ემოციურ ინტელექტზე ბევრჯერ კი დაგვიწერია, იმაზეც, თუ რას აკეთებენ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები და რა სარგებელი მოაქვს ამას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე მხარე — იმის ცოდნა, რას არიდებენ თავს ადამიანები, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ. ამიტომ, ახლა თქვენს ყურადღებას შემდგომ 6 საკითხზე გავამახვილებთ:
ნეგატიური ადამიანები
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პირები თავს არიდებენ ნეგატიურ ადამიანებს. მართალია, ხანდახან ყველას გვჭირდება ჩვენი იმედგაცრუებების გამოხატვა, მაგრამ როცა ეს მუდმივად გრძელდება, უკვე წუწუნს ემსგავსება, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს ჩვენსავე მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კი ხვდებიან, რომ სხვების წუწუნმა მათი ენერგია შეიძლება, შთანთქას, ამიტომ, როგორც კი ასეთ პირს ამოიცნობენ, თავს არიდებენ და ცდილობენ მასთან ძალიან ცოტა დრო გაატარონ.
შედარება
თვითშემეცნება ემოციური ინტელექტის საფუძველია, რაც უფრო მეტად ვიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო აღარ გვაინტერესებს სხვა ადამიანების მოლოდინები ჩვენ მიმართ, მეტად ვცხოვრობთ ბედნიერი ცხოვრებით და აღარც თავს ვადარებთ სხვებს.
წარსულის შეცდომებზე მიჯაჭვულობა
ემოციურად ინტელექტუალური ადამიანები იაზრებენ, რომ წარმატებას თან ახლავს რისკები და კომფორტის ზონიდან გასვლასაც მოითხოვს, ამიტომ, არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რაღაც შეცდომებმა თავდაჯერებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები იაზრებენ იმ ფასს, რომელსაც მიზნის მისაღწევად იხდიან. შესაძლოა, ყოველთვის ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები თითქმის სულ ახერხებენ, მარცხის შემდგომ რაღაც ხელახლა დაიწყონ.
საზღვრების გადაკვეთა
ეს ადამიანები იმითაც გამოირჩევიან, რომ მკაფიო საზღვრებს ავლებენ, იცავენ მას და ხვდებიან, როცა ვინმე გადაკვეთს. დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ადამიანები, რომლებთანაც ჯანსაღ ურთიერთობას ინარჩუნებენ, პატივს სცემენ ამ საზღვრებს. ხოლო, როცა ასე არ ხდება, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები, მსგავს ინდივიდებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ. აი, მაშინ კი, როცა ამ საზღვრებს ოჯახის წევრები ან კოლეგები კვეთენ, ისინი რაც შეიძლება ცოტა დროის გატარებას ცდილობენ მათთან…
თანხმობის თქმა ხშირად
ადამიანები, რომლებიც ისეთ რაღაცებს თანხმდებიან, რაც რეალურად არ სურთ, ხშირად საკუთარ თავთან იმედგაცრუებას გრძნობენ, როცა მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პირები პირდაპირ ამბობენ არას იმაზე, რაც არ სურთ. ეს საკუთარი ღირებულებებით ცხოვრებად შეგვიძლია ვთარგმნოთ, რაც ადამიანის ქმედებებსა და რწმენებს განაპირობებს.
ნოსტალგია
რაღაც კარგი ამბების გახსენება, რომელიც თავს გადაგვხდენია, ყველას გვიყვარს, ეს გვეხმარება კიდეც და თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ცდილობენ, ამას თავი აარიდონ — ახალ მიზნებს საზღვრავენ და ახალ გზებსაც ეძებენ, რათა თავიანთი ცხოვრება მეტად მხიარული გახადონ, მეტი მნიშვნელობაც შემატონ მას. ისინი მთელი ცხოვრება სწავლის რეჟიმში არიან, რადგან სურთ, უფრო მეტს მიაღწიონ. ამიტომ ბოლომდე ცნობისმოყვარეები რჩებიან, რათა გაიგონ, რას სთავაზობს ცხოვრება მათ…