ემოციური ინტელექტი სხვა ადამიანების ემოციებისა და მოტივაციების მართვასა თუ გაგებას ეხება. შესაძლოა, ლიდერის წარმატებისთვის ემოციური ინტელექტის ქონა ყოველთვის საჭირო არ იყოს, მაგრამ ამ უნარის ნაკლებობა ნამდვილად გაართულებს საქმეს — სხვა ადამიანებს ხშირად არ სურთ თქვენთან მუშაობა, პროექტებში ჩართვა ან დამატებით რაღაცების კეთება, რათა თქვენ წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ. ის, რასაც გააკეთებენ, მხოლოდ თქვენი ავტორიტეტის გამო იქნება…
კარგი კი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ, ემოციური ინტელექტის უნარები გაიუმჯობესოთ. ისეთი პროგრამა, როგორიცაა, მაგალითად, Human Dimensions of Organizations სწორედ ამგვარი სწავლებისთვის შეიქმნა. თუმცა პირველი ნაბიჯი ამ პროგრამების აღმოჩენა კი არა, იმის გაცნობიერებაა, რომ თქვენ დამატებითი ტრენინგი გჭირდებათ. აქ კი იმ სამ გამაფრთხილებელ ნიშანს გაგიზიარებთ, რომლებზე მუშაობაც ემოციური ინტელექტის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მოულოდნელი რეაქციები
ემოციური ინტელექტის მთავარი ელემენტი იმის გააზრების უნარია, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს კონკრეტულ სიტუაციებში და შემდგომში ამის გამოყენება მათივე მიზნებისა და მოტივაციების უკეთ დასაკმაყოფილებლად. როცა მსგავსი მგრძნობელობა გაკლიათ, თქვენ ხშირად აკეთებთ და ამბობთ ისეთ რამეებს, რაც უარყოფით რეაქციებს იწვევს სხვებში, იქნება ეს იმედგაცრუება თუ სიბრაზე…
ისიც მართალია, რომ ყოველთვის ყველასთვის სიამოვნების მინიჭებას ვერ შეძლებთ და თუ ამას მაინც დაისახავთ მიზნად, შეგვიძლია გარანტია მოგცეთ, რომ თქვენი პროფესიული ცხოვრება ძალიან გართულდება… სანაცვლოდ, იმის გაგებისკენ უნდა მიისწრაფოდეთ, სავარაუდოდ, ვის გააღიზიანებს თქვენი ქმედებები. ამგვარად, მათ მომზადებასაც მოახერხებთ იმ შედეგებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, არ მოეწონოთ ან სულ მცირე, მომზადებული მაინც დახვდებით მათ საჩივრებს.
და თუ ხშირად თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან უარყოფით რეაქციებს მოულოდნელად მიიღებთ, ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ მათი სურვილებისა და საჭიროებების გააზრება ვერ შეძელით. ხოლო მაშინაც კი, როცა ეს მოსალოდნელია, თუმცა მათი გამომწვევი მიზეზი არ იცით, ეს კვლავ იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენთვის ემოციური ინტელექტის ტრენინგი სასარგებლო იქნება.
მუდმივი მარცხი
თუ ლიდერულ პოზიციაზე გადასვლის ამბიცია გაქვთ, თქვენი მიზანი დაწინაურების კანდიდატთა სიაში მოხვედრა უნდა იყოს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი არ ხართ მათ შორის, ვისაც ეს სურს. აქ თქვენი კონკურენტები თქვენი კოლეგები შეიძლება იყვნენ ან თუნდაც, ადამიანები თქვენი ორგანიზაციის გარეთ.
ლიდერულ პოზიციაზე გადასასვლელად, გარკვეული იმედგაცრუებებისთვის უნდა მოემზადოთ. უნდა გაიაზროთ, რომ, შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თქვენი სურვილი სხვას აუხდება. აქ კი, თუ ნებისმიერ ლიდერთან გასაუბრებას ცდით, აღმოაჩენთ, რომ მათ შეუძლიათ დაგისახელოთ რამდენიმე პოზიციაც კი, რომლითაც დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ ვერ მიიღეს…
თუ მუდმივად არ გიმართლებთ, სავარაუდოდ, არსებობს გარკვეული უნარები, რომელთა გაუმჯობესებაც გჭირდებათ. აქ კი კარგი იქნება, კონკრეტული რჩევები მიიღოთ იმ ადამიანისგან, რომელსაც ენდობით და შეგიძლიათ გულწრფელად ესაუბროთ თქვენს ცოდნასა და უნარებში არსებული ხარვეზების შესახებ. მართალია, ყოველთვის არ გეტყვიან, რომ ეს ხარვეზი თქვენს ემოციურ ინტელექტში იმალება, მაგრამ სანაცვლოდ, მიიღებთ უკუკავშირს, რომ ადამიანებს უჭირთ თქვენთან მუშაობა, წუხან იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, როგორ აუმაღლებთ მოტივაციას გუნდს. ეს ყველა ის საკითხია, რომლის გამოსწორებაც ემოციური ინტელექტის ტრენინგებს შეუძლია.
თქვენი თხოვნების უარყოფა
იმისათვის, რომ ორგანიზაციაში კონკრეტულ შედეგებს მიაღწიოთ, რესურსები გჭირდებათ, შეგიძლიათ დახმარება, ფული ან დრო სხვა ადამიანებს სთხოვოთ. დიახ, სანამ ლიდერულ პოზიციაზე არ იქნებით, სხვების თანხმობა დაგჭირდებათ, რათა მიიღოთ რესურსები, რომლებიც პროექტის განსახორციელებლად გჭირდებათ…
კარგი პროექტის შეთავაზება კი ემოციური ინტელექტის ბევრ უნარს მოითხოვს. ორგანიზაციაში სხვა ადამიანების მიზნები უნდა გაიაზროთ და აჩვენოთ, როგორ დაეხმარება თქვენი პროექტი მათ თავისივე მიზნების მიღწევაში. პროექტისთვის მხარდაჭერა მთავარი აქციონერებისგანაც უნდა მიიღოთ. უნდა დაამყაროთ ახლო კავშირები ადამიანებთან, რათა პროექტში მათთვის საინტერესო საკითხების პოვნაში დაგეხმარონ, რაც, თავის მხრივ, მათაც გაუჩენს მონაწილეობის სურვილს. თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როდის თვლიან სხვა ადამიანები პროექტს სარისკოდ, რათა მათზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ.
თუ ამ საკითხებიდან რომელიმეში „ჩაიჭრებით“, დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ თქვენი კოლეგები კონკრეტული პროექტის განხორციელებაში არ დაგეხმარებიან. ემოციური ინტელექტის ნაკლებობისას, ხშირად მოგიწევთ იმის გამეორება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტი და რატომ არის აუცილებელი მისი შესრულება… თუმცა კონკრეტული პროექტების ღირსებებიც ინტერპრეტაციის საკითხია და თუ თქვენ პროექტისთვის მოტივირებული მხარდამჭერები არ გყავთ, ისინი ყოველთვის იპოვიან მიზეზებს, რომ ამ პროგრესის მიღწევაში არ დაგეხმაროთ.
დაწინაურების შემთხვევაშიც კი, არ უნდა მოელოდეთ, რომ ყველა პროექტს, რომელსაც ვინმეს შესთავაზებთ, ყოველთვის თანხმობა მოჰყვება… მაგრამ, როცა აღმოაჩენთ, რომ ყველა თქვენი ძალისხმევა, რომელიც ახალი რაღაცების ცდისკენ არის მიმართული, უგულებელყოფილია, ეს კარგ ნიშნად უნდა ჩათვალოთ იმისა, რომ მოკავშირეები არ შეგიძენიათ. გამოდის, ემოციური ინტელექტის უკეთესი უნარების შეძენა დაგეხმარებათ, უფრო მეტი ადამიანი ჩართოთ თქვენს პროექტებში.