in

როგორ უნდა გაუმკლავდეთ სამსახურზე ემოციურ მიჯაჭვულობას?

თუმცა მანამდე, როგორ უნდა ამოიცნოთ იგი?

სამსახურზე ემოციური მიჯაჭვულობის ქონა არც ისე მარტივი საქმეა — თქვენი ენთუზიაზმი და ვნება საქმეების შესრულებისკენ გიბიძგებთ, ხოლო თქვენივე შედეგებზე ზრუნვა კმაყოფილებასა და მნიშვნელობას განიჭებთ… რეალურად კი, ზედმეტმა ემოციურმა კავშირმა შეიძლება სრულიად გამოგფიტოთ.

თანაც, დისტანციური მუშაობის რეჟიმში და ბუნდოვანი საზღვრების არსებობისას პირადი ცხოვრება პროფესიულისგან ნაკლებადაა გამოყოფილი. ამიტომ, არც უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენი კარიერა ჩვენივე იდენტობის განმსაზღვრელი ნაწილი რომ გახდა. შესაძლოა, საკუთარი თავის ორგანიზაციის წარმატებისთვის მიძღვნაში არც არაფერი იყოს არასწორი, პრობლემები კი მაშინ წარმოიქმნება, როცა სამსახური გრძნობებსა და ქმედებებს აკონტროლებს. 

და როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა სამსახურზე ემოციური მიჯაჭვულობა? თუ ამ ნიშნებს დააკვირდებით და მიხვდებით, რომ თქვენთან ახლოსაა, დროა, უკან დახევა დაიწყოთ:

კრიტიკას პერსონალურად იღებთ

შესაძლოა, ცუდი უკუკავშირის მიღების შემდეგ თავს გაბრაზებულად, დაუცველად ან დემორალიზებულად გრძნობდეთ. თქვენი უფროსის კომენტარის გამო კი, რაღაც დღეების განმავლობაში თავი ნაკლებად მნიშვნელოვნად, გვერდით მდგომად ჩათვალოთ ან ისე უსმინოთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს, რომ ნაკლებად პროდუქტიული გახდეთ. როცა სხვა თქვენს მუშაობას აკრიტიკებს, ეს შეიძლება თქვენი ყველაზე ცუდი შიშების დამტკიცებას ჰგავდეს, რომ არ ხართ საკმარისად კარგი…

ამიტომ, სანამ ნაჩქარევ დასკვნებს მიიღებთ, მნიშვნელოვანია, თქვენი სამსახურებრივი და პერსონალური კრიტიკა ერთმანეთისგან განაცალკეოთ. ცადეთ ეს სავარჯიშო, რათა ობიექტურად გაიაზროთ ის, რასაც გეუბნებიან:

აიღეთ ფურცელი და დაყავით 4 ნაწილად. პირველი — ჩამოწერეთ ზუსტად ის, რაც გითხრეს და შემდეგ ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, რომ ამ უკუკავშირის მოწოდებისას არასწორი იყო, მაგალითად უზუსტობები და შეუმჩნეველი წერტილები. მესამე სვეტში კი დაწერეთ ის, რაც შეიძლება პოტენციურად გამოსადეგი იყოს, მოგაწოდეს თუ არა რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელსაც თქვენი მუშაობის ან უნარების გაუმჯობესება შეუძლია? დაბოლოს, მომდევნო ნაბიჯებზე გადადით — შესაძლოა, ყველაფრის უკეთ გასარკვევად ახალი შეხვედრის ჩანიშვნა, რაღაცის ჩასწორება, უბრალოდ ამის მიღება და თქვენი დღის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება დაგჭირდეთ. 

სამსახური სახლშიც მოგყვებათ

თქვენს სამსახურთან დაკავშირებულმა ზედმეტმა ემოციებმა კი შეიძლება, ზედმეტ კომპენსაციამდეც მიგიყვანოთ. ეს იმას გულისხმობს, რომ მეტს მუშაობთ, რათა თავი კარგად იგრძნოთ — თქვენი ღირებულების დამტკიცებას ცდილობთ და ღირებულებას უფრო და უფრო მეტი რაღაცების მიღწევით იმატებთ. ეს კი საკუთარი თავის მიმართ არასწორია, რადგან არ ისვენებთ მაშინ, როცა გჭირდებათ. ამასთან, დღის ბოლოს გამორთვა გიჭირთ და სამსახურს საშუალებას აძლევთ, თქვენს პირად ცხოვრებაშიც შემოიჭრას, მაშინაც კი, როცა სამუშაო საათები დასრულებულია. 

გახსოვდეთ, რომ თქვენს თავდადებას ყოველთვის აქტიურ რეჟიმში ყოფნით ვერ დაამტკიცებთ, პირიქით, ასე თქვენს წარმატებას უთხრით ძირს… ამიტომ, ეცადეთ, ისეთი უნარები შეიმუშაოთ, რომლებიც სამსახურიდან გათიშვაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ეს მოიცავდეს:

  • მაღვიძარას დაყენებას, რომელიც სამსახურის დასრულებაზე მიგითითებთ
  • თქვენი მოწყობილობების სრულად გამორთვას, რათა თავიდან აიცილოთ მასში დაბრუნების ცდუნება
  • შემდგომი დღისთვის შესასრულებელი საქმეების სიის ჩამოწერას 

თქვენ ადამიანებისთვის უარის თქმა გიჭირთ

ეს იმას ნიშნავს, რომ სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებთ. დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ, რადგან, გგონიათ, რომ ხართ გმირი, რომელსაც სიტუაციების გამოსწორება შეუძლია. ეს სხვების ემოციების შეწოვასაც გულისხმობს; თქვენი აზრების შეცვლას, რათა სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თანაც, სხვებს დახმარებას არ სთხოვთ, რადგან ეს სუსტად ან არაკომპეტენტურად გამოგაჩენთ. გაცემული თანხმობა გაფიქრებინებთ, რომ კეთილი ხართ — უბრალოდ, ეს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ურთიერთობების ხარისხის ხარჯზე ხდება…

ცვლილებისთვის კი საკუთარი თავის შეცნობა პირველი ნაბიჯია. ასე რომ, ყურადღება გაამახვილეთ — როდის იღებთ საჭიროზე მეტ პასუხისმგებლობას ან საქმეს პროექტსა თუ ურთიერთობებში? კონკრეტულად, მოძებნეთ ის სივრცეები, სადაც უსამართლობის გრძნობა გეუფლებათ — ანუ, სადაც ზედმეტი შრომა გიწევთ, თავს დაფასებულად არ გრძნობთ ან სხვაგვარად თქვენს ძალისხმევას არ ამჩნევენ. უსამართლობა ძლიერი ემოციური სიგნალია იმისა, რომ თქვენივე მოთხოვნილებებს თრგუნავთ და მას ის კონკრეტული სიტუაციებიც შეუძლია გაჩვენოთ, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. 

თქვენი იდენტობა თქვენი სამსახურებრივი წოდებაა

თუ საკუთარ თავს იმის მიღმა ვერ ხედავთ, რასაც აკეთებთ, ეს ის ადგილი არ არის, სადაც უნდა გაჩერდეთ. თქვენ სამსახურის დაკარგვის შიშით გიწევთ ცხოვრება, რადგან თქვენი თვითღირებულება სწორედ ამასთან გაქვთ დაკავშირებული. დაბალი თვითკომპლექსურობა ან თქვენი იდენტობის კონკრეტულ ასპექტთან დაკავშირება კი მაღალ ემოციურ რეაქციებსა და სტრესისადმი ნაკლებ გამძლეობას იწვევს. 

ხოლო სამსახურისგან მცირე ფსიქოლოგიური დისტანცია დადებითად აისახება თქვენივე კეთილდღეობაზე. ეს არ გულისხმობს სამსახურიდან წასვლას ან ნაკლებ ჩართულობას, უბრალოდ, მსგავსად, თქვენ შეძლებთ, საკუთარი თავი განასხვაოთ იმისგან, რასაც აკეთებთ. დასვით კითხვა: ლიდერის ან მენეჯერის გარდა, ვინ ვარ მე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის?. სამსახურის მიღმა, გააკეთეთ ყველაფერი, რაც გსიამოვნებთ, რათა დამატებითი კომპეტენციის შეძენა შეძლოთ. ეს შეიძლება იყოს ყვავილების ბაღის მოწყობა, ცხოველთა თავშესაფარში მოხალისეობა ან სულაც, კოსმოსში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა. ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, თქვენი სამსახური არის ის, რასაც აკეთებთ და არა მთლიანი ნაწილი იმისა, თუ ვინ ხართ თქვენ…

 

წყარო: HBR



ნახეთ: ბავშვური ხედვით შექმნილი ილუსტრაციები

VENDOO-სა და Visa-ს 2022 წლის შეჯამება