცაძის 38), სმარტის სუპერმარკეტების ქსელში, ბანას სათამაშოების ქსელში, ახლა უკვე შევედით გუდვილის მთავარ ფილიალში, ასევე თბილისის სხვადასხვა უბნების პატარა მაღაზიებში.
ჩვენი პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია ქუთაისშიც, მალე ბათუმსა და სხვა რეგიონებსაც ვესტუმრებით. გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ხშირად ხაზს უსვამს ჩვენს „Customer Service”-ს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს დას, რომელიც მართავს „ემოჯი თბილისი“-ს Facebook გვერდს. მომხმარებლის დადებითი ემოციები კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს.
„ემოჯი თბილისი“ არ ყიდის ბალიშებს, ის სთავაზობს მომხმარებელს ახალ შესაძლებლობას იყოს კრეატიული, პოზიტიური და გამოხატოს ემოცია. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის – „გაუზიარე ემოცია“.
M: როგორია ბალიშები ფასი?
ბალიშების ფასი მერყეობს 17-20 ლარამდე.
M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ჩვენ ძალიან ბევრ აქტივობას ვგეგმავთ, უკვე მოლაპარაკების პროცესში ვართ ერთ-ერთ საერთაშორისო ბრენდთან, დარწმუნებული ვარ ეს პროექტი არამარტო ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოს გააოცებს და გაახარებს.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ბალიშებით, მომხმარებელს ძალიან ბევრ ახალ პროდუქტს შევთავაზებთ, რომელთა ნაწილს დარწმუნებული ვარ საქართველოში დავამზადებთ.











