ალბათ, ბევრჯერ მოგისმენიათ, როგორ „ადანაშაულებენ“ მეგობარს, ნაცნობს ან თანამშრომელს უხეშობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მიმოწერისას ემოჯი არ გამოიყენა! შესაძლოა, ეს სისულელედ გეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია — ისინი ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვაში გვეხმარება. უბრალოდ, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ ჩვენგანს პირიქით აღიზიანებს ემოჯებით საუბარი.
„მე არამარტო უარს ვამბობ სიმბოლოებით — ემოჯებით, ბიტმოჯებით და რეაქციებით საუბარზე, არამედ ვგმობ ყველას, ვინც ამას აკეთებს. AI-ზე მომუშავე გამოსახულების გენერატორების გამოჩენასთან ერთად, როგორიცაა Dall-E Mini, გამოსახულებით კომუნიკაცია კიდევ უფრო ადვილი გახდება… და ვშიშობ, რაღაც მნიშვნელოვანს გამოვტოვებთ, თითქოს რაღაც გვაქვს სათქმელი ან გასაგები და ამას ვერ ვაკეთებთ“, — წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.
ამ შეკითხვის არსებობა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მკაფიო დემარკაცია არსებობს წერილობით ენებსა და სურათებს შორის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მრავალი დამწერლობის სისტემა სწორედ პიქტოგრამებიდან წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის კომპლექსური იდეების გამოხატვა რთულია ემოჯებით, არ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი, ეს უნიკოდის სისტემა სრულფასოვან ენად იქცეს.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ენათმეცნიერის თქმით, თანამედროვე ენები, როგორიცაა ფრანგული, ადრეულ პერიოდში „ხელოვნურად“ იყო მიჩნეული. ამასთან, თავის დროზე დამწერლობისა და მეტყველებისთვის რომ შეეშალათ ხელი, კაცობრიობა მაიმუნების ღრიალს უნდა წაელეკა… ნაბოკოვიც კი, რომლის კოლოსალური ლექსიკა მოიცავდა სიტყვებს, როგორიცაა pavonine (ფარშევანგის მსგავსი) და logodaedaly (სიტყვების თვითნებური ან უცნაური შეერთება), ამტკიცებდა, რომ ინგლისური ენა ერთ დღესაც სმაილის ტიპოგრაფიული სიმბოლოთი ისარგებლებდა.
მაშინაც კი, თუ GIF-ები და ემოჯები უადგილო ზიზღის ობიექტებია, ზემოთ ხსენებული პიროვნება ერთ რამეში არ ცდება — ენასთან ჩვენი ურთიერთობა იცვლება. Dall-E Mini, რომელიც „ყლაპავს“ სიტყვებს და სურათებს „ისვრის“, თავისთავად იმის მეტაფორაა, თუ როგორ ანაცვლებს ვიზუალური მედია ტექსტს, როგორც გამოხატვის დომინანტურ ფორმას. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ინტერნეტამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ ციფრული ეპოქა განსაკუთრებით აჩქარებს ამ პროცესს.
„ათასი სიტყვის“ გამოსახულებად გარდაქმნა კი დიდი უპირატესობაა… მარშალ მაკლუჰანის (ნეოლოგიზმების გენიოსი) თქმით, სურათებს „მთლიანობა“ — ანუ, მრავალი რთული იდეისა და ემოციის მყისიერად გადმოცემის უნარი აქვს. ელექტრონული მედიის მრავალი ფორმის მსგავსად, გამოსახულებები ბევრ გრძნობას იწვევს და ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებების გადმოცემა ერთ ჩარჩოში შეუძლია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს ამგვარ კომუნიკაციას, მიზეზი აშკარაა — ვიზუალი მეტად მყისიერი და ეფექტური საშუალებაა ადამიანის გამოცდილების გამოსახატად, განსაკუთრებით, სწრაფ ციფრულ ეპოქაში.
წყარო: Wired













