in

ემოციების ჩახშობის ნაცვლად მათი მართვა უნდა ვისწავლოთ

რთული პერიოდი ყველას გვქონია: ემოციური სიცარიელე, მოტივაციის ნაკლებობა, გადაღლა ან ძილის პრობლემები. თანამედროვე სამყაროში ამ ყველაფერს პილატესით, ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობით, ფსიქოთერაპიით, მედიტაციითა და სუნთქვითი ვარჯიშებით შველიან ხოლმე, რაც, გარკვეულწილად, ნამდვილად გვეხმარება. თუმცა ზოგჯერ მაინც რჩება შეგრძნება, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ან საკმარისად კარგად არ ვაკეთებთ. და ბოლოს შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ პრობლემა ჩვენშია.

ჯონი მილერს, ნერვული სისტემის ტრენინგპროგრამა Nervous System Mastery-ს დამფუძნებელს, ამაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი მიდგომით, შესაძლოა, პრობლემა საერთოდ არ იყოს ადამიანში. გადასახედია ის, თუ როგორ ვუდგებით ცნობიერებას, სტრესსა და საკუთარ ემოციებთან ურთიერთობას.

ცნობიერების საზღვრები

მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები და მსგავსი პრაქტიკები სტრესისა და შფოთვის მართვის ეფექტური საშუალებებია. თუმცა მილერი ყურადღებას მათ მეორე მხარეზეც ამახვილებს: თუ ამ პრაქტიკებს ავტომატურად ვიყენებთ, შესაძლოა, ისინი ემოციების ჩახშობის კიდევ ერთ გზად იქცეს.

ანუ შეიძლება მედიტაციას, სუნთქვას ან სხვა ტექნიკას იმისთვის კი არ ვიყენებდეთ, რომ საკუთარ ემოციებს უკეთ გავუმკლავდეთ, არამედ იმისთვის, რომ საერთოდ აღარ ვიგრძნოთ ისინი. დაახლოებით ისე, როგორც ზოგჯერ ადამიანი ალკოჰოლის მიღებას, არაჯსანსაღ კვებას ან ტელეფონში უსასრულო სქროლვას იწყებს არასასიამოვნო განცდებისგან თავის დასაღწევად.

ეს არ ნიშნავს, რომ მილერი მედიტაციის წინააღმდეგია. პირიქით, ის მას ძალიან ღირებულ პრაქტიკად მიიჩნევს. თუმცა, მისი აზრით, არსებობს რისკი, რომ მედიტაციამ ან თვითრეგულაციის სხვა მეთოდებმა ადამიანს საკუთარი ემოციებისგან დისტანცირება ასწავლოს. თუ პრობლემა მუდმივად იგნორირებულია, ის არსად ქრება. რაღაც ეტაპზე მაინც გვიწევს იმ ემოციებთან დაბრუნება, რომელთა განცდასაც თავიდან ავარიდეთ თავი.

ადამიანის ნერვულ სისტემას ემოციური რეაქციის დროებით „დაბლოკვა“ და გადადება შესანიშნავად შეუძლია, მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ეს დროებითი მექანიზმი მუდმივ მდგომარეობად იქცევა. ასეთ შემთხვევაში ადამიანში შეიძლება დაგროვდეს უამრავი ბოლომდე გადაუმუშავებელი ემოციური რეაქცია, რაც, საბოლოოდ, დაღლილობის, ენერგიის ნაკლებობისა და მუდმივი გადატვირთულობის განცდას აძლიერებს.

სწორედ აქ ჩნდება მილერის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია „შეკუმშვა“. მისი აზრით, თავად ემოცია ხშირად არცისე დიდხანს გრძელდება. პრობლემა ისაა, რომ მის წინააღმდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვიბრძვით: ვცდილობთ, არ ვიგრძნოთ, დავივიწყოთ ან რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ.

მილერის მეთოდი კი სწორედ იმის სწავლას გულისხმობს, თუ სად და როგორ ვლინდება ემოციები სხეულში და როგორ შეიძლება მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად მათი განცდა და შემდეგ გაშვება.

მისი პროგრამა სამ ძირითად უნარზეა აგებული:

პირველი არის ინტეროცეფცია – საკუთარი სხეულის შიდა სიგნალების უკეთ შემჩნევა. მაგალითად, იმის გაცნობიერება, რომ კონკრეტულ სიტუაციაში გული გიჩქარდებათ, კუნთები გეჭიმებათ, სუნთქვა გეცვლებათ ან მუცელში დაძაბულობას გრძნობთ.

მეორეა თვითრეგულაცია – სხეულზე დაფუძნებული ტექნიკების გამოყენება, მაგალითად, სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეცვლაში გვეხმარება. აქ მთავარი განსხვავება ისაა, რომ სტრესიდან გამოსვლას მხოლოდ საკუთარ თავთან საუბრისა და „დადებითი აზროვნების“ გზით არ ცდილობთ, სხეულთანაც მუშაობთ.

მესამე და ყველაზე რთული უნარი კი “ემოციური მოქნილობაა”. ეს ნიშნავს, რომ ემოციის კონტროლისა და დისტანციიდან მართვის ნაცვლად, ადამიანს შეუძლია ის რეალურად შეამჩნიოს, მიიღოს და განიცადოს.

როდესაც ემოციას ჩახშობის ნაცვლად საშუალებას აძლევთ, ბუნებრივად „გაიაროს“, შედეგი ბევრად მეტია.

მილერის მიდგომა იმითაც განსხვავდება, რომ ის ადამიანებს ერთსა და იმავე რუტინას არ სთავაზობს. პირიქით, მისი აზრით, თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გამოცდილება თავად უნდა გამოიკვლიოს და სხვადასხვა პრაქტიკა მოსინჯოს.

მთავარი იდეა კი მარტივია: სტრესისა და რთული ემოციების მართვა ყოველთვის არ ნიშნავს მათ ბოლომდე გაქრობას. ზოგჯერ უკეთესი შედეგი შეიძლება მოგვცეს იმის გაცნობიერებამ, რას ვგრძნობთ, სად ვგრძნობთ და რატომ ვეწინააღმდეგებით ამ განცდას.

წინანდლის მამულში შემოდგომის სეზონი ახალი გამოფენით გაიხსნა

ავტოაუქციონი ბათუმში – წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები