24
Apr
2018

როგორ გავუგოთ თანამშრომელს, რომელიც ძალიან გვაღიზიანებს?

24 Apr 2018

როდესაც თანამშრომელი გაღიზიანებთ, ერთი შეხედვით, ყველაზე ბუნებრივი გამოსავალი, მისგან თავის შორს დაჭერაა. თუმცა, ხშირად, ასეთი მიდგომა სიტუაციას მხოლოდ ართულებს. როგორ გავუმკლავდეთ მსგავს სიტუაციას?

pasha-statiebi
pasha-statiebi

რას ამბობენ ექსპერტები
ბევრს გვყოლია თანამშრომელი, რომელიც გვაღიზიანებს. შეიძლება ეს ურთიერთობის მის სტილს უკავშირდება, ან უხეშია, შესაძლოა, ყოველთვის აგვიანებს თათბირზე. ამავდროულად, არის პროექტები, რომელიც მოითხოვს გუნდურ მუშაობას და რიგ სიტუაციებში, აუცილებელია თანამშრომლობა ყველაზე გამაღიზიანებელ თანამშრომლებთანაც კი. თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, გამოსავალი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, – გამოვიყენოთ ემპათია და დაბალანსებული, სწორად მიმართული მიდგომა რთულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თანამშრომელი არ ეცდება თქვენთან “შეწყობას”. ის ყველაფერს საკუთარი გადმოსახედიდან აღიქვამს. როდესაც ვინმეს, თავისი ქცევით, ჭკუიდან გადაყავხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ მაქვს ასეთი რეაქცია? შესაძლოა, თქვენი რეაქციის მიზეზი არც იყოს ეს ადამიანი, მაგალითად, გახსენებდეთ რაღაცას, რაც თქვენ ძალიან არ მოგწონთ. გააცნობიერეთ, რომ საკუთარი ფსიქოლოგიური მოცემულობის გააზრება დაგეხმარებათ სხვა ადამიანის გაგებაში. მთავარი მიზანია, განივითაროთ თანაგრძნობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე
მოუხმეთ ემოციურ თვითკონტროლსა და ნებისყოფას. როდესაც თქვენი კოლეგა გვიან მოდის, გაწყვეტინებთ საუბარს ან უბრალოდ, არასასიამოვნოდ იქცევა, თქვენ ფიზიკურ დონეზე გაქვთ რეაქცია. დააკვირდით, როგორია ეს რეაქცია: გიჩქარდებათ გული, იმატებს ტემპერატურა, გიოფლიანდებათ ხელის გულები? თუ ამ სიმპტომებს აყვებით, რისკავთ, შეაფერხოთ რაციონალურად აზროვნების უნარი. ამის მაგიერ, რამდენჯერმე ღრმა ჩაისუნთქეთ. ეს დაგეხმარებათ სტრესის ჰორმონებთან გამკლავებაში და საკუთარი ემოციების კონტროლშიც. ამავდროულად, თქვენივე უნარი – შეინარჩუნოთ სიმშვიდე რთულ სიტუაციაში, ხასიათს გამოგიკეთებთ.

ემპათიის ორი ტიპი არსებობს: კოგნიტური, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ სხვა ადამიანის პოზიცია, მოსაზრება და ემოციური, რომელიც გვეხმარება სხვა ადამიანის თანაგრძნობაში. როგორც წესი, ორივე ტიპის ემპათია “იკეტება”, როდესაც გაღიზიანებული ან იმედგაცრუებული ხართ.
კოგნიტური ემპათიის განსავითარებლად, დავფიქრდეთ: რატომ ფიქრობს ის ადამიანი ისე, როგორც ფიქრობს ან საუბრობს ისე, როგორც საუბრობს? რა ამოძრავებს, რა აღელვებს ან შთააგონებს მას? გადით საკუთარი აღქმიდან და ეძებეთ მიზეზები მის კულტურულ გარემოში, განათლებაში, ოჯახურ სიტუაციასა და ყოველდღიურობაში, რაც მას უბიძგებს, მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ეს არ ნიშნავს, რომ დაეთანხმოთ იმაში, რასაც ეწინააღმდეგებით, ეს ნიშნავს, მიიღოთ ადამიანი.
ემოციური თანაგრძნობისთვის, მოუძებნეთ კოლეგას რამე ისეთი, რაშიც ის საჭიროებს მზრუნველობას. წარმოიდგინეთ, რომ ის 6 წლის ბავშვია. ისიც ადამიანია, შეიძლება აქვს სტრესი ან წნეხის ქვეშ გრძნობს თავს, იქნებ, უბრალოდ, ცუდი დღე ჰქონდა ან ცუდი პერიოდი. ამასთან, არაა აუცილებელი, იყოთ მისი ფსიქოლოგი და ჩაუღრმავდეთ მის ბავშვობას. უბრალოდ, უნდა მიხვიდეთ იმ კონდიციამდე, რომ მას გაუგოთ.

დააკვირდით, რა გაქვთ საერთო?
კოგნიტური და ემოციური თანაგრძნობის დახმარებით, უკეთ გაიცანით ეს ადამიანი. განსხვავებებზე მეტად, დაუკვირდით, რა გაქვთ საერთო? თუნდაც, მცირედი – შესაძლოა, თანატოლები ხართ, ან იმ უბანში ცხოვრობს, რომელსაც კარგად იცნობთ. გამოიყენეთ ეს ბერკეტები საუბრის გასაბმელად. სხვა თუ არაფერი, ისაუბრეთ სამსახურზე.

იყავით კეთილგანწყობილი
როდესაც ურთიერთობთ ადამიანთან, რომელიც არ მოგწონთ, ხშირად მეტ ყურადღებას აქცევთ ცუდს და ეს ნეგატიურად აისახება კომუნიკაციაზე. შეეცადეთ, შეცვალოთ ეს მდგომარეობა. გააკვირვეთ, უთხარით კომპლიმენტები, როდესაც ის რაიმე იდეას გამოთქვამს ან ინიციატივას გამოიჩენს. ნუ გააკეთებთ ამას ძალით. თუმცა, ადვილი ნამდვილად არ არის. თავაზიანობა თქვენთვისაც კარგი იქნება და თქვენი კოლეგისთვისაც.

არ გაექცეთ რთულ საუბარს
დიახ, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია, მაგრამ თუ თქვენ გრძნობთ დაძაბულობას, დიდი ალბათობით, ისიც ამავეს განიცდის. ამიტომ, უმჯობესია, თუ ისაუბრებთ ერთობლივად მუშაობაზე, ეს მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და საქმისთვისაც.

რეკომენდებულია:
მოიკრიბეთ ძალისხმევა, რომ გაიგოთ და გაიაზროთ თქვენი კოლეგის მოსაზრება და ემოცია.
გამოიჩინეთ კეთილგანწყობა და თანაგრძნობა იმ კოლეგის მიმართ, რომელიც გაღიზიანებთ.
ისწავლეთ, აღიქვათ შეგრძნებები, რომლებსაც მოიცავს თქვენი რეაქცია.
ისუნთქეთ ღრმად და იყავით მშვიდად.

არავითარ შემთხვევაში:
არ მიიღოთ თქვენი თანამშრომლის ქცევა პირადულად. ამის მაგიერ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ვრეაგირებ ასე?
არ ჩაიციკლოთ განსხვავებებზე. ამის ნაცვლად, მოძებნეთ საერთო.
არ აარიდოთ თავი საუბარს კოლეგასთან, ვისთანაც მუშაობთ. თუკი ის გაღიზიანებთ, იქნებ, თქვენც ასევე იქცევით?

მომზადებულია HBR-ზე დაყრდნობით.



განხილვა