in

რატომ არის ემპათია ლიდერობის უმნიშვნელოვანესი უნარი

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ტექნოლოგიას ფენომენალური სისწრაფით შეუძლია მონაცემების დამუშავება, კანონზომიერებების ამოცნობა, კითხვებზე პასუხის გაცემა და რთული ანგარიშების მომზადება. ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანის სტატუსი აზრს კარგავს, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერ გუნდზე უფრო ზუსტი ინფორმაციის წამებში მოძიება და გაანალიზება შეუძლია. თუმცა არსებობს ფუნდამენტური ასპექტი, რაც ალგორითმებს არ გააჩნიათ: ტექნოლოგიას არ შეუძლია სხვებზე გულწრფელად ზრუნვა და მათი მოსმენა.

ემპათია სხვა ადამიანის ემოციური გამოცდილების შემჩნევისა და განსაზღვრის უნარია მისივე პერსპექტივიდან. საუბარია ზუსტ ნეიროფიზიოლოგიურ უნარზე, რომლის სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. ამის მაგალითია კალიფორნიის ციხეებში პატიმართა გადამზადების მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც ემპათიის სწავლება ძალადობის აღკვეთის, დაძაბულობის განმუხტვისა და ნერვული სისტემის რეგულირების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

აი, ძირითადი მიმართულებები, სადაც ემპათიის ხელოვნურ ინტელექტზე გადაბარება შეუძლებელია.

დაფასება და აღიარება

თანამშრომლები კომპანიას ყოველთვის ანაზღაურების, სამუშაო დატვირთვის ან კარიერული წინსვლის შეფერხების გამო არ ტოვებენ. გაცილებით ხშირად წასვლის მიზეზი დაფასებისა და აღიარების ნაკლებობაა.

ამ მხრივ ნიშანდობლივია შემთხვევა, როდესაც ოცწლიანი მუშაობის შემდეგ თანამშრომელმა ხელმძღვანელობისგან მადლობის წერილი მიიღო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. ტექნიკურად დამსახურება აღინიშნა, თუმცა პირადი, გულწრფელი სიტყვების არარსებობამ ადამიანს დაფასების განცდა სრულად დაუკარგა. ფორმალური შეტყობინება ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანურ მადლიერებას.

ურთიერთობების შენება

სამუშაო ადგილი მხოლოდ იმ ამოცანების შესასრულებელი სივრცე არ გახლავთ, რაშიც ადამიანები ანაზღაურებას იღებენ. აქ ყალიბდება სოციალური კავშირები და ურთიერთობები, რომლებიც ხშირად ოფისის საზღვრებს სცდება.

ტექნოლოგიას შეუძლია უზარმაზარი ინფორმაციის მოწოდება, თუმცა ამ მონაცემების ეთიკურად და შედეგიანად გამოყენებას, ნიუანსებისა და კონტექსტის გააზრებას ადამიანური გამოცდილება სჭირდება. სწორედ ჯანსაღი ურთიერთობები ეხმარება გუნდის წევრებს საკუთარ საქმიანობაში აზრისა და მიზნის პოვნაში.

ნდობის ფაქტორი

ნდობა ის ფუნდამენტური საფუძველია, რომლის გარეშეც უსაფრთხო, ინკლუზიური და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა წარმოუდგენელია. ნდობა აძლევს ადამიანებს გამბედაობას, თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი და წავიდნენ გააზრებულ რისკზე, რადგან იციან, რომ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში ხელმძღვანელი მათ გვერდით დადგება.

ნდობის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი დრო სჭირდება, მისი დანგრევა კი წამიერად არის შესაძლებელი. ადამიანები ბუნებრივად მიისწრაფვიან კავშირებისკენ, ნდობა კი თანდათანობით, საკუთარი განცდების გაზიარებითა და იმ რწმენით იგება, რომ ეს გახსნილობა მათთვის უსაფრთხო იქნება. ეს ემოციური პროცესი პირდაპირ ეყრდნობა ემპათიის უნარს, ხელოვნურ ინტელექტს კი ემოციების მხოლოდ იმიტაცია შეუძლია და არა მათი განცდა.

გაგება და მხარდაჭერა

ემპათია ადამიანებს ეხმარება საკუთარი და სხვების შინაგანი მდგომარეობის გააზრებაში, მზრუნველობით პასუხსა და უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნაში. ემოციების გაგებით ადამიანი უკეთ აცნობიერებს, როგორ აღიქვამენ მას გარშემომყოფები და რატომ შეიძლება სხვები განსხვავებულად ფიქრობდნენ ან გრძნობდნენ.

საუკეთესო ტექნოლოგიებზე წვდომაზე მეტად, ლიდერებს სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ როგორ დაამყარონ კონტაქტი გუნდთან, მოიპოვონ ნდობა და გახსნან ადამიანების შესაძლებლობები. ამ საფუძვლის გარეშე მოწინავე ტექნოლოგიებიც კი ვერ მოიტანს სრულ სარგებელს.

წლების შემდეგ სამუშაო გამოცდილებიდან ადამიანებს არა გამოყენებული ტექნიკა და ალგორითმები, არამედ ის ხელმძღვანელები ამახსოვრდებათ, რომლებმაც მათში მანამდე შეუმჩნეველი პოტენციალი დაინახეს. დასამახსოვრებელი რჩება კოლეგებთან შექმნილი მეგობრობა და კავშირები. ტექნოლოგიური ტრენდები მუდმივად შეიცვლება, ადამიანური ურთიერთობები კი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩება.

წყარო: Fastcompany

SPRIBE-ის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ეტაპი – მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება Aviator-ის საქმეზე

წინანდლის მამულის ღვინოების გამორჩეული კოლექციის პრეზენტაცია