in

როგორ ვმართოთ ჩვენი ემოციები? — 8 რჩევა

M2
M2

ახალი წლის გეგმები, ალბათ, უკვე თქვენც ჩამოწერეთ, თუმცა შეგიძლიათ მასში იპოვოთ რაიმე ისეთი, რითაც თქვენი ემოციური კეთილდღეობა გაუმჯობესდება? დიახ, ვარჯიში და სწორი კვება კი ყველას გვხვდება ჩამონათვალში, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ხშირად გვავიწყდება… ამიტომ, ახლა, მოდით, იმ სტრატეგიებზე ვისაუბროთ, რომლებიც თქვენი გრძნობების მართვასა და მენტალური ჯანმრთელობის დაცვაში დაგეხმარებათ.

თუმცა მანამდე The Chelsea Psychology Clinic-ის თანადამფუძნებლის ელენა ტოურონის სიტყვებს გაგიზიარებთ:

ემოციური ჯანმრთელობა ჩვენს უნარს ეხება, შევამჩნიოთ, გავიაზროთ და ვმართოთ ჩვენი ემოციები დაბალანსებული გზით. ეს ემოციებთან შესაბამისობაში ყოფნაა, მათზე პასუხის გაცემა ჯანსაღი გზით, სტრესსა თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავება… ემოციური სიჯანსაღე რთული სიტუაციებიდან გამოსვლის უნარსაც მოიცავს, კეთილდღეობის შენარჩუნებასა და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვებთან.

ახლა კი რჩევებზე გადავიდეთ და გავიგოთ, როგორ ვმართოთ ემოციები:

1. დააწესეთ ემოციების მიზანი 2025 წლისთვის

სიმართლე რომ ვთქვათ, ახალი წლის გეგმები ძირითადად ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ რას იტყვით ემოციურ სიჯანსაღეზე? უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი გრძნობები მნიშვნელოვანია და დროც უნდა დავუთმოთ ამ გრძნობების აღმოჩენას. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის მანძილზე საკუთარ თავს ნებისმიერი ემოციის განცდის საშუალება უნდა მივცეთ და ეს მხოლოდ ბედნიერებას არ უნდა ეხებოდეს… ასე საკუთარ თავთან და სხვებთან თავს ჰარმონიაში ვიგრძნობთ.

2. იმუშავეთ საკუთარი თავის თანაგრძნობაზე

საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა ზოგჯერ რთულია, თუმცა ცოტათი ზრუნვითაც კი დიდ საქმეს გააკეთებთ. აქ ფსიქოლოგიაში Mindfulness-ის სახელით ცნობილი ტექნიკა გამოგადგებათ, სტრესსაც შეამცირებს და შფოთვასაც — ყოველ დღე რამდენიმე წუთი საკუთარ თავს დაუთმეთ, ღრმად ისუნთქეთ და გააცნობიერეთ მომენტები. ასე ემოციების რეგულირებას შეძლებთ. რთულ დროს საკუთარი თავისადმი კეთილგანწყობაც უმნიშვნელოვანესია. გახსოვდეთ, ნორმალურია, თუ რთულ ემოციებს განიცდით და არც სრულყოფილება მოგეთხოვებათ.

3. გახსოვდეთ სწორად სუნთქვა

როცა რაღაც გამოწვევის წინაშე ხართ, რაც უნდა დიდი ან პატარა იყოს ის, სუნთქვის ტექნიკების კონტროლი ნერვული სისტემის დარეგულირებაში, კორტიზოლის დონეების შემცირებასა და სეროტონინის გამოყოფაში დაგეხმარებათ. ჰაერის ნაკადის გაუმჯობესებითა და სტრესის შემცირებით სუნთქვითი ვარჯიშები ენერგიას გმატებთ, მენტალურ სიცხადეს გაძლევთ და სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს. თუმცა, თუ ჯერ არ იცით, საიდან დაიწყოთ, The Breath Space-ის დამფუძნებელი ჯეიმი კლემენტსი 4-4-8 ტექნიკას გირჩევთ — ჩაისუნთქეთ 4 წამი, შეიკავეთ სუნთქვა კიდევ ოთხი წამი და ამოისუნთქეთ 8 წამის განმავლობაში.

4. ჩადეთ ინვესტიციები იმ ადამიანებში, რომლებიც გაბედნიერებენ

დაფიქრდით, რა განიჭებთ სიამოვნებას, დასთან ერთად ყავის დალევა თუ მეგობრებთან ერთად აუზზე წასვლა — მხარდამჭერი ურთიერთობების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია თქვენი ემოციური კეთილდღეობისთვის, უფრო ზუსტად, იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებსაც თქვენი ესმით და გაფასებენ. 

5. განივითარეთ ჯანსაღი რუტინები

რეგულარული რუტინა უნდა ჩამოიყალიბოთ, რაც მოიცავს ვარჯიშს, კარგ ძილსა და რელაქსაციის დროს ემოციური ჯანმრთელობის დასაბალანსებლად. გამკლავების სტრატეგიების დადგენასაც ეხება, იქნება ეს დღიურის გაკეთება, სანდო ადამიანთან საუბარი, ჰობის წამოწყება თუ სხვა რამ, რომელთაც მაშინ მიმართავთ, როცა სტრესის დონეები მაღალი იქნება. 

6. არ შეაკეთოთ ნეგატიური ემოციები

უნდა გააცნობიეროთ, რომ ნეგატიური ემოციები ცხოვრების ნაწილია, მაგრამ იმის სწავლა, თუ როგორ მართოთ ისინი, ემოციური სიჯანსაღის გასაღებია. ამ ემოციების გააზრება პირველი ნაბიჯია, ოღონდ არც მისგან გაქცევა და არც გამოსწორება შეეცადოთ ძალიან სწრაფად. ამ დროს უბრალოდ დახმარება ითხოვეთ მეგობრისგან ან, თუნდაც, თერაპევტისგან.

7. თავი აარიდეთ ემოციებისთვის იარლიყების მინიჭებას

ის, თუ როგორ შევხედავთ ემოციებს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. კარგს ან ცუდს კი ნუ უწოდებთ, არამედ შეხედეთ, როგორც შეტყობინებას. თქვენი გრძნობების განსჯას მოერიდეთ და ამას მეტი ცნობისმოყვარეობით შეხედეთ. ასე იმასაც გაიგებთ, თუ რა გჭირდებათ რეალურად, რაც გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ და საზღვრების დაწესებაშიც. 

8. იყავით მომთმენი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებში

რაღაც დიდი ცვლილება ხდება თქვენს ცხოვრებაში? სამსახური შეიცვალეთ? ახალ ადგილზე გადახვედით საცხოვრებლად თუ რაღაც პირადი ამბავია? მთავარი აქ საკუთარი თავისთვის დროის მიცემაა, რათა გაიაზროთ, რომ ცვლილებებს მრავალი ემოცია ახლავს თან. აქ კი მნიშვნელოვანია, მოქნილი და მომთმენი იყოთ თქვენი თავის მიმართ. ამ ცვლილების პოზიტიურ ასპექტებზე ფოკუსირდით და იმაზე, თუ რისი სწავლა შეგიძლიათ მოცემული მდგომარეობიდან როგორც პერსონალური, ისე პროფესიონალური განვითარებისთვის. ხოლო ამაზე საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი ესმით, პროცესს გაგიმარტივებთ. გახსოვდეთ რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ და თქვენი ენერგიაც იქითკენ მიმართეთ, რაზეც თავად ხართ პასუხისმგებელი.

რა ცვლილებებია Instagram-ზე და როგორ ემსგავსება ის TikTok-ს

კვლევა: ემუქრებათ თუ არა გრაფიკოსდიზაინერებს AI-თ ჩანაცვლება?