in

უშლის თუ არა ხელს ემოციები გადაწყვეტილების მიღების პროცესს?

ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას…

დღეს ძალიან ბევრი წუხს, რადგან შეცდომებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების გამო უშვებენ… მაგრამ მაინც რატომ ვიქცევით ასე?

pasha-statiebi
pasha-statiebi

როცა ჩვენ რთული და ჩახლართული გადაწყვეტილებების წინაშე ვართ, ანალოგიურ ემოციებსაც განვიცდით ხოლმე. ბევრ ჩვენგანს ეს არაკომფორტული ემოციები არც სიამოვნებს, ამიტომ მასთან გამკლავებას გადაწყვეტილების მიღებით ვცდილობთ. თუმცა ამას ხშირად არც ისე კარგ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ… ჩვენ პრობლემას სრულად ვერ ვჭრით, რაც უარესი ემოციებით მთავრდება, არაპროდუქტიული უკუკავშირია და ჩვენს გადაწყვეტილებას ნეგატიური ემოციებით მუხტავს. 

თუმცა აღნიშნული ემოციები უკეთესი გადაწყვეტილების მიღებისთვის თქვენი საიდუმლო იარაღი შეიძლება იყოს. ეს პროცესი ისეთივე მარტივია, როგორც დროის დახარჯვა, რათა დაადგინოთ: 1. ემოციები, რომლებსაც განიცდით, როცა თქვენი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით 2. ემოციები, რომლებსაც გინდათ, რომ განიცდიდეთ, როცა თქვენს გადაწყვეტილებას სარკიდან შეხედავთ. 

ეს 4-საფეხურიანი სავარჯიშო საშუალებას აძლევს, ჩვენს აზროვნებასა თუ ჯადოქარ ტვინს შეამოწმოს და მისცეს მიმართულება ჩვენივე ემოციებს, რათა რეაქტიული არჩევანი არ გავაკეთოთ. აი, როგორ მუშაობს ის:

1. დაადგინეთ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღება გჭირდებათ

როცა ეკლიანი პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ, ხშირად გრძნობებთან ერთად, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების დახარისხება გვიწევს. ასე რომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის იმის დადგენა, თუ რა გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ. 

მოდით, ჩარლის მაგალითი განვიხილოთ. იმ დროს, როცა დოქტორის ხარისხის მიღებას ცდილობდა, სმენის გაუმჯობესების ტექნოლოგიაც შექმნა. შესაბამისად, ყველაფერი აინტერესებდა, რაც თავის გამოგონებას ეხებოდა, მაგრამ მას არ ჰქონდა ბიზნესის გამოცდილება, თან, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილების წინაშეც იდგა — როგორ გამოიყენებს ის უკვე შეგროვებულ ფულს საუკეთესოდ მისი პროდუქტის ბაზარზე გასატანად? მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შემუშავებისა და ტესტირებისთვის რამდენის დახარჯვა იქნება გონივრული? როგორ უნდა შეაგროვოს დამატებითი თანხები მისი ახალი სტარტაპისთვის?

ჩარლის დამფინანსებლებს სურთ, რომ მან დაასრულოს ტესტირება და შექმნას პროდუქტი საპილოტე პროგრამაში ჩასართავად. ჩარლის კი, თავის მხრივ, სურს, ინვესტორებს მოერგოს… საინტერესოა ისიც, რომ მას ზოგიერთი ინვესტორი თუ მრჩეველი ბიზნეს პარტნიორის პოვნისკენ მოუწოდებდა. გამოდის, გადაწყვეტილება, რომელიც ჩარლიმ უნდა მიიღოს — დაიქირაოს თუ არა თანადამფუძნებელი, რომელსაც ბიზნესში გამოცდილება აქვს?

2. დაადგინეთ, როგორ გრძნობთ იმ გადაწყვეტილების გამო თავს, რომლის მიღებაც გიწევთ 

დააკვირდით თქვენს ემოციებს, როცა დიდი გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობთ — რომელია დომინანტური ემოცია? შიში? სიბრაზე? მოუთმენლობა თუ აღელვება იმ შესაძლებლობის გამო, რომელიც წინ გაქვთ? თქვენი გრძნობები წარსულის გამოცდილებებს ეფუძნება თუ ინფორმაციის სხვა წყაროებს?

ჩვენი გრძნობებისთვის სახელის დარქმევას შეუძლია დაგვეხმაროს ემოციებსა და ქმედებებს შორის პატარა სივრცის შექმნაში. ამ დისტანციის შენარჩუნება საშუალებას გვაძლევს, გამოვცადოთ ემოციები და ვაღიაროთ, რომ მას განვიცდით. ემოციების გადაწყვეტილებაში ჩართვის გარეშე, ის ჩვენს აზროვნებას ჩაანაცვლებს. 

ჩარლის შემთხვევაშიც ასე იყო, იგი მრავალ რამეს განიცდიდა, თუმცა დისტანციის შექმნა, რათა დაედგინა, რომ იგი თავს გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობდა, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს დაეხმარა მას იმის გაცნობიერებაში, რომ, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ის საერთოდ არ იყო გამოუვალ სიტუაციაში, პირიქით, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები გახლდათ. იმასაც მიხვდა, რომ გამოუვალი არასწორი სიტყვა იყო და ის უბრალოდ დისკომფორტს განიცდიდა. ამის დაზუსტება მისთვის თვალების გახელას ნიშნავდა. ახლა კი მას იმის გამოკვლევაც შეეძლო, რის გამოც თავს არაკომფორტულად გრძნობდა. 

3. წარმოიდგინეთ თქვენი წარმატება და თანმდევი გრძნობები

დიახ, წარმოიდგინეთ, რომ წარმატებული გადაწყვეტილება მიიღეთ. როგორ გრძნობთ თავს ახლა? რაღაცის მიღწევის განცდა გაქვთ თუ უბრალოდ შვება მოიპოვეთ? გაქვთ მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულება მომავლისთვის? თქვენი კარიერა განავითარეთ თუ ურთიერთობები გააძლიერეთ?

მაგალითად, როცა ჩარლი თანადამფუძნებლის ყოლაზე ფიქრობს, დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ სხვასთან ერთად გადაწყვეტილების მიღების დროს კონფლიქტი მოხდება. ფიქრობს, რომ უნდა ენდოს იმ ადამიანს, რომელსაც დაიქირავებს, მაგრამ ამასთან, არ სურს იმ ხედვის მფლობელობა გაუზიაროს ვინმეს, რომელზეც ამდენი ხანი ოცნებობდა… დისკომფორტის მიღება კი გარდამტეხი მომენტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს თან ახლდა მას.

4. მიიღეთ ემოციები 

ახლა კი, როცა შეისწავლეთ თქვენი თავდაპირველი გადაწყვეტილება და მისი თანმდევი ემოციები, დაფიქრდით: სწორად ამოიცანით ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებთ? ჩარლის კი სწორედ ემოციების გაანალიზება დაეხმარა იმ ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც კომპანიას სჭირდებოდა — მას კონსულტანტის დაქირავება შეეძლო…

გამოდის, ემოციებისგან გაქცევის ნაცვლად, მათზე დაკვირვებით, სახელის დარქმევითა და გათვალისწინებით, უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

წყარო: HBR



დიჯიტალ ტვ-იმ აბონენტებისთვის მომსახურება კიდევ უფრო გაამარტივა

2023 წლის Dakar-ის რალის Audi უფრო მსუბუქი ელექტრომობილით შეუერთდება