in

რა მნიშვნელობა აქვს ემოჯის ბიზნესში?

საკუთარი ტექნოლოგიური სტარტაპის შენებისას, ლუკ თომასი ცდილობდა პროგრამული ინჟინრების განწყობა ზედმიწევნით კარგად გაეგო. ამის გაანალიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გქონდა, თუმცა არა იმიტომ, რომ თომასი საკუთარ თავს მგრძნობიარე ხელმძღვანელად წამოაჩენს. აპლიკაცია Friday ხელმძღვანელების დასახმარებლად შეიქმნა, რათა დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების რეალური დამოკიდებულება სწრაფი, მარტივი და სტანდარტული კითხვარებით გაიგონ და გუნდის წევრების წარმატებებსა და მიზნებშიც გაერკვიონ. თუმცა, თუკი პროფესიონალურად არ ფლობთ ემპათიას, ძნელია გაიგოთ გუნდის განსხვავებული წევრების მდგომარეობა, ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით. ამიტომ, თომასმა ეს საქმე ფერად ციფრულ სიმბოლოებს მიანდო, რომლებსაც ემოჯის ვუწოდებთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღეს, ემოჯი გუნდის წევრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია. სწორედ ემოჯის საშუალებით, ხელმძღვანელებმა იციან, როგორ გრძნობენ თავს თანამშრომლები – გაღიზიანებულად, დათრგუნულად, გადაღლილად თუ მოტივირებულად.

ზედაპირული შეფასებით, ეს არასერიოზულად შეიძლება ჩანდეს, თუმცა როდესაც ემოჯის გამოყენებას იწყებ, ხვდები, კორპორაციული კომუნიკაციის რამდენად მძლავრი იარაღია ასეთი ვიზუალიზაცია. ემოჯის გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება კომპანიებში და ეს 2020 წლის მარტის შემდეგ განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა. ემოჯი არის ვიზუალური ენა, რომელიც არაცნობიერად გადმოსცემს ადამიანის მდგომარეობას. ფერადი ემოჯისა და იდეოგრამების გამოყენება არაფორმალური ვიზუალური დიალოგია. სულაც არაა გასაკვირი, რომ ემოჯი ბიზნეს კომუნიკაციაშიც დამკვიდრდა.

ესაა სერიოზული, მოკლე და თავაზიანი კომუნიკაცია

ემოჯის შექმნა 1999 წლით თარიღდება. პიქტოგრამების გამოყენება იაპონელ მხატვარს უკავშირდება და მას შემდეგ, სასვენი ნიშნებით შედგენილი გამოსახულებები მუდმივად ვითარდება. ალბათ, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, ეს სიმბოლოები ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. ის ტექსტური შეტყობინებების განუყოფელი ნაწილია და ყოველწლიურად ამ ფერად არმიას ახალი სიმბოლიკა ემატება.

ემოჯის ასეთი აქტუალურობა მარტივად აიხსნება – ის ადამიანური ემოციების მარტივად გამოხატვის საშუალებაა. ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ხატულები ტვინის ემოციურ უბნებთან სწრაფად ახერხებენ წვდომას და ვერბალური დამუშავების გარეშე, მყისიერ გავლენას ახდენენ ტვინის ნუშისებრ მასაზე, რომელიც პრიმიტიულ ემოციებზეა პასუხისმგებელი.

მეტიც, 2016 წელს ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ემოჯიანი ტექსტის კითხვა ადამიანებს მნიშვნელოვნად უადვილებთ წარმოსახვის უნარის ჩართვას, ვინაიდან ტექსტში ვიზუალური სიმბოლიკაც არის ჩართული და ტვინში ვერბალური და არავერბალური უბნები აქტიურდება.

ემოჯის ყოველდღიური დანიშნულებაც აქვს. ის დიდი მოცულობის ინფორმაციას გადასცემს. ავტონომიური თავშესაფრების მწარმოებელი კომპანია Jupe კომპანიის პრინციპების გამოსახატად სწორედ ემოჯის იყენებს. კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ უილსონი თვლის, რომ ეს სახალისოცაა და ეფექტიანიც.

სხვა კომპანიებსაც მოწონთ ემოჯის ეფექტიანობა. ემოჯის საშუალებით, ისინი დიდი მოცულობის ინფორმაციის პრიორიტეტიზებას ახერხებენ. სადაზღვევო კომპანია Oscar Health სხვადასხვა დეპარტამენტს Slack-ში განსხვავებულ ემოჯის ანიჭებს, რათა ადვილად იპოვონ საკომუნიკაციო არხები. ტურისტული კომპანია Hotwire კი, მიღწევებს ველური დასავლეთის სტილში გამოწყობილი დირექტორის, ბარბარა ბეითსის ემოჯით აღნიშნავენ ხოლმე.

ყველა არ იღიმის

პატარა სიმბოლოები სულაც არაა იდეალური. ბიზნესის მფლობელები ხშირად აწყდებიან მომხმარებლების მხრიდან დაბნეულობას. Marquet Media-ს გენერალური დირექტორი კრისტი მარკე საუბრობს, რამდენად უარყოფით რეაქცია მოყვა თანამშრომლის მხრიდან დამკვეთისთვის წერილში ემოჯის გამოყენებას. მით უმეტეს, დამკვეთი დიდი ოჯახური ბიზნესის გენერალური დირექტორი იყო და ასაკითაც – უფროსი. კრისტი მარკემ “ზედმეტად მხიარული” ემოჯები ასეთ მიმოწერაში უადგილოდ და არაპროფესიონალურად მიიჩნია. მან მოუბოდიშა დამკვეთს და თანამშრომელი პროექტს ჩამოაშორა.

ამ საკითხზე იმეილ მარკეტერებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ძნელია უარვყოთ – ემოჯის დრო მოსულია. ეს, განსაკუთრებით, დაეტყო 2020 წლის კომუნიკაციას, როდესაც სტრესულ გარემოში ცხოვრების პარალელურად, ურთიერთობებში მეტი სიხალისის საჭიროება გაჩნდა.

 

წყარო: inc



 ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე „ალდაგისგან“ 100-ქულიან მძღოლებს

სამწვადე „ონორე“ შეზღუდვების პირობებში და მოსალოდნელი საფრთხე – „ასე დიდხანს თუ გაგრძელდა“