30
Nov
2018

ერთი კითხვა, რომელიც ემოციურ ინტელექტს გაგიზრდით

30 Nov 2018

ემოციური ინტელექტი არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ადამიანის მთლიანი ინტელექტისთვის. ის არის სხვების გაგების, ემოციების მართვის შესაძლებლობა. როდესაც საქმე ეხება სხვებთან ხარისხიანი ურთიერთობის შენებას, მნიშვნელოვანია ემპათიურობა, როგორც ემოციური ინტელექტის ნაწილი და შესაძლებლობა, გაიზიაროთ სხვა ადამიანის ფიქრები თუ გრძნობები. აღნიშნული უნარი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის ინტერპერსონალური ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში, სამსახურებრივი ურთიერთობის მიმართულებით შევჩერდებით და გაჩვენებთ, რა კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, იმისათვის, რომ გაზარდოთ საკუთარი ემოციური ინტელექტი და ამასთან, შეძლოთ თანამშრომლებთან ხარისხიანი ურთიერთობის შენება:

statiebi-bog
statiebi-bog

 

რა მიგრძვნია იმის მსგავსი, რასაც ეს ადამიანი აღმიწერს?
ეს ერთი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ სხვებთან მყარი და ღრმა ურთიერთობის შენებაში, თუმცა, რატომ? რატომ აქვს ამ კითხვას გადამწყვეტი როლი? ავტორი ჯასტინ ბარისო, საკუთარ წიგნში The Real-World Guide to Emotional Intelligence, ხაზს უსვამს ამ კითხვის მნიშვნელობას.

პრობლემა მდგომარეობს შემდეგში – ჩვენ გვინდა, რომ სხვებმა გაგვიგონ, თუმცა თვითონ არ შეგვიძლია იგივეს გაკეთება. ბუნებრივად, ადამიანებს გვაქვს ტენდენცია, ორიენტირებული ვიყოთ საკუთარ ინტერესებზე და ხედვებზე. როცა საკუთარ თავს ზემომოყვანილ კითხვას ვუსვამთ, ჩვენ ვცდილობთ სხვა ადამიანის გრძნობები განვიცადოთ. ამასთან, როცა ვინმე ნამდვილად გრძნობს გაგებას, ორმხრივობის ალბათობა იზრდება – ისიც ცდილობს მეტად გაგიგოს.

როდესაც ადამიანი გიზიარებთ ინფორმაციას საკუთარი განსაცდელის შესახებ, ყურადღებით მოუსმინეთ. უარი თქვით სიტუაციისა და ადამიანის განსჯაზე, სცადეთ, დაფიქრდეთ თქვენს პირად გამოცდილებაზე, დაუკავშირეთ ის მოსაუბრეს ნაამბობს, ან შესთავაზეთ პრობლემის გადაჭრა (განსჯის ნაცვლად). კონცრენტრირდით იმის გაგებაზე, თუ როგორ და რატომ გრძნობს ადამიანი ასე თავს.

იმის ილუსტრაციისთვის, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს რეალურ ცხოვრებაში, გაგაცნობთ მაგალითს:

გიორგის აქვს პატარა ბიზნესი. თათია არის მისი ოფისის მენეჯერი და უყვება მას, რომ ძალიან დატვირთულია. ის, საკუთარი ყოველდღიური სამსახურებრივი ვალდებულებების გვერდით, ასრულებს იმ თანამშრომლის სამუშაოსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად წავიდა სამსახურიდან. თათია საკუთარ სამუშაო დღეს „სასტიკს“ უწოდებს.

„არაფერი აქვს საწუწუნო“, – ფიქრობს გიორგი თავისთვის.

ამ სიტუაციაში, შესაძლოა გიორგი განიცდის პერსპექტივის მრავალმხრივობის ნაკლებობას. რა თქმა უნდა, თათიას არ შეუძლია გიორგის წარმოდგენებისა თუ ნორმების მიხედვით ცხოვრება. მით უფრო, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ვერ მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც გიორგი მოელის. ეს სიტუაცია არის საშუალება გიორგისთვის, გამოიჩინოს ემპათიურობა, ფოკუსირდეს თათიას გრძნობებზე, მოცემულ სიტუაციაზე ფიქრის ნაცვლად. თათიამ თქვა, რომ თავს გადაღლილად გრძნობს, ასე რომ, გიორგი ეკითხება საკუთარ თავს:

როდის მიგრძვნია მსგავსი რამ, რასაც თათია მიყვება?

კითხვის პასუხად, ის იხსენებს დროს, როცა მისი ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამდა და ის იყო ძალიან დატვირთული. ზარები, ბუღალტერია, გადახდები – ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს უწევდა და მეტიც, ის აკეთებდა ამ ყველაფერს მისი ძირთადი სამუშაოს პარალელურად. ამის გახსენებით, გიორგიმ შეძლო თანამშრომლის გრძნობების გაზიარება. ამის შემდეგ, ის აღარ ხედავს თათიას წუწუნა თანამშრომლად. ახლა ის ხედავს ადამიანს, რომელსაც უბრალოდ უნდა, საკუთარი საქმე კარგად შეასრულოს და ამაში უფროსის დახმარება სჭირდება.

ამ კითხვამ გიორგის თათიასთვის დახმარების გაწევა შეაძლებინა. შესაძლოა, თათიას უნდოდა დასვენების დღის აღება, ან სხვა თანამშრომლის დაქირავებაზე ზრუნვა. ყველა შემთხვევაში, ეს ყურადღება უფროსისგან თათიასთვის ახალი მოტივაციისა და მეტი მონდომების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

 

ემპათია ღირებული რამაა ყოველდღიურობაში, რადგან ის გეხმარებათ გაიაზროთ და გაიზიაროთ გარემოებები, რომლებიც თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს ეხებათ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა წარსულის ადამიანის გაგებაში. რა თქმა უნდა, თქვენ ვერასდროს შეძლებთ ზუსტად იგრძნოთ ის, რასაც სხვა ადამიანი განიცდის, თუმცა, ეს მცდელობა უფრო ახლოს მიგიყვანთ ემოციური ინტელექტის შემადგენელ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტთან – ემპათიურობასთან და გაგიუმჯობესებთ ურთიერთობებს.

წყარო: Inc.com



განხილვა