in

Emorb — 7777 უნიკალური NFT-ისგან შექმნილი ქართული პროექტი

გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა

NFT კულტურის პოპულარობა სულ უფრო მზარდი და ინტენსიური რომ ხდება, ყველა ვხედავთ. ალბათ, ეს ბუნებრივი პროცესია — ციფრული ხელოვნება ახალ ეტაპზე გადავიდა და ერთგვარი “ფეტიშისებრი” ხასიათი შეიძინა. ალბათ, ბევრ თქვენგანს უკვირს, როგორ უნდა გაიყიდოს Doge-ის მიმის NFT 4 მილიონ დოლარად…

თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ციფრული კულტურის ახალ ატაცებას საინტერესო, სასარგებლო და საჭირო კუთხით იყენებენ. მათ შორისაა “სილიკონ ველიში” მცხოვრები ქართველი ანტრეპრენერი, ირაკლი მიქიაშვილი, რომელიც უმსხვილეს ქართულ NFT პროექტზე მუშაობს, სახელწოდებით Emorb.

M: ირაკლი, გვიამბეთ პროექტის შესახებ, რას გულისხმობს და მოიცავს ის?

Orb არის სფეროსებრი სხეული/ცილინდრი, Emotion Orbs ორბის სახეცვლილებაა, რომელსაც გააჩნია ემოციები, ვიზუალური უნიკალურობა და ამით უკავშირდება ადამიანებს. ანუ, ამ მსგავსებით საერთოს პოულობს. გარდა ხელოვნების ნიმუშისა, მას ექნება ტექნოლოგიური დატვირთვა, AR და მეტავერსში ინტეგრაცია.

ამასთან, კოლექციაში წარმოდგენილი 7777 უნიკალური NFT მთლიანად საქართველოს ეძღვნება, რაც გამოიხატება როგორც რამდენიმე ქართველის დასაქმებით, ისე იმ ფაქტით, რომ გაყიდვებით მიღებული თანხის ნაწილი ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემა.

M: საინტერესოა, რა გამოცდილება გაქვთ NFT-ის მიმართულებით და ვინ მუშაობდა პროექტის ვიზუალურ მხარეზე?

ჩვენ გუნდს წარმატებით აქვს გაშვებული 3 დიდი პროექტი და მონაწილეობა მიღებული რამდენიმე სხვა პროექტში. დღემდე 20 000-ზე მეტი NFTგვაქვს გაყიდული. რომ აღარაფერი ვთქვა ისეთ ხალხთან პარტნიორობაზე, როგორიცაა მაგალითად, კინორეჟისორი ალექსი პაპალექსოპულო, რომელსაც ძალიან დიდი პორტფოლიო აქვს  NFT სივრცეში და არა მარტო. ასევე, ჩვენი პარტნიორია ქართველი ამერიკელი DJ (Twitter: @GoshfatherTV), რომელიც Web 3.0-ს სივრცის მარკეტინგის ნამდვილი გურუ და ექსპერტია.

რაც შეეხება, პროექტის ვიზუალურ მხარეს, ჩვენი მხატვარ-დიზაინერი არის უნიჭიერესი ზუკა კობახიძე, რომელიც Emorb პერსონაჟებზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს, როგორც კომიქსის გმირებზე და რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ გაგვეშვა, როგორც NFT პროექტი. როგორც ხედავთ, სწორედ აქედან წამოვიდა ძირითადი იდეა…

ზუკა კობახიძე

M: რატომ NFT? მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ტრენდულია, თუ კიდევ არის მიზეზი, რის გამოც ამ საქმიანობაში ჩაერთეთ? 

NFT და ზოგადად Web 3.0 აბსოლუტურად უნიკალური საშუალებაა. ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გარდატეხა ტექნოლოგიებში, რაც საშუალებას გვაძლევს, დეცენტრალიზებული ვიყოთ და ხალხმა მართოს სივრცე დიდი კორპორაციებისა და სახელმწიფოს ნაცვლად.

M: საიდან მოდის რესურსები, რითაც შეგიძლიათ, უხელმძღვანელოთ პროექტს და ამავდროულად, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გამოყოთ თანხა?

არ ვიზიდავთ დაფინანსებას. გვაქვს რესურსები გასული პროექტებიდან და ასევე, ვიმედოვნებთ, პროექტის ჩაშვების შემდეგ გაყიდვებიდან საკმაო ოდენობის თანხა შემოვა, რასაც შემდგომი მიზნებისთვის გამოვიყენებთ. ეს არის დეცენტრალიზებული სამყარო, სადაც ფინანსების მოძიება არ ხდება — ფინანსები იქმნება კომუნას მიერ და ნაწილდება ხმათა უმრავლესობით (DAO — Decentralized Autonomous Organization). NFT პროექტი თავის არსით სტარტაპია, ხოლო DAO-ს წევრები აქციების მფლობელები არიან.

M: საქველმოქმედო მიზნებზეც რომ ვისაუბროთ, რას უნდა ელოდეს საზოგადოება პროექტისგან? რამდენად დიდი შედეგი ექნება მას უშუალოდ ხალხზე? 

NFT პროექტი არ სრულდება გაყიდვებით. პროექტის მთავარი ფაზა სწორედ გაყიდვების შემდეგ იწყება, რომელიც მოიცავს, DAO-ს შექმნას, ინტეგრაციას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მომავალ Royalty-ს, ანუ შემოსავლის ნაწილის გადანაწილებას კომუნის წევრებთან. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 100 000 ლარამდე საქველმოქმედო ბიუჯეტი, რომელიც გადანაწილდება მკერდის სიმსივნესთან მებრძოლ ქართველ ქალთა ფონდ KnockOutCancer, მზრუნველობამოკლებულ ბავშვების დასახმარებელ ქართულ ფონდ Supergmiri.ge და რამდენიმე სხვა ორგანიზაციასთან.

ასევე, პროექტის ფარგლებში ეშვება სწავლება NFT და Web 3.0 სივრცის ინგლისურ და ქართულ ენებზე… პირადად ვასწავლით ქართულ საზოგადოებას წარმატებული პროექტების შექმნასა და გაშვებას.

პროექტი თებერვლის მეორე ნახევარში ჩაეშვება გაყიდვაში.

„შინ გელოდებიან!“ – როგორ შეიქმნა საქართველოს რკინიგზის კამპანია

ნახეთ: ეტიკეტების შემქმნელი მოწყობილობა უსინათლოებისთვის